"მა, შენი პატარა გოგონა ახლა სულ დაღლილი ქალია..." - ნინო ნეკერიშვილის ლექსები

  • facebook.com
  • 4 ოქტომბერი 23:41, 2018 წელი

ნინო ნეკერიშვილი — ქართველი პოეტი და მთარგმნელი. დაიბადა ქ. თბილისში. დღეს დილით მოულოდნელად გარდაიცვალა 34 წლის ასაკში. (1984 - 2018 )

წარმოგიდგენთ მის ლექსებს:


მამას


მა,
მუხლზე სული შემიბერე,
ეზოში ხელი მკრეს, დავეცი.
თოვლზე დახატული ბაჭია
ჩემი ბავშვობისკენ გაიქცა.


მა,
შენი პატარა ნინუცა,
ახლა სევდიანი ქალია,
იმდენჯერ დაუშვა ხელები
უღონოდ... იმდენის ვალი აქვს...


მა,
შენი გულისთვის რამდენი
ვითმინე, რამდენსაც ავიტან...
გამიშვი... უფლება მომეცი
ზეციურ მამასთან წავიდე.


მა,
შენ ხომ იცი რა ძნელია,
ყოველთვის იარო სწორი გზით...
გამიშვი, რომ გზები ამებნეს
და ისევ ჩვენს სახლში მოვიდე...


მა,
შენი პატარა გოგონა
ახლა სულდაღლილი ქალია.


ევოლუცია


ჩემს წითურ თმაში გაიხლართე,
როგორც მახეში,
მსუნთქავ და გიპყრობს არომატი
ველური კენკრის,
და შენ – ტომების მბრძანებელი,
ჩვევაუხეში,
ჩემს ალერსს,
როგორც ჩიტი - მაყვალს,
მსუბუქად კენკავ.


მე ვიცი –
ასე მშვიდად გავა ათასი წელი,
(დრო ხავსგამოკრულ გამოქვაბულს
ვიდრე დაამხობს,)
უბრალოებას შევეჩვევით
დროში გაწელილს:
მე ვუდარაჯებ ცეცხლს და სითბოს,
შენ მოკლავ ხოხობს...


და რა თქმა უნდა,
გვიპოვნიან ერთ დილას, მზიანს,
და რა თქმა უნდა,
დაგვარქმევენ რატომღაც სახელს,
მეცნიერები,
მე ვიქნები ყველასთვის მზია,
შენ ალბათ ზეზვა,
ჩვენს ძვლებს ნახავს სულელი ხალხი


და ეგონებათ ამერიკა აღმოაჩინეს...
უსახელოდ კი ჩვენ ცხოვრება
მარტივი გვქონდა,
შენ მე მიცავდი, მე კი ვკრეფდი
პიტნას და ქონდარს,
რომ სისუსტისას
ჩემებურად გადამერჩინე...


ჩემს წითურ თმაში თავი ჩარგე,
ვნების მახეში,
მერე რა, თუკი
უკვდავება მართლაც მითია,
დროს თუ აქვს სახე,
ხელთათმანი ვტყორცნოთ სახეში
და ერთმანეთით დავტკბეთ,
სანამ ცეცხლი გვინთია.


წვიმიანი დღის პროპორციები


პროპორციები: სამი ერთზე. შაქარი, ყავა,
თლილი ფინჯანი ფაიფურის. მშვიდია დილა.
დარეკეს. რისთვის ვუპასუხე – შენ არ იყავი...
ამ დროს შენ გძინავს, ღამე დაგცხა და გადახდილი
ჩაცურდა შენი ლოგინიდან საბანი ქვევით,
გძინავს გვერდულად. ვინ გაიგებს, რა გესიზმრება.
ვაითუ, ასე გამიცივდე – გიკიცხავ ჩვევებს,
ყავა გაცივდა უგემურად, რუხმა ფიქრებმა
ხასიათიც კი გამიფუჭეს... რუტინის დროა,
გარეთ ცივა და გადმოხტომით თავებს იკლავენ
წვიმის წვეთები, გამჭირვალე გულების გროვა,
ასკდება ასფალტს. შენ კი გძინავს და თავქვეშ მკლავი
ისე საყვარლად ამოიგე, ბავშვი ხარ თითქოს...
არ ვჩივი ქვეყნად სულ არაფერს, ოღონდაც მყავდე
ასეთი მშვიდი. და კვლავ, რადგან სხეული ითხოვს,
პროპორციები: სამი ერთზე. შაქარი, ყავა.


