მოძღვარი გირჩევთ

  • თბილისელები
  • 10 სექტემბერი 12:55, 2018 წელი

ვიცი, რომ სიცრუე ცოდვად მიიჩნევა, მაგრამ ჩემს უახლოეს ადამიანს ვუმალავ სიმართლეს, რადგან ვიცი, მის გამხელას ცუდი შედეგები მოჰყვება. ცოდვას ჩავდივარ თუ არა?

-თუ იცით, რომ ესა თუ ის სიმართლე ადამიანს ვნებას მოუტანს, მის გამხელას მართლაც უნდა მოერიდოთ. სიმართლემ სიკეთე უნდა მოუტანოს ადამიანს და არა ზიანი. ხოლო, თუ სიავის მომტან სიმართლეს არ ამხელთ, არ ნიშნავს, რომ ცრუობთ. ეს დუმილი ხომ მოყვასის სიყვარულით არის განპირობებული. თუ დუმილი გამძიმებთ, მაინც გაესაუბრეთ ამის შესახებ თქვენს მოძღვარს.


წავიკითხე, რომ ავადმყოფობებს ადამიანს უფალი მისი ცოდვების გამო მოუვლენს ხოლმე. ცოდვას ხომ არ ჩავიდენთ, თუკი ვიმკურნალებთ და ამგვარად ავიცილებთ ღვთის მოვლენილ სასჯელს?


-მკურნალი ექიმი და წამლებიც ისევეა ღმერთის შექმნილი, როგორც ესა თუ ის ავადმყოფობა. მკურნალს ღმერთი შთააგონებს და ისე განკურნავს ავადმყოფს. ასე რომ, შეგიძლიათ, მიმართოთ ექიმს, რომელიც უფლის მეოხებით, განკურნავს თქვენს დაავადებას და ესეც უფლის დაშვებით მოხდება.


ცნობს თუ არა ქრისტიანული რელიგია რეინკარნაციას? ბოლო დროს ამ თემაზე ბევრს საუბრობენ.


-მართლმადიდებლური სარწმუნოება რეინკარნაციას – ადამიანის ხელმეორედ დაბადებას – არ ცნობს. ადამიანი ერთხელ იბადება და არასდროს განმეორდება. ის ღვთის ხატია და ღმერთის ხატად და მსგავსად, უფალმა ერთხელ შექმნა. ასევე, ადამიანი გარდაცვალების შემდეგ არ ამთავრებს არსებობას. ის მეორედ მოსვლის დროს აღდგება თავისივე სხეულით და უხრწნელი ხორცით.


როგორ უყურებს მართლმადიდებლური სარწმუნოება მოსვირინგებას – ტატუებს, რომელიც დღეს ძალიან მოდაშია და ლამის ყოველი მეორე ახალგაზრდა ტატუთი მოხატული სხეულით დადის.


-მართლმადიდებლური ეკლესიის დამოკიდებულება მოსვირინგების მიმართ ერთმნიშვნელოვნად უარყოფითია. ეს არ არის ქრისტიანული ტრადიცია. სვირინგები გავრცელებული იყო ველურ ტომებში და წარმართებში. ადამიანის სხეული ღვთიური ქმნილება და სულის ტაძარია, რომელსაც პატივისცემით უნდა მოვეპყრათ.

წყარო: თბილისელები