მოდი ავირჩიოთ მამაკაცი...

  • თბილისელები
  • 24 სექტემბერი 18:27, 2018 წელი

გაცნობა, შეყვარება, მოლოდინები, ოცნება და... განშორება. მერე კიდევ იგივე. ზოგიერთი ქალი, სურვილის მიუხედავად, ვერ ახერხებს ოჯახის შექმნას.

რა თქმა უნდა, მიზეზები არსებობს. ნებისმიერი ქალი ოცნებობს ისეთ ადამიანს შეხვდეს, რომელიც მთელი ცხოვრება მის გვერდით იქნება. მაგრამ მათი მთავარი შეცდომა ისაა, რომ ცხოვრების თანამგზავრს გონებაში არსებული სტერეოტიპების მიხედვით „ხატავენ“. რაც ამახინჯებს რეალურ სურათს და ქალებს აიძულებს, სიყვარულის ილუზია დაიჯერონ.


თითქმის ყველა ქალი ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეხვედრია „შეუფერებელ“ მამაკაცს. თუმცა, მხოლოდ მათი მცირე ნაწილი აკეთებს დასკვნებს, აცნობიერებს, რომელი ტიპის პარტნიორს უნდა მოერიდოს, ხოლო ნაწილი კი ჯიუტად იმეორებს იმავე შეცდომას. ასეთი საქციელის მიზეზი ქალების ქვეცნობიერში იმალება.
სადღაც, ღრმად, არსებობს სერიოზული ურთიერთობისა და ოჯახის შექმნის შიში. ხშირად, სწორედ ის მართავს ქალების ქცევას და უბიძგებს მათ, შეიყვარონ ის, ვინც არ უნდა შეიყვარონ.
ახლო ურთიერთობის შიშის მიზეზი რამდენიმეა:


* მშობლების ოჯახში არსებული პრობლემა – ოჯახური სკანდალები, მამის უხეშობა;


* მოზარდობისას არსებული კომპლექსი, აზრები – „მე სიყვარულის ღირსი არ ვარ“, „არ შემიძლია კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება“, „არავის ვაინტერესებ“ – ხელს უშლის მამაკაცის მიმართ ინტერესის გაჩენას;


* ადრეულ ასაკში სიყვარულში განცდილი მარცხი ზოგიერთი ადამიანის სულში მოუშუშებელ იარას ტოვებს, რაც ხელს უშლის მომავალ სიახლოვეს.


ქალებს, რომლებიც არ ემზადებიან სერიოზული ურთიერთობისთვის, ადვილად უყვარდებათ მიუწვდომელი იდეალები: ესტრადის ვარსკვლავები, ლექტორები, მკურნალი ექიმები, ინტერნეტ-მეგობრები... ზოგჯერ ასეთი ქალები ხვდებიან შესაფერის მამაკაცს, მაგრამ ხელს კრავენ მას.
როგორ მოიქცეთ?


* იმედგაცრუება გამოწვეულია შინაგანი შიშით, მოიშორეთ აზრი, რომ ყველაფერში მართალი ხართ და მშვიდად მოიძიეთ უთანხმოების მიზეზი;


* გააანალიზეთ, საიდან გაჩნდა პრობლემა, წარსულში რა გახდა მისი წარმოქმნის საფუძველი. გადახედეთ სხვადასხვა პარტნიორთან ურთიერთობას. თუ აღმოაჩენთ, რომ მათში ერთი და იგივე სცენარი მეორდება, გააკეთეთ დასკვნები;


* შეცვალეთ მოვლენების ტრადიციული განვითარება. შეცდომის არსში გარკვევის შემდეგ იმოქმედეთ – მკაცრად გააკონტროლეთ თავი და აირჩიეთ ურთიერთობის მოგვარების სხვა გზა.


თუ სიყვარული გაქრა


ერთ დილას ვიღვიძებთ და აღმოჩნდება, რომ მამაკაცი, რომელიც ერთ დროს უგონოდ გვიყვარდა, წლების განმავლობაში უახლოეს და უძვირფასეს ადამიანად მიგვაჩნდა, აღარ გვიყვარს.


ეს აზრი უცებ არ მოდის, ის გონებაში თანდათან მწიფდება, რასაც წინ უძღვის ან მრავალრიცხოვანი კინფლიქტები ან ყოფითი პრობლემები, ასევე, წყენები და იმედგაცრუებები. როგორ განვაგრძოთ ასეთ დროს ცხოვრება – ვეცადოთ ურთიერთობის „რეანიმაცია“ თუ დავასრულოთ ყველაფერი. ფსიქოლოგები გვირჩევენ, თავი შევიკავოთ რადიკალური გადაწყვეტილების ნაუცბათევი მიღებისგან და საკუთარი გრძნობების ანალიზი ჩავატაროთ.


