რატომ ჩაცხრილეს სანკ-პეტერბურგთან ქართველი ბიზნესმენი, ბადრი შენგელია

  • რეზონანსი
  • 18 სექტემბერი 12:47, 2018 წელი

 ქართველი ბიზნესმენის, ბადრი შენგელიას მკვლელობა შესაძლოა, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ყოფილი მაღალჩინოსნის, მიხეილ მაქსიმენკოს საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესში შენგელიას მონაწილეობას უკავშირდებოდეს.

ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით სააგენტო „ინტერფაქსი" წერს.


მისი ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილში სასამართლომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ყოფილი მაღალჩინოსანი, მიხეილ მაქსიმენკო კორუფციაში დამნაშავედ ცნო და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კერძოდ, მაქსიმენკოს საერთო ჯამში 550 ათასი დოლარის ოდენობის ქრთამის აღებაში ადანაშაულებდნენ.


„ამ საქმეზე მოწმედ სწორედ ბადრი შენგელია გადიოდა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2015 წელს შენგელიამ მაქსიმენკოს 50 ათასი დოლარი გადაუხადა, რის სანაცვლოდაც მაქსიმენკომ აღძრა სისხლის სამართლის საქმე იმ სამართალდამცველების წინააღმდეგ, რომლებმაც შენგელიას Hublot-ის ფირმის საათი წაართვეს", - წერს „ინტერფაქსი".


ბიზნესმენი ბადრი შენგელია სანქტ-პეტერბურგის მახლობლად, საკუთარ ავტომობილში გუშინ ჩაცხრილეს. მას თანხვედრი მიმართულებით მოძრავი ავტომობილიდან ესროლეს.


მომხდარ ფაქტზე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საქმე მკვლელობის მუხლით აღძრა.

წყარო: რეზონანსი