სიყვარული გაქრა - ერთად სიცილის უნარი სიყვარულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანია

  • თბილისელები
  • 3 ოქტომბერი 18:20, 2018 წელი

როგორ გავიგოთ, გაიარა თუ არა სიყვარულმა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საკმაოდ რთულია, მაშინაც კი, როდესაც საუბარია საკუთარ გრძნობებზე.

თუმცა, ფსიქოლოგებმა დიდი ხანია, განსაზღვრეს სიყვარულის დასასრულის მომასწავებელი რამდენიმე ძირითადი ნიშანი:


* ურთიერთშეხების არქონა – შეყვარებული ადამიანები ხშირად ეხებიან ერთმანეთს. გარშემო მყოფებს ზოგჯერ აღიზიანებთ კიდეც შეყვარებულთა მსგავსი ქცევა. ადამიანები, რომელთაც ერთმანეთის მიმართ გული გაუცივდათ, ურთიერთშეხებას გაურბიან. ისინი, უბრალოდ, ერთ ბინაში ცხოვრობენ და ძალაუნებურად უწევთ ახლო კონტაქტი.


* უპატივცემულობა – პარტნიორის მიმართ პატივისცემის დაკარგვა სხვადასხვანაირად შეიძლება გამოვლინდეს. მაგალითად, პარტნიორები კამათისას და ურთიერთობის გარკვევისას ურთიერთშეურაცხყოფაზე გადადიან და ცდილობენ, ერთმანეთს „წელსქვევით დაარტყან“ და მტკივნეულად „დაჭრან“. გარდა ამისა, თუ წყვილმა ურთიერთპატივისცემა დაკარგა, მეუღლის ნებისმიერ მოქმედებას – პროფესიულ საქმიანობას თუ სახლში მუშაობას – უარყოფითად აღწერენ და ცუდ შეფასებას აძლევენ. ქმრები დასცინიან ცოლების კულინარიულ შესაძლებლობებს, ცოლები კი – მასხრად იგდებენ ქმრების კარიერას.


* წვრილმანებზე საყვედურები – განსხვავებით შეყვარებულებისგან, რომლებიც მხოლოდ „ვარდისფერი სათვალეებით“ ხედავენ თავიანთი ოცნების საგანს, სიყვარულის „გადავლის“ მერე, პარტნიორები არა მხოლოდ მშვენივრად ამჩნევენ პარტნიორის ნაკლს, არამედ იმ „ცოდვებსაც“ მიაწერენ, რომლებიც არ გააჩნიათ. ერთმანეთის მიმართ საყვედურის საბაბი ხდება ყოველგვარი სისულელე – გაურეცხავი თეფში, საწოლის ქვეშ დატოვებული წინდები ან გასაღები, რომელიც უადგილო ადგილას დევს.


* არ მიმართავენ ერთმანეთს რჩევისთვის – თუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას ცოლ-ქმარი აღარ ეთათბირება ერთმანეთს, ეს უტყუარი ნიშანია იმისა, რომ მათ ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა. შეყვარებული ადამიანი ყოველთვის მოუყვება თავის მეორე ნახევარს იმის შესახებ, რა მნიშვნელოვანი საკითხის წინაშე დგას. თუ არ მოუყვა, თუ რჩევა არ ჰკითხა, სიყვარული დასრულებულია.


* იუმორის გრძნობის დაკარგვა – ხუმრობებზე ერთად სიცილის უნარი სიყვარულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანია. თუ ადამიანს მსუბუქად ჩაცინებაც კი არ შეუძლია იმ ანეკდოტის მოსმენისას, სიცილით რომ კლავს მის მეორე ნახევარს, ეს უტყუარი ნიშანია იმისა, რომ რაღაც რიგზე ვერ არის. სიყვარულის გაქრობასთან ერთად ქრება პარტნიორისადმი გულწრფელი თანაგრძნობის უნარიც. – უნარი, რომ შეიცოდო მეუღლე, თუ მანქანის გასაღები დაკარგა ან პერანგზე ყავა გადაესხა.


* საიმედოობის განცდის დაკარგვა – შეყვარებულ მეუღლეებს არასოდეს ეპარებათ ეჭვი, რომ ერთმანეთისთვის საიმედო საყრდენს წარმოადგენენ. ქალი თავის გვერდით ყოველთვის გრძნობს მამაკაცის ძლიერ მხარს. კაცი ოჯახს აღიქვამს ადგილად, სადაც ყოველთვის შეუძლია, უსიამოვნებებსა და პრობლემებს დაემალოს, სადაც შეიბრალებენ და თანაუგრძნობენ. როდესაც სიყვარული ქრება, დაცულობის შეგრძნებაც აღარ არის.


 

წყარო: თბილისელები