ვინ არის დავით ბაშარული, რომლის შესახებ პრემიერმა გაეროში ისაუბრა

  • რეზონანსი
  • 29 სექტემბერი 14:05, 2018 წელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ახსენა შემთხვევა, რომელიც 4 წლის წინ მოხდა და თავისი ტრაგიკულობით ტატუნაშვილის ამბები ანალოგია.

საუბარია დავით ბაშარულზე, რომელიც 2014 წლის 4 ივლისს ოკუპირებული ახალგორის მილიციის თანამშრომლებმა განყოფილების შენობაში წაიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 2015 წლის 5 იანვარს კი გარდაცვლილი იპოვეს.


ბახტაძემ ეს ამბავი იმის საილუსტრაციოდ ახსენა, რაოდენ მძიმე ვითარებაა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.


„რეზონანსი" აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „რადიო თავისუფლების" ჟურნალისტს გოგა აფციაურს გაესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ერგნეთში ქართული მხარე დავით ბაშარულის გარდაცვალების საკითხს ყოველთვის აყენებს და ის, რასაც რუსული მხარე მას სთავაზობს, რომ საქმე აღძრულია თვითმკვლელობის მუხლით, სარწმუნოდ არ მიიჩნევს. მისი თქმით, ოსური მხარე ექსპერტიზის შედეგის გადმოცემას აფერხებს.


„დავით ბაშარულის თემა განიხილება ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრების ფარგლებში. ქართული მხარე მუდმივად აყენებს ბურუსით მოცული გარდაცვალების შეთხვევას.


„ცნობილია, რომ ბაშარული დაკავებული ჰყავდა ახალგორის მილიციას. ამბობენ, რომ თითქოს შემდეგ ბაშარული გაათავისუფლეს და დაახლოებით 6 თვის მერე იგი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.


„რუსულმა მილიციამ მოკვლევა თვითმკვლელობის მუხლით დაიწყო. არც ოჯახის წევრებსა და არც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ეს სარწმუნოდ არ მიაჩნდათ. ოსური მხარე ექსპერტიზას ატარებდა და მხარეებს შორის კამათის საგანი გახდა ბევრი საკითხი ამ ექსპერტიზის დასკვნის შესახებ.


„საბოლოო ჯამში კი ქართული მხარე ისევ ითხოვს ეს ექსპერტიზის შედეგები საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ მიიღოს ოსური მხარე ისევ აჭიანურებს და რაღაც პრობლემებს ქმნის. ახლა კი საერთოდ ჩაშლილია ეს შეხვედრები.


„ბოლო შეხვედრა ჩაიშალა იმის გამო, რომ ქართულმა მხარემ არჩილ ტატუნაშვილის ექსტერპიზის ბიუროს მონაცემების დაყრდნობით მოითხოვა მისი შინაგანი ორგანოების გადმოცემა, როგორც ვიცით, ქართულ მხარეს მხოლოდ ფრაგმენტები გადმოსცა რუსულმა მხარემ," - აღნიშნა მან.


მისი თქმით, რუსული მხარის მოთხოვნაა, საქართველომ დღის წესრიგიდან სრულიად ამოიღოს დავით ბაშარულის გარდაცვალების საკითხი და ბოლო შეხვედრა სწორედ ამის გამო პროტესტის ნიშნად დატოვა.


„ახლა ჩიხია ერთგვარი, პროცესი გაჭედილია, მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს და არავინ იცის როგორ გაგრძელდება ეს პროცესი. საქართველოს ხელისუფლებას, რუსულ მხარესა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთს შორის შუამავალია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ეუთოს წარმომადგენელი. მათზეა დამოკიდებული რამდენად შეძლებენ მხარეები დაითანხმონ მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ," - განაცხადა გოგა აფციაური.

წყარო: რეზონანსი