პირველი შეგრძნება, რომელიც ამ დროს ჩნდება, არის შიშის განცდა: შიში მარტოდ დარჩენის პერსპექტივის, ერთ დროს საყვარელი ადამიანისადმი ტკივილის მიყენების, წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ცხოვრების სტერეოტიპის შეცვლის. უპირველესად, საკუთარ თავს მოუსმინეთ, ჩაუღრმავდით საკუთარ გრძნობას, დროებით დაივიწყეთ ისეთი „პროზაული“ ფაქტორები, როგორიცაა საერთო ბინა, მატერიალური მდგომარეობა, ბავშვები. გაარკვიეთ თქვენს თავთან – სიყვარული მართლა გაქრა თუ უბრალოდ, ყოფითმა პრობლემებმა და გამოუთქმელმა წყენამ დროებით „დააჩლუნგა“.


უმჯობესია, აღნიშნული საკითხი პარტნიორთან ერთად განიხილოთ. გაესაუბრეთ მას გულწრფელად. ეცადეთ, გაარკვიოთ, თუ რას მოგიტანთ მომავალში ერთობლივი ცხოვრება. ნამდვილი, გულწრფელი სიყვარული ხომ ერთ საათში არ ქრება, არც ერთ დღეში! შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილების მოიღებამდე ყოველი ნიუანსი კარგად აწონ-დაწონეთ.
არ ღირს დარჩენა:


თუ პარტნიორის მიმართ გული იმის გამო გაგიცივდათ, რომ სულ გეჩხუბებათ, გამცირებთ და შეურაცხყოფას გაყენებთ, საეჭვოა, ასეთ ურთიერთობას გაგრძელების რაიმე პერსპექტივა ჰქონდეს.
არსებობს ფაქტორები, რომელმაც არ უნდა გაგაჩეროთ ადამიანის გვერდით, რომელიც აღარ გიყვართ:
გახსოვდეთ, ბავშვები ბედნიერად თავს მხოლოდ ბედნიერ ოჯახებში გრძნობენ და არა იქ, სადაც მშობლები სიყვარულის „საცოდავ პაროდიას“ ქმნიან. თუ წყვილს ერთმანეთი არ უყვარს, იმ ოჯახში ჰარმონია და კომფორტი არასდროს იქნება.


გახადეთ საკუთარი ცხოვრება ბედნიერი


ადამიანებს შორის ურთიერთობათა ფსიქოლოგია მნიშვნელოვანი და მარადიული თემაა. ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან შეხედულებებით, მოსაზრებებით, ღირებულებებით. ამიტომაა, რომ სხვა ადამიანთან კომუნიკაციისას ხშირად ვაწყდებით აზრთა შეუთავსებლობას. ზოგჯერ ურთიერთობა გაღიზიანებაშიც კი გადადის და დისკომფორტი გვექმნება. ამ ტიპის დამოკიდებულება შეიძლება, ნებისმიერ ადამიანთან ჩამოგვიყალიბდეს, მათ შორის, ჩვენთვის საყვარელ პიროვნებასთან. როგორი ფორმით დავამყაროთ ურთიერთობა ადამიანთან, რომ კონტაქტი სასიამოვნო იყოს? მთავარია სწორი კომუნიკაციისა და ურთიერთობის უნარის შეძენა. ეს არც ისე რთულია – პრიორიტეტებად დავახარისხოთ, ის ძირითადი მოთხოვნები, რასაც კონკრეტულ პირს ვუყენებთ საიმისოდ, რომ შეგვეწყოს და შევეწყოთ.


ადამიანებს შორის ურთიერთობა ინტერესებისა და ქცევის ნორმათა თანხვედრაზეა დაფუძნებული. უნდა გვესმოდეს, რომ ის, რაც ჩვენ არ გვაინტერესებს, არ ნიშნავს, რომ ნაკლებად საინტერესოა. ამდენად, ხასიათთა შეუთავსებლობა ჩვენი და ჩვენი ინტერესთა სფეროს სივიწროვის პრობლემა უფროა, ვიდრე სხვა ადამიანის.


თუ ადამიანების მიმართ პატივისცემით, თანაგრძნობითა და ინტერესით განვეწყობით, თუ ძალდაუტანებლად ვაღიარებთ მათ კარგ თვისებებს და მიზანმიმართულად არ ვეცდებით უარყოფითის აღმოჩენას, თუ საკუთარი თავის სრულყოფას მეტ დროს მოვახმართ, ვიდრე სხვების კრიტიკას, აუცილებლად მივიღებთ უკან ისეთ პოზიტივს, რაც ბედნიერი ცხოვრებისთვის სიცოცხლის ბოლომდე გვეყოფა.

წყარო: თბილისელები