რა უთხრა ჰიტლერის პირადმა ექიმმა ცისანა ტატიშვილს

  • თბილისელები
  • 3 სექტემბერი 11:58, 2018 წელი

საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი, ზაქარია ფალიაშვილისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიების ლაურეატი, შვეიცერის საპატიო მედლის მფლობელი "თბილისელებთან" ყვება. 

„ბავშვობა თბილისის ძველ უბანში, სოლოლაკში გავატარე. დედა, ქეთევან ზანდუკელი, მე და ჩემს ძმას მარტო გვზრდიდა. მისი მოგონებებით და მონაყოლით ვიცნობდით მამას – ბეჟან ტატიშვილს, რომელსაც თავის დროზე პარიზში, სილამაზის კონკურსში გაუმარჯვია, შემდეგ ირკუტსკში მიუღია სამხედრო განათლება და სამშობლოში დაბრუნებულა. ერთხანს სამხედრო კომისარი იყო, შემდეგ უნივერსიტეტში სამხედრო კათედრას ხელმძღვანელობდა. ერთ ავბედით საღამოს მეუღლისა და ახალდაბადებული ქალიშვილის მონახულების შემდეგ, სამშობიაროდან სახლში დაბრუნებულა. ამის შემდეგ მამა აღარავის უნახავს. მოგვიანებით გაიგო დედამ, რომ მისი მეუღლე დააპატიმრეს, გადაასახლეს და დახვრიტეს. დედა მეორედ აღარ გათხოვილა, იძულებული გახდა, სწავლისთვის თავი დაენებებინა, მუშაობა დაეწყო და შვილების აღზრდაზე ეზრუნა… ჩემს ძმას ძალიან უნდოდა მემღერა. ამ მხრივ, სრულ მხარდაჭერას ვგრძნობდი. დედამ ხმის გასასინჯად სანდრო ინაშვილთან მიმიყვანა, რომელმაც მომისმინა, აღფრთოვანებულმა შემოჰკრა ტაში და თქვა: „შენი ლამაზი, ობერტონებით მდიდარი, ძლიერი ხმა მოგცემს საშუალებას, ნამდვილი ვარსკვლავი დადგე და ჩვენი სამშობლო
ასახელო”. თავის ასისტენტს გულნარა ქართველიშვილს უხმო და დაავალა, ჩემთან დაეწყო მეცადინეობა. თავად მაესტრო მძიმედ იყო ავად და ლოგინს იყო მიჯაჭვული, ამიტომ ჩემთან მუშაობას ვერ შეძლებდა. საოცრად მორცხვი ბავშვი ვიყავი, ამიტომ ქართული ცეკვების შესასწავლად და სცენასთან შესაგუებლად დედამ ჯანო ბაგრატიონის ანსამბლში შემიყვანა. იქ ერთი წელი ვიცეკვე სოლო პარტიები, სხვათა შორის, ჩემი მეწყვილე გამოჩენილი მოცეკვავე ომარ მხეიძე იყო. წარმატებით გამოვდიოდით სხვადასხვა კონცერტზე, ამიტომ, როცა ჯანოსთან მივედი და ანსამბლიდან წასვლის შესახებ ვუთხარი, ცოტა განაწყენდა და მითხრა, შენც ახლა ნადეჟდა ხარაძეს არ აჯობოო. მე კი ვუთხარი, ჯანო, შენ აუცილებლად მოხვალ ჩემს სპექტაკლებზე და ლოჟიდან დამიკრავ ტაშს-მეთქი. დავტოვე ანსამბლი და საკუთარი თავი მთლიანად სიმღერას მივუძღვენი… თეატრში რომ მივედი, მოქმედი სოპრანოების რამდენიმე თაობა დამხვდა და ის ვითარება, რომელშიც ბრძოლა პირველობისთვის წესებს არ ითვალისწინებს. თავდასხმის ობიექტი ბევრჯერ ვყოფილვარ, ინიციატორი კი – არასოდეს. ჯანსუღ კახიძეს გაუგია თურმე, თეატრიდან ჩემს გაშვებას რომ აპირებდნენ, როგორც პროფესიულად უვარგისი კადრისა.