არმაზი


ცოტაც გაუძელი და ავედით...
ქარი აქ ყოველთვის თავხედია,
ოღონდ მაინც უნდა მომეყვანე-
შეხედე აქედან რა ხედია!
ფოთლებს ქარიც არა, სიო არხევს
და ცელქი ბავშვივით წინ მიგვირბის,
უნდა გაგახარო, დამაცადე,
მინდვრის ყვავილების გიწნავ გვირგვინს.
არმაზი ასე საოცარი
არმაზობებზეც კი არ ყოფილა,
ნეტავ სიბერეში წამლის ნაცვლად
ამ დღის მოგონება მამყოფინა!


ფონი


ტუჩებს როგორი მეხსიერება ჰქონიათ,
ნოსტალგია აქვთ ყოველ შეხების შენის,
თუ არ დავმალავ, ხალხისგან, მე ამ ფორიაქს,
გაზაფხულდაო, ღიმილებს დამიშენენ.


გაზაფხული კი, ამ ვნების მხოლოდ ფონია
(მესალბუნება ფერად ყვავილთა გამა),
ტუჩებს როგორი მეხსიერება ჰქონიათ,
რომ შეუყვარდი, ერთი შეხების გამო.


ჩემოდანი


გუშინ მომადგა მოგონება - სევდის მაყარი,
ხანჯლების თაღში გამატარა, როგორც გელინო...
სხვისთვის მჭირდება- შემოვტეხო ძველ კაბას ბოლო
და უთქმელადაც გაგაგებინო -


არ მომიწონებს კირკიტა და აშარი თვალი,
სულ სხვანაირი სათქმელია ვიცი, მოდაში...
მომენატრაო -
დედის ხელმა ამოალაგა
ჩემი ბავშვობა - ჩაკეცილი ერთ ჩემოდანში.


სასაცილოა


სასაცილოა...
გვენატრება ზოგჯერ ტკივილი
იმდენად,
ლამის დავეძგეროთ საკუთარ მაჯებს
კბილით საჯიჯგნად...
მოთამაშის აზარტი ახლავს
მაზოხიზმის სენს...
ხოლო დოზა თავად განსაჯეთ.
მაგრამ...
იცვლება ყველაფერი.
და ყველა ფერი
რომელიღაცა ტონალობის
არის შემცვლელი -
როცა იზომებ ყელზე მარყუჟს
და სუნთქვას იკრავ,
უფლის წყალობად - შეგაჩერებს
უფსკრულთან მცველი...
ჰოდა, ნუ ჩქარობ!
საფეთქელთან ყოფნა-არყოფნით
დატენილ რკინით რად ეხები
სახის რბილ ოვალს?
სიკვდილი,
როგორც სამსახურში წასული ქმარი,
დაიგვიანებს,
მაგრამ ბოლოს თავისით მოვა.


უსათაურო


პირველ ხელფასივით უდარდელად
ვფლანგავ ნიჭს, წვრილად ვახურდავებ,
ძნელი ყოფილა, ვეღარ ვუძლებ
საკუთარ თავთან “ახვრულ” დავებს..
მიგორავს, გზადაგზა ჭუჭყს იმატებს,
რის შალის? დარდების გორგალია,
ვერაფრით თავი ვერ დავაღწიე
სულის და სხეულის ორ გალიას.
მესამე გზა მაინც არ არისო
ადამიანად არსებობის
ცრუ ხმით მანუგეშებს ბილწი ეშმა -
სულზე მეკიდება ასე ობი.
არა, აღარ მინდა გაგრძელება!
ასეთი ნიჭისაც არ მწამს რამე,
საკუთარ ლექსებს ზურგს შევაქცევ -
როგორც სიმახინჯის პანორამებს.
პირველ ხელფასივით უდარდელად
გვფლანგავ სიცოცხლის მე იმ წამებს...
უფალო! პირველი აპრილია,
გეხუმრე! მე მხოლოდ შენ გიწამე.


