მალე დენის ფასი 27 თეთრს გადააჭარბებს - სკანდალური დასკვნა

  • რეზონანსი
  • 24 სექტემბერი 10:59, 2018 წელი

გიგანტური ჰესების პროექტმა ქვეყანას მოგების ნაცვლად, შესაძლოა, მილიარდობით ლარის ზარალი მოუტანოს.

როგორც ენერგეტიკოსები აცხადებენ, საქართველოს მთავრობასთან დადებული კაბალური ხელშეკრულებებით ინვესტორები ასმაგ მოგებაზე გავლენ, ხოლო მოსახლეობა დაზარალდება. ასეთი ვარაუდის საფუძველს იძლევა მსოფლიო ბანკის სკანდალური დასკვნა, რომლის მიხედვითაც, 12,5 თეთრიდან დენის ტარიფი, სავარაუდოდ, 27,5 თეთრამდე გაიზრდება.


მსოფლიო ბანკის დასკვნა გიგანტურ ჰესებთან დაკავშირებით საქართველოში აქამდე გასაიდუმლოებული იყო. დოკუმენტში, რომელიც 17-გვერდიანია და ნენსკრაჰესის, ნამახვანისა და კორომხეთიჰესის შესახებ არის მომზადებული, წერია, რომ ჰესების აშენების შედეგად საქართველო ელექტროენერგიას იმაზე ძვირად მიიღებს, ვიდრე აქამდე იღებდა, მომხმარებლებისთვის კი ტარიფი მნიშვნელოვნად გაიზრდება.


დასკვნა 2018 წლის დასაწყისში მომზადდა, მსოფლიო ბანკის ექსპერტები მოსალოდნელ რისკებზე საუბრობენ. როგორც "მწვანე ალტერნატივის" წევრი დავით ჭიპაშვილი აღნიშნავს, მომავალი წლიდან საქართველოში დენის ტარიფის მნიშვნელოვანი მატებაა მოსალოდნელი.


"დღევანდელი 12,5 თეთრიდან ელექტროენერგიის ტარიფი შესაძლებელია გაიზარდოს 27,5 თეთრამდე. ყველა ქვეყანაში ფასების დინამიკა არის კლებადი, ხოლო ჩვენთან მკვეთრად იწყებს ზრდას უკვე მომავალი წლიდან გარანტირებული შესყიდვების გამო", - აცხადებს ჭიპაშვილი.


მოძრაობა "მწვანე მუშტის" წევრი ირაკლი კუპრაძე კი აცხადებს, რომ ზარალის მიზეზი სახელმწიფოს მიერ ინვესტორებთან დადებული კაპიტულანტური და კაბალური ხელშეკრულებებია.


"ენერგეტიკული პროექტების დანაშაულებრივი ხელშეკრულებები თუ არ გადაიხედა, სახელმწიფო ბიუჯეტი 2041 წლამდე, ყველაზე მცირე, 6,5 მილიარდ ლარს დაკარგავს. ჩამოთვლილი ჰესების ელექტროენერგიის ტარიფის ღირებულება ორჯერ ძვირი იქნება, ვიდრე იმპორტირებული ენერგია. ასეთი მაღალი ტარიფით ენერგია არც ერთ ჩვენს მეზობელს არ სჭირდება და მისი ექსპორტზე გატანაც დიდი ტყუილია.


ენერგოდეფიციტზე საუბარი სპეკულაციაა და ჩამოთვლილი ჰესების აშენებით ელექტროენერგია ჭარბი ოდენობით იქნება, რისი შესყიდვაც ხელშეკრულების მიხედვით - მიზნობრიობის გარეშე მოუწევს სახელმწიფოს და ამით დააზარალებს ბიუჯეტს. მხოლოდ ნენსკრაჰესთან მიმართებით სახელმწიფომ 34 წლის განმავლობაში უნდა შეისყიდოს გამომუშავებული სიმძლავრე და შემდეგ გადაყიდოს უფრო ძვირად მოსახლეობაზე", - აცხადებს კუპრაძე და დასძენს, რომ ნენსკრაჰესთან მიმართებით სახელმწიფო უსამართლო და გაურკვეველ ვალდებულებას იღებს.


"ინვესტორი თუ ვერ მიიღებს მოგებას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან კომპენსაციის სახით მილიარდ დოლარამდე თანხა უნდა გადაეცეს მფლობელ კომპანიას. ამ დეტალების მიღმა, ორივე ინსტიტუტი საუბრობს, რომ საქართველო მიიღებს ჭარბ და ძვირ ელექტროენერგიას, რაც ჩვენს ეკონომიკას და ბიზნესსექტორს მძიმედ დააზარალებს", - აღნიშნავს კუპრაძე.