მან,
პეტრე თომაძემ და შოთა კიკნაძემ თენგიზ მუშკუდიანს მიმართეს დასახმარებლად. თენგიზი უკვე პოპულარული და აღიარებული მომღერალი იყო. ჩემი ბედი მისმა სიტყვამ გადაწყვიტა. მივიდა დირექტორთან და უთხრა, ბრძანებისთვის ხელი არ მოეწერა. ამასობაში დეპოში გაიმართა კონცერტი და არდიტის ვალსი ვიმღერე. ვხედავდი დირექტორის კმაყოფილ სახეს, როგორი სიამოვნებით მისმენდა. მოგვიანებით აღუნიშნავს თენგიზთან საუბარში, კინაღამ გამოუსწორებელი შეცდომა
დავუშვიო… (ავტორი – ე.ირემაშვილი). სომხეთის გასაბჭოების 50-ე წლისთავზე ვასილ მჟავანაძემ ერევანში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის
მე და აკადემიკოსი მელიქიშვილი წაგვიყვანა. თხუთმეტივე რესპუბლიკის პირველი მდივნები და დელეგაციის წევრები ბრეჟნევის დასახვედრად მოგვამზადეს. თვითმფრინავიდან რომ ჩამოვიდა, სომხეთის პირველი მდივანი შეეგება, ერთმანეთს მიესალმნენ და ბრეჟნევი სტუმრების მწკრივისკენ წამოვიდა. ქართველები პირველები ვიდექით, ჯერ მჟავანაძეს ჩამოართვა ხელი, გადაეხვია და შემდეგ ჩემკენ გადმოდგა ნაბიჯი, ხელი ხელზე მომკიდა და თქვა: „ბაჟესტვენნაია გრუზინკა, მიხარია, რომ პირადად გაგიცანით ერევანში”. შემდეგ ოპერის თეატრში წაგვიყვანეს, სადაც გალა-კონცერტი გაიმართა საბჭოთა კავშირის საუკეთესო შემსრულებელთა მონაწილეობით. გვიან საღამოს კი ვახშამზე მიგვიყვანეს ვეებერთელა დარბაზში, სადაც საკონცერტო როიალი იდგა და კამერული ორკესტრი უკრავდა. სტუმართა შორის იყო მუსლიმ მაგომაევი. იგი მიუჯდა როიალს და სადღესასწაულო განწყობა ერთიორად გაზარდა. ამასობაში, ჩვენს მაგიდასთან სომხეთის კულტურის მინისტრი მოვიდა და მთხოვა, მემღერა. მუსლიმმა მითხრა, ცისანა, მზად ვარ, დაგიკრა, თუ თანახმა ხარ, იმღეროო. ტოსკას არია ვიმღერე.
…მიუნხენში გასტროლების დროს, სპექტაკლის შემდეგ, ჩემთან შემოვიდნენ ბაზელის, კიოლნის, ბერლინისა და ბონის თეატრების დირექტორები და მთხოვეს, მათთან მემღერა „ტრუბადური“. „გოსკონცერტთან“ შეუთანხმებლად ვერ დავთანხმდებოდი, ხოლო როცა მოსკოვში დავრეკე, ასეთი პასუხი მივიღე: დაბრუნდით, თორემ ვეღარასოდეს ეღირსებით ვერც ერთ გასტროლსო. ბევრი მაცდური შემოთავაზების მიუხედავად, ვერც სამშობლო დავტოვე და არც ოჯახი გავიმეტე სამუდამო წვალებისთვის. დავრჩი ჩემი თბილისის ერთგული. მახსოვს, პარიზის „გრანდ ოპერის“ მენეჯერმა ბერლინში მომისმინა. სპექტაკლის შემდეგ მოიყვანეს ჩემთან და ასეთი რამ მითხრა: მე შემიძლია, მსოფლიო ვარსკვლავად გაქციოთ. დამთანხმდით, გამომყევით პარიზში, იქ არაჩვეულებრივ პირობებს შეგიქმნით. დილის 6 საათზე სასტუმროს ეზოში დაგელოდებათ მანქანა, რომელიც აეროპორტში მოგიყვანთ, იქ მე დაგხვდებით და ერთად წავალთო. რასაკვირველია, დავფიქრდი ამ შთამბეჭდავ წინადადებაზე, მაგრამ ისევ ოჯახი დამიდგა თვალწინ.


წყარო: თბილისელები