რა ოინებს აწყობდა ლევან თედიაშვილი ფილმ "ხარება და გოგიას" გადაღების დროს

  • რეზონანსი
  • 11 სექტემბერი 14:48, 2018 წელი

1987 წელს ცნობილმა რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ "ტყის ძმებზე" ფილმის გადაღება გადაწყვიტა და მთავარ როლებში ტიტულოვანი სპორტსმენები მიიწვია.

ოლიმპიური თამაშების ოთხგზის გამარჯვებული, მსოფლიოს ხუთგზისა და ევროპის სამგზის ჩემპიონი, ცნობილი მოჭიდავე ლევან თედიაშვილი; 1972 წელს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, საბჭოთა კავშირის ათგზის ჩემპიონი ველომრბოლი ომარ ფხაკაძე; მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, მოჭიდავე მიშა სალაძე და სხვა ტიტულოვანი სპორტსმენები.

მწერალი ნუგზარ შატაიძე, რომელიც "ხარება და გოგიაში" ხარებას ძმა სიმონას როლს თამაშობს, თავის მოგონებებში ისხენებს: "გიორგიმ მოგვიანებით მითხრა, განა არ შემეძლო, მსახიობები მომეწვია, მაგრამ ფილმში ნამდვილი ვაჟკაცები მჭირდებოდა, მსახიობები კი ასეთები ვერ იქნებოდნენ."

როგორ ოინებს აწყობდნენ არაპროფესიონალი მსახიობები გადაღებებზე, ამას ნუგზარ შატაიძის მოგონებებიდან შევიტყობთ.

"გიორგი შენგელაიამ დამირეკა და მითხრა, ფილმ "ხარება და გოგიას" გადაღებას ვიწყებ და ხარება ჯიბუტის ძმის - სიმონას როლი უნდა ითამაშო, შენ და ომარ ფხაკაძე ძალიან ჰგავხართ ერთმანეთსო. გიორგის დიდ პატივს ვცემდი და უარს როგორ ვეტყოდი. მე კი იოლად დამითანხმა, მაგრამ ლევან თედიაშვილი, ომარ ფხაკაძე და მიშა სალაძე ვერ დაითანხმა, მაგრამ საქმეში ცეკას პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი ჩაერია.

გადაღებებზე ჩვენ შებოჭილები ვიყავით, ლევანი კი მუდამ ოხუნჯობის ხასიათზე იყო, გადასაღებ მოედანზე თავს ისე გრძნობდა, გეგონება, მთელი ცხოვრება სცენაზე გაეტარებინოს. გადაღებების შემდეგ კი ქეიფისთვის ყოველთვის პოულობდა საბაბს.

ერთ დღეს თეთრ "ნივაში" ვსხედვართ, ქვემოთ მივჯაყჯაყებთ. ლევანი ცქმუტავს, თან იცინის. ჩავდივართ კაკაბეთში, იქ დაბარებულივით მივადექით ერთ სახლს, საიდანაც ჩამიჩუმი არ ისმის. ლასტებით შემოღობილ ბაკში ექვსი თუ შვიდი ბატკანი ერთმანეთს მიჰხუტებია. ლევანი მეუბნება - "აბა, რომელი წავიყვანოთ?" ყველაზე მოზრდილი შევარჩიეთ. მერე სახლის პატრონს ბარათი დაუტოვა - "ლევანამ წაიყვანა". ბატკანი მანქანაში ჩავსვით და... საგარეჯოს დაბურულ ტყეში შუაღამემდე ისმოდა მოქეიფეთა სიმღერა და მაუზერების ბათქაბუთქი" - იხსენებს ნუგზარ შატაიძე.

ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში ხარება და გოგია თავისი ბიჭებით ციხეს დაეცემიან და ხარებას ძმას ათავისუფლებენ. ნუგზარ შატაიძეს მხარში ტყვია ხვდება, ომარ ფხაკაძე ხელს დაავლებს და გალავნისაკენ მიათრევს. "მე ვწევარ, მკვდარს ვთამაშობ. ამ დროს კადრში შემორბის მაუზერმომარჯვებული ლევან თედიაშვილი და ყვირის: "დროზე, ბიჭებო, დროზე, გაცივდა ხაშლამა!" ის დუბლი გაგვიფუჭდა.