სპეციალისტები ამბობენ, რომ გარანტირებულ შესყიდვასთან დაკავშირებით ხელშეკრულებები დაუყოვნებლივ უნდა გადაიხედოს. როგორც ეკონომისტმა არჩილ ქავთარაძემ "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, დენის გაძვირება გარდაუვალია, თუკი სახელმწიფო ენერგოპოლიტიკის მიმართ მიდგომას არ შეცვლის.


"მთელ მსოფლიოში ენერგეტიკა ბიუჯეტის შემოსავლის ერთ-ერთი გარანტირებული წყაროა. ჩვენ შემთხვევაში კი ეს სექტორი მთლიანად ბიუჯეტის ხარჯზეა. ამ დროს შესაძლებელია, რომ სახელმწიფომ ენერგეტიკისგან მიიღოს შემოსავალი, სულ მცირე, 2 მლრდ ლარი. მახინჯი ეკონომიკური მართვის სისტემაა ქვეყანაში, რომელიც მთლიანად შესაცვლელია. როდესაც ჰიდროელექტროსადგურის 1 კვტ/სთ ელექტროენერგიის თვითღირებულება 3 თეთრია და სახელმწიფო მას ყიდულობს 7,5 ცენტად (20 თეთრად), წარმოიდგინეთ, ინვესტორების ჯიბეში რამხელა მოგება მიდის.


დღეს ჰიდროენერგეტიკა ბიზნესის ყველაზე მიმზიდველი დარგია. ამაში ფულს დებს ყველა, მათ შორის ევროპის მსხვილი საფინანსო სტრუქტურები. ნორვეგიაში საერთოდ სახელმწიფოს ხელშია ენერგეტიკა და ხელს არაფერს უშლის საქართველოსაც, რომ გააკეთოს სახელმწიფო კომპანია, რომლის საკუთრებაც იქნება მსხვილი ჰესები, რათა საკუთარ მოსახლეობას მოახმაროს ფული.


პანკისში არის პროტესტი, ხუდონზე ხმაური იყო, მაგრამ თუ ვეტყვით პანკისელებს, რომ აშენდეს ელექტროსადგური და მოგება ხალხს დარჩეს, ეს ნიშნავს, რომ პანკისი აყვავდება. რაღა ინვესტორმა წაიღოს ეს ფული? ყაზბეგში თურქებმა დარიალჰესი ააშენეს და მთელი მოგება ქვეყნიდან გააქვთ, აქედან მოსახლეობის საკეთილდღეოდ თეთრიც არ დახარჯულა. გარანტირებულ შესყიდვასთან დაკავშირებით ხელშეკრულებები დაუყოვნებლივ უნდა გადაიხედოს", - აცხადებს "რეზონანსთან" ქავთარაძე.


აღსანიშნავია, რომ საქართველოში განახლებული ელექტროენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესი რეგულირდება საქართველოს მთავრობის 2008 წლის #107 დადგენილებით, რომელიც ითვალისწინებს ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 75%-ის ექსპორტს.


არჩილ ქავთარაძე ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით ცვლილება შესაძლებელია, რათა იმპორტის წილი შემცირდეს და ადგილზე გამომუშავებული ელექტროენერგია ქვეყანას მოხმარდეს.


"დღესდღეობით ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 75% მიდის ექსპორტზე და სახელმწიფო ელექტროენერგიას ყიდულობს. ცხადია, რომ ასეთ ფონზე დენი გაძვირდება, ეს გარდაუვალია, თუ არ შეიცვლება მიდგომა და კაბალური ხელშეკრულებები არ გადაიხედება.


მოსახლეობისთვის ორმაგდება გადასახადი და ცხოვრება კიდევ უფრო გაძვირდება. ენერგეტიკაზე ფასები მთლიან ეკონომიკას არეგულირებს, ეს არის აქსიომა. ამიტომ სანამ სახელმწიფო არ დაარეგულირებს ენერგეტიკას და მის ხელში არ აღმოჩნდება ეს სექტორი, ქვეყანას არაფერი ეშველება", - ამბობს ქავთარაძე.


აღსანიშნავია, რომ ტარიფის გაძვირებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ უარყო.


"რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჰესების მშენებლობის შედეგად ელექტროენერგიის ტარიფი კატასტროფულად შეიცვლება, მტკნარი სიცრუეა და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.


რეალურად, დაახლოებით ერთი წლის წინ მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა მოამზადეს სამუშაო ხასიათის რეკომენდაციები, რომელიც შიდა მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი და არ იყო საბოლოო დასკვნა. რეკომენდაციები გულისხმობდა მხოლოდ ერთ ასპექტს - ფისკალურ ანალიზს", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


 

წყარო: რეზონანსი