მზის გახსენება


საღამოს,
როცა გადამფრენი ფრინველებივით
ჩემი ფიქრებიც გაჰყვებიან საფრენ ბილიკებს,
მე ვიგრძნობ დაღლას.
ბედია, ალბათ, რომ მაქილიკებს,
ხოლო იმედის არქიპელაგს
ნისლები ფარავს...
მზე კი, ცხრათვალა, მახსოვს დიდი,
ძალიან დიდი,
როცა ალერსით
ცხელი ხელი გაყინულ შუბლზე
(მომაწვდინა და)
დამაფარა - როგორც პატარას.


ფიქრი


ფარფატებს დილა,
წამწამებზე შერჩენია საღამოს ნაშთი,
ქვიშის საათში იწრიტება რებუსი დროის,
როცა არ გტკივა,
როცა გულგრილ ცხოველად დარჩი,
შენთან სიკვდილიც მოვალეობის გამო მოდის.


მონატრება


შეჩვეული საუბრების გადაჩვევა...
ღამე, ცრემლის ჩაბრუნება უპეებში...
ვიცი, რომ არ მოიშლიდი შენს ძველ ჩვევებს -
მე დამტოვე, ახლა სხვების უბეთ ერჩი...
გადასახლდნენ ის პეპლები ამ მუცლიდან
შენს ნაბიჯს რომ აყოლებდნენ ფრთების ფარფატს...
შენს კოცნებსაც აბა, რაღა გამოცვლიდა -
სამუდამო სასჯელივით შეუფარდებ.
დავიცალე, დავიღალე, დავიშალე...
არაფერი აღარ შემრჩა შენზე წმინდა...
ნეტავ ახლა, გასათბობად (ნაცვლად შალის)
ყელთან ცხვირით, შენს სურნელში გამარინდა...


გადაწყვეტილება


ვიცი ზოგჯერ ვხდები აუტანელი,
ზოგჯერ ტაქტის გრძნობაც ურცხვად მღალატობს,
ბოლოს, როგორც სექტემბერში მდინარე
ვუბრუნდები ჩემს ბუნებრივ კალაპოტს.


ვუბრუნდები და სირცხვილი ისე მწვავს
როგორც ცეცხლი თონეს, ანდა საკირეს,
უნდა დავტკბე დარჩენილი ცხოვრებით!
დეპრესიის აწი დედაც ვატირე.


ალქაჯი


ჭიაკოკონობას არულის ძახილით
სულში გვაფურთხებენ ვნებიან ალქაჯებს,
მარგო დედოფალო, იხსენებთ იმ ღამეს?
სატანის მეჯლისზე მკვდრებმა რომ დაგტანჯეს?
მარგო დედოფალო გახსოვთ? თქვენ გემოსათ
სიშიშვლის ავხორცი და ტკბილი სამოსი...
და თვითონ ვოლანდი თავაზით გაწვდიდათ
სისხლ-ღვინოს, იმ თავისქალაში ჩამოსხმულს.
მე მაშინ ამემღვრა ჭკუა და გონება,
მე მაშინ ვითხოვე ალქაჯად დარჩენა,
უბრალო მოკვდავის უბრალო ცხოვრებას
ვარჩიე ლპობა და ზეცაში აფრენა.
მარგო დედოფალო! სამარე ცივია,
ცხელ ვნებებს უკვე ხომ ვერავინ მიოკებს,
ღამით წამოვდგები, ქალაქში დავძრწივარ
არ ვუფრთხი ღამურებს, ვირთხებს, ბუკიოტებს...
მარგო დედოფალო! შევმცდარვარ ძალიან
და უკვდავ ალქაჯს მშურს მოკვდავი ქალების,
როცა თბილ ლოგინში კოცნიან საყვარლებს
და ნეტარებისგან უელავთ თვალები.
ქალად დამაბრუნეთ, ეს ცეცხლი მწადია!
ვედრებით კვლავ თქვენსკენ მე ვიწვდი თხელ მაჯებს...
ჭიაკოკონობას არულის ძახილით
სულში გვაფურთხებენ ვნებიან ალქაჯებს.


ნინა სტარკ-ნე­კე­რი.


 

სრული ვერსიის ნახვა facebook.com