“ჩვენს შოუბიზნესში არის დაბლოკვები და ჩაძირვები”

  • სარკე
  • 7 სექტემბერი 12:24, 2018 წელი

მომღერალ მარკუს მეტრეველის ცხოვრებაში იყო ორი მნიშვნელოვანი, თუმცა სპონტანური გადაწყვეტილება, რაც შემდეგ სანანებელი გაუხდა იმ სირთულეების გამო, რაც ამ ნაბიჯებს მოჰყვა.

პირველი ნაბიჯი მის პირად ცხოვრებას ეხება, რის სავალალო შედეგებსაც დღემდე იმკის. მეორე კი საბერძნეთიდან საქართველოში ჩამოსვლა იყო. ბევრი დაბრკოლება შეხვდა, თუმცა დღეს სამშობლოში თავს ბედნიერად გრძნობს. ამ გაკვეთილებს უკვალოდ არ ჩაუვლია, მარკუსმა საკუთარ შეცდომებზე ისწავლა.


“დღეს ყველაფერი წინასწარ მაქვს გათვლილი. ვიცი, რა მინდა, რა მჭირდება, რა იქნება ჩემი პირადი ცხოვრებისთვის და კარიერისთვის კარგი. დაუფიქრებელ ნაბიჯს აღარასდროს გადავდგამ”, – გვითხრა მარკუსმა.


– მარკუს, წლების განმავლობაში საბერძნეთში ცხოვრობდით, თუმცა ერთ დღესაც საქართველოში ჩამოხვედით. რა რეალობის წინაშე აღმოჩნდით?


– საქართველოსა და საბერძნეთის შოუბიზნესებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. იქ ყველა მომღერალს კონტრაქტი აქვს სტუდიასთან, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერს უკეთებს – დაწყებული სიმღერიდან, გაგრძელებული კლიპებით და დამთავრებული ალბომით. აქ რომ ჩამოვედი, უცებ მარტო აღმოვჩნდი ძალიან დიდ სივრცეში, ზღვაში, რადგან არ ვიცოდი, რა და როგორ უნდა გამეკეთებინა, რა უნდა დამეწყო.


– რას ელოდით, რომ ჩამოდიოდით?


– მეგონა, აქაც იგივენაირი სიტუაცია იქნებოდა, რომელიმე სტუდიასთან გავაფორმებდი კონტრაქტს, ის იზრუნებდა ჩემს მუსიკალურ მხარეზე და ა.შ. აღმოჩნდა, რომ აქ ყველა მომღერალი თავის იმიჯზე, სიმღერის ჩაწერასა თუ კლიპის გადაღებაზე თვითონ იხარჯება, დებს თანხებს, ანუ პირიქით არის. საქართველოში ცოტა სხვა მიმართულების შოუბიზნესი გვაქვს, ყველა თავისით “ჩალიჩობს”, რაც ცუდია.


– პირველი ნაბიჯები როგორ გადადგით, რა გააკეთეთ?


– თვითონ მოვიძიე სანაცნობო წრე, ფინანსები, ჩავწერე სიმღერები, გადავიღე რამდენიმე ვიდეორგოლი, ჩავწერე წარმატებული დუეტები და ასე დავიწყე ჩემი კარიერა საქართველოში.


– როგორც იტყვიან, საბერძნეთში ყველაფერი საათივით გქონდათ აწყობილი. რა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველოში ჩამოხვედით?


– ძირითადი მიზეზი ის გახლდათ, რომ ვაპირებდი რუსეთში წასვლას და საქმიანობის დიდ შოუბიზნესში გაგრძელებას, მაგრამ, საქართველოში რომ დავბრუნდი, მაშინ დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი. შემთხვევით აღმოვჩნდი საქართველოში და დავრჩი კიდეც.


– ხომ არ ნანობთ ამას?


– არა. უბრალოდ სხვა მიზნები მქონდა და ჩემი შემოქმედება სხვანაირად განვითარდა, თუმცა ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ, ჩემს სამშობლოში.


აქ რომ ჩამოვედი, 6 თვიანი დეპრესია მქონდა, მაგრამ მე დავბრუნდი ჩემს სახლში, ჩემს ქვეყანაში და დღეს ვარ ძალიან ბედნიერი, რომ ვემსახურები ჩემს პროფესიას ჩემს სამშობლოში. 20 წელი არ ვყოფილვარ საქართველოში და ეს დაბრუნება აუცილებელიც კი იყო იმიტომ, რომ, საბოლოო ჯამში, ყველა თავის ქვეყანაში ბრუნდება.