"აქვსენტი მიქელაძის როლს მურმან ჯინორია თამაშობდა. მურმანი კარგად უკრავდა გიტარაზე და მღეროდა, საგარეჯოში გადაღებებზე გიტარა წამოიღო. ერთ საღამოს ლევანმა შემოგვიარა, აშკარად ეტყობოდა, რომ ვერ ისვენებდა, ამბობდა - "კაცო, არ ვიქეიფოთ?" საღერღელი ჰქონდა აშლილი. გვიანი იყო, დასაძინებლად ვემზადებით, მეორე დღისთვის ადრიანად უნდა წავსულიყავით ვაჩნაძიანთკარის ტყეში გადაღებაზე.

არ მოგვასვენა, გიტარიანად ჩაგვსვა მანქანაში და სადღაც წაგვიყვანა. მივადექით ერთ სახლს, როგორც მერე გავიგე, ღვინის ქარხნის დირექტორის ოჯახში აღმოვჩნდი. გაგიჟდნენ სიხარულისგან, გაიშალა სუფრა და დაიწყო მოლხენა. ქეიფი რომ გახურდა, მერე გაიგეს მასპინძლებმა, რომ სასტუმროში ნატო ვაჩნაძის შვილი, რეჟისორი გიორგი შენგელაია არისო. კახელებს ხომ განსაკუთრებით უყვართ ნატო ვაჩნაძე, გული დასწყდათ, ნეტავი გიორგი შენგელაია სტუმრად გვწვეოდაო. ლევანმა აიღო ქაღალდის ხელსახოცი და დაწერა - "შენ თუ ახლა აქ არ მოხვალ, შენი ასე და ასეო"... ეს წერილი თავის მელოტ მძღოლს (იმ დროს ლევან თედიაშვილი კაკაბეთის კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო), რომელსაც ხუჭუჭას ეძახდა, გიორგი შენგელაიასთან გაატანა.

შენგელაია გადაირია თურმე, ხვალ გადაღებაა, ერთ ეპიზოდში ოთარ მეღვინეთუხუცესი მონაწილეობს, რომელიც ერთი დღით იყო ჩამოსული, ყველაფერი ჩაიშლებაო. მერე გიორგის მიშა სალაძისთვის და ავთო მაისურაძისთვის უთხოვია, გამეგზავნეთ და ეს ხალხი აქ მომიყვანეთო. მიშა და ავთო მოვიდნენ, გვისაყვედურეს, რას ანერვიულებთ იმ კაცსო. "დასხედით და განსხვავებული დალიეთ" - დასჭექა ლევანმა. მიშა სალაძე და ავთო მაისურაძე დარჩნენ და დილის 4 საათამდე ვიქეიფეთ; მეორე დილას ყველას თავი გვტკიოდა, გიორგიმაც ბევრი ინერვიულა, მაგრამ, საბედნიეროდ, გადაღებამ მშვიდობიანად ჩაიარა," - იხსენებს ნუგზარ შატაიძე.

მოკლედ, ოლიმპიური თამაშების ოთხგზის გამარჯვებულის, მსოფლიოს ხუთგზის და ევროპის სამგზის ჩემპიონის ოინებს ბევრი დუბლი შეეწირა, მაგრამ საბოლოოდ შესანიშანვი ფილმი გამოვიდა. ტაშკენტის მსოფლიო კინოფესტივალზე მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ცნობილ ქართველ ფალავან ლევან თედიაშვილს "ოქროს პრიზი" გადასცეს, რომელიც შემდეგ მის სპორტულ კოლექციას ამშვენებდა. ლევან თედიაშვილს კი ნუგზარ შატაიძისთვის უთქვამს - ჩემს ყველა სპორტულ პრიზს ეს ჯილდო მირჩევნიაო".

წყარო: რეზონანსი