მოტაცებული 17 წლის გოგონას ოჯახს გამტაცებლის მშობლები სახლში მიუვარდნენ და ფანჯრები ჩაუმტვრიეს

  • რეზონანსი
  • 14 ოქტომბერი 16:36, 2018 წელი

სოფელ იორმუღანლოში სახლიდან გატაცებულ 17 წლის გოგონას ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.

შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მეთერთმეტე კლასელი გოგონა მოიტაცეს.


გოგონას ბიძა კაზაფარ მამედოვი „რეზონანსთან" ყვება, რომ ორი უცნობი პირი სახლში იმ დროს შევარდა, როდესაც გოგონა მარტო იმყოებოდა. ხელები და პირი შეუკრეს , ძალით ჩასვეს მანქანაში და მიიმალნენ. ბიძის ინფორმაციით, დაკარგულ გოგონას გუშინ ექვსი საათიდან ეძებენ, თუმცა არანაირი კვალი არ ჩანს.


მამედოვი ამბობს, რომ შემდეგ გაარკვიეს, რომ ბიჭი, რომელმაც გოგონა მოიტაცა, მათი თანასოფლელია. 25 წლის ბიჭის მშობლები კი მათ აქეთ ედავებიან.


„სახლში მოულოდნელად შეცვივდნენ. ალბათ უთვალთვალებდნენ მშობლები სახლში იყვნენ თუ არა. როდესაც დაინახეს, რომ დედა და მამა ფერმაში წავიდნენ, მაშინ შევარდნილან სახლში.


„ხელები და პირი გაუკრეს, რომ არ ეყვირა და მეზობლები არ მიხმარებოდნენ. მანქანაში ჩაუსვიათ და გაიქცნენ.


„გოგონა სკოლის მოსწავლეა, ბიჭი კი ჩვენი სოფლელია, 25 წლის არის. მშობლებს ვეკითხებით რატომ გააკეთა ასე და არ ვიცითო, არაფერს არ ამბობენ. ვეძებთ გუშინ ექვსი საათიდან და მათი არანაირი კვალი არ ჩანს. ყველას ვთხოვთ დახმარებას.


„გოგონა სკოლაში კარგად სწავლობდა, მას არც კი იცნობდა. პოლიციის იმედი გვაქვს, იქნებ მათი კვალი იპოვნოს. ასეთ რამ ვის გაუგონია - სახლში შევარდნა და ბავშვის ასე წაყვანა ეს რას ნიშნავს?", - აცხადებს „რეზონანსთან" გატაცებული გოგონას ბიძა.


გატაცებული გოოგნას ახლობელი ლინევ ლისაევი აცხადებს, რომ გოგონას პოვნაში ბიჭის ოჯახი არ ეხმარებათ. პირიქით, ისინი აგრესიით გამოირჩევიან და გოგონას მშობლებს აქეთ ემუქრებიან.


ლისაევი ამბობს, რომ მათ სახლში ბიჭის ოჯახის წევრები მიუცვივდნენ, ფანჯრები ჩაუმტვრიეს და სახლის დაწვით ემუქრებოდნენ. ამის მიზეზი კი, სავარუდოდ, ლისაევას აზრით, ის ფაქტი გახდა, რომ ოჯახმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართა.


„იმის ნაცვლად, რომ ოჯახი გოგონას პოვნაში დაგვეხმაროს აქეთ მოგვივარდნენ და გვემუქრებოდნენ. სახლში ფანჯრები დაგვილეწეს და ამბობდნენ, რომ სახლს დაგვიწვავდნენ. პირდაპირ ასე გვემუქრებოდნენ.


„გოგონა სკოლის მოსწავლეა, კარგად სწავლობს და მას არ სურს გათხოვება. წარმოდგენაც არავის ჰქონდა ამ ბიჭს თუ ასეთი განზრახვა ექნებოდა.


„არც კი ვიცნობთ ნორმალურად ვინ არის. მხოლოდ ის ვიცით, რომ ჩვენი სოფლელები არიან. პოლიციას ვთხოვთ, რომ მის მოძებნაში რაც შეიძლება სწრაფად დაგვეხმაროს. ფაქტია, რომ ეს ხალხი ნორმალური არ არის. ზუსტად ვიცით, რომ მას არც კი იცნობს", - აცხადებს გატაცებული გოგონას ახლობელი.


შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეზონანს" განუცხადეს, რომ გატაცებული გოგონას სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. პოლიცია გოგონას კვალს ამ დრომდე ეძებს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კი უწყებაში აცხადებენ, რომ საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით აღიძრა, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

წყარო: რეზონანსი