– ქართული შოუბიზნესის “წესებს” როგორ მოერგეთ?


– ჩვენთან არის დაბლოკვები და ჩაძირვები, ამ პატარა ქვეყანაში და შოუბიზნესში ვიღაც რომ ჩაგძირავს, ჩემთვის ცოტა მიუღებელი და სასაცილოა.


– თქვენს ჩაძირვასაც ცდილობენ?


– რა თქმა უნდა, მაგრამ ამას საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას. ჩემს საქმეს ვაკეთებ, უფრო წინ და წინ მივდივარ.


– როგორ რეაგირებთ მსგავს სიტუაციებში?


– მეცინება. როგორ შეიძლება სცენაზე ჩანდეს მხოლოდ ერთი ან ორი ადამიანი? პირიქით, რაც მეტი იმღერებს, უკეთესია, მივესალმები ჯანსაღ კონკურენციას.


– დღეს, ამ გადმოსახედიდან, შეცვლილი და გაზრდილი ხართ, როგორც მომღერალი?


– რა თქმა უნდა, გაზრდილი, ჩამოყალიბებული ვარ. აღარავისზე ვბრაზდები. თუ ვინმე მემტერება ან ვინმე ცუდს ამბობს ჩემზე, მხოლოდ ვიღიმი და ასე “ვუტარებ” ყველაფერს. არავის უნდა გამოეკიდო, ამას აზრი არ აქვს. ბოროტებით არასდროს უნდა უპასუხო. გულთან ახლოს არ მიმაქვს.


– ცოტა ხნის წინ ტანსაცმლის დიზაინშიც მოსინჯეთ ძალები და თქვენი პროდუქცია გამოუშვით. რა შედეგი მიიღეთ, როგორ განვითარდა ეს საქმე?


– ძალიან სწორად განვითარდა. რაც მიზანად დავისახე, ის გავაკეთე. პირველი ჩვენება იტალიაში მქონდა და დიდი მოწონება დაიმსახურა, ოცდაათივე ლუქი გაიყიდა და დღემდე ძალიან მოთხოვნადია.


– სად იყიდება თქვენი სამოსი, მაღაზია გაქვთ?


– მაღაზია არ მაქვს. ჩემთან მოდის დამკვეთი და ვაკერვინებ. მყავს არაჩვეულებრივი მკერავი, ვისთან ერთადაც ვმუშაობ და ჩემი ლოგოთი ვატან სამოსს.


– თქვენს წარსულში რა შეცდომას ხედავთ?


– ვნანობ, რომ ძალიან ვიჩქარე დაოჯახება, ეს იყო ჩემი დიდი შეცდომა. მე ოჯახი მთელი ცხოვრება მინდოდა და არა – რაღაც ეტაპამდე. ცუდია, რომ ძალიან მალე დამენგრა ოჯახი, მაგრამ ეს ჩემი არჩევანი არ იყო. ჩემი ოჯახი შეიქმნა სპონტანურად. მეგობრობიდან გადაიზარდა სიყვარულში, მალე ვიქორწინეთ და მალევე, უეცრად დაგვენგრა ყველაფერი.


– გრძნობებში არ იყავით დარწმუნებული?


– ბოლომდე არ ვიყავი. იმ პერიოდში ვსწავლობდი და ჩვენი ოჯახი სტუდენტობის პერიოდში შეიქმნა. გადაწყვეტილი არ მქონდა, რომ 20 წლის ასაკში უნდა მყოლოდა ცოლი და შვილები, თუმცა ასე მოხდა. ყოველთვის მეგონა, რომ მამა 30 წლის ასაკის მერე გავხდებოდი.


სამწუხაროდ, არ მაქვს იმის ფუფუნება, რომ შვილები მაშინ ვნახო, როცა მომინდება, მაგრამ სამომავლოდ ეს ურთიერთობაც დალაგდება.


– როგორ აპირებთ ამ ურთიერთობის დალაგებას, სასამართლოს გზით?


– ჩემი უფლებების გამოყენება ვცადე, მაგრამ მათ დედაშია პრობლემა. სასამართლოს მივმართე, მაგრამ აქ კიდევ ბევრი სხვა დეტალია, რომლებზეც წინასწარ ვერ ვისაუბრებ.

წყარო: სარკე