ინგუშეთში აქციის მონაწილეებმა საქართველოსთან შეერთების მოთხოვნა უარყვეს

  • რეზონანსი
  • 15 ოქტომბერი 12:20, 2018 წელი

ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში საპროტესტო გამოსვლა გრძელდება და ვითარება თანდათან იძაბება.

ჩეჩნეთისათვის მიწების გადაცემის მოწინააღმდეგეებს 15 ოქტომბრამდე აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან აქცია შეთანხმებული. შაბათს მათ ამ ვადის 10 დღით გაგრძელება მოითხოვეს, თუმცა ხელისუფლება მხოლოდ 2 დღეზეა თანახმა.


შესაბამისად, აქცია 17 ოქტომბრის შემდეგ უკანონოდ ჩაითვლება და შეიძლება მაგასის ცენტრში შეკრებილები დაარბიონ კიდეც.


„რეზონანსთან" საუბრისას პოლიტიკურმა ექსერტმა მამუკა არეშიძემ განაცხადა, რომ ეს კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას.


„მე ეჭვი მეპარება, რომ დღეს ინგუშეთის ხელისუფლებას იმის ძალა ჰქონდეს, რომ ეს ხალხი დაშალოს, რადგან ამ ხალხის დაშლა გამოიწვევს უფრო ძლიერ ექსცესებს ინგუშეთში და არც იმას გამოვრიცხავ, რომ იარაღიც იყოს გამოყენებული ხალხის მიერ.


„შემდეგ რა მოხდება, რთული სათქმელია იმიტომ, რომ ამ წუთში ძალოვანი სტრუქტურების ერთი ნაწილი მომიტინგეების მხარეზეა. მე არ ვიცი, თუ ხელისუფლება დააპირებს ამ მიტინგის დაშლას, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას. ვიცი, რომ კულუარულად ხელისუფლება აქტიურად მუშაობს უხუცესებთან, ტეიპების (კლანების) ხელმძღვანელებთან, რათა რაღაცნაირად მოახერხოს ამ მიტინგის დაშლა, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი არ გამოსდის", - აღნიშნა ექპერტმა.


არეშიძემ „რეზონანსთან" ისაუბრა იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ინგუშთა ნაწილმა, ამ აქციის პარალელურად, რუსეთისაგან გამოყოფისა და საქართველოსთან შეერთების იდეა წამოაყენა. მისი თქმით, ასეთმა იდეამ სოციალურ ქსელებში მართლაც გაიჟღერა, თუმცა, აქციის მონაწილეთა უმრავლესობამ იგი უარყო, რადგანაც ამ ეტაპზე საკითხის ასე დაყენება კონტრპროდუქტიულად მიაჩნიათ.


„ეს არ იყო მომიტინგეების ოფიციალური პოზიცია. რამდენიმე ადამიანმა სოციალურ ქსელში დაწერა ამის შესახებ, მაგრამ საზოგადოების დიდმა ნაწილმა ამას წინააღმდეგობა გაუწია. მათი თქმით, ეს გამოიწვევს სიტუაციის სხვა სიბრტყეში გადატანას და აქციის მონაწილეები ვერ შეინარჩუნებენ იმ მიდგომებს, რომელიც დღეს აქვთ.


„მიდგომები კი ასეთია: ისინი არავის წინააღმდეგ არ არიან - არც ჩეჩნეთის, არც ცენტრის. ისინი გამოდიან თავიანთი ხელისუფლების წინააღმდეგ. მოითხოვენ ხელისუფლების გადადგომას და იმ ხელშეკრულების გაუქმებას", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

წყარო: რეზონანსი