რატომ ვერ მოხვდა დეკანოზ გიორგი მამალაძე შეწყალებულთა სიაში?

  • რეზონანსი
  • 27 სექტემბერი 13:00, 2018 წელი

შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბრიფინგი ჩაატარა.

როგორც ქორიძემ თქვა, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს შეწყალების მორიგი აქტი გამოსცა და 111 მსჯავრდებული შეიწყალა.


მისივე ინფორმაციით, შეწყალებულ პირთაგან 42 დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებებს. მათგან 3 ქალი და 1 არასრულწლოვანია.


ვადიანი ან უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 69 პირს, მათ შორის 4 ქალი და 6 არასრულწლოვანია.


შეწყალების კომისიამ სულ 866 საქმე განიხილა, მათ შორის იყო დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დეკანოზის საქმე განსაკუთრებული წესით განიხილეს, რადგან მას არ აქვს მოხდილი სასჯელის ნახევარი, აუცილებელი იყო რომ სხდომას კომისიის წევრთა 3/4 დასწრებოდა და ყველა მათგანი ერთ პოზიციაზე შეთანხმებულიყო, თუმცა კონსესუსი ვერ შედგა.


,,გიორგი მამალაძის საქმეს კომისია განიხილავდა განსაკუთრებული წესით, რადგან მას არ აქვს მოხდილი სასჯელის ნახევარი, ამას ითვალისწინებს შეწყალების პროცესის დებულება.


ამ წესის თანახმად, კომისიას უნდა ესწრებოდეს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი და დადებითი რეკომენდაცია უნდა მიიღოს სრულმა შემადგენლობამ, ანუ ყველამ, ვინც ესწრება კომისიის სხდომას.


გიორგი მამალაძის საქმის განხილვისას კომისიის წევრთა სრული კონსენსუსი არ შედგა და პრეზიდენტს, შესაბამისად, დადებითი რეკომენდაცია კომისიამ ვერ მისცა. პრეზიდენტმა კომისიის პოზიცია გაიზიარა", - აღნიშნა ზვიად ქორიძემ.


რაც შეეხება ივანე მერაბიშვილს, კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კომისიას ივანე მერაბიშვილის საქმე არ განუხილავს, რადგანაც მას განცხადება შეწყალების თაობაზე, რომლის საფუძველზეც დაიწყებოდა შეწყალების პროცედურა, არ დაუწერია.

წყარო: რეზონანსი