როგორ გააოცა ჟან გაბენი იპოლიტეს "კუჭკუჭიმ"

  • რეზონანსი
  • 31 აგვისტო 10:43, 2018 წელი

ქართულ ფეხბურთზე გადაღებული ფილმებით ჩვენი მაყურებელი განებივრებული არ არის, თუმცა მოკლემეტრაჟიანი ფილმი "ბურთი და მოედანი", რომელიც ეკრანზე 60-იანი წლების დასაწყისში გამოვიდა, დღესაც ყველა თაობის საყვარელი ფილმია.

დღევანდელ სტატიაში ფილმის გადაღების პროცესში მომხდარი რამდენიმე კურიოზი გვინდა, გავიხსენოთ, ამაში კი რეჟისორ გუგული მგელაძის მოგონებები დაგვეხმარება.


"18 წლის ვიყავი, კინოსტუდიასთან არსებულ კინოსკოლაში რომ ჩავაბარე, მერე მოსკოვიდან ჩამოვიდა რეჟისორი, რომელმაც რამდენიმე სტუდენტი შეგვარჩია საკავშირო კინომატოგრაფიის ინსტიტუტში ჩასაბარებლად. გამოცდაზე ლერმონტოვის "მწირი" წავიკითხე, მიმიღეს, მაგრამ პირველივე სემესტრში გამომაგდეს. არ მინდოდა თბილისში დაბრუნება, ყველას ეგონა, რომ ჩარლი ჩაპლინი დავბრუნდებოდი. ბედი მეორედ ვცადე, ინსტიტუტის დირექტორს, გოლოვინას ვთხოვე გამოცდაზე ხელმეორედ გასვლის ნებართვა. კომისიაში დამხვდა მთელი კინოელიტა - ეიზენშტეინი, რომი, როშალი და იუტკევიჩი. აღმადგინეს. ჩემს კურსზე სწავლობდნენ შემდგომში საქვეყნოდ ცნობილი რეჟისორები და მსახიობები - ვიაჩესლავ ტიხონოვი, ვლადიმერ ბასოვი, რეზო ჩხეიძე, თენგიზ აბულაძე...


თბილისში რომ დავბრუნდი, კინოსტუდიის მაშინდელმა დირექტორმა მიშა კვესელავამ მირჩია, სულიკო ჟღენტთან ერთად გადაიღე რამეო. დავსხედით მე და სულიკო და ორ კვირაში სცენარი დავწერეთ ფეხბურთზე ფანატიკურად შეყვარებულ ბუღალტერზე. 30-წუთიანი ფილმი 25 დღეში სულ სიცილ-ხარხარში გადავიღეთ, რადგან გადასაღებ მოედანზე იპოლიტეს მნახველი ადამიანი შეუძლებელი იყო, გულგრილი დარჩენილიყო მისი გამორჩეული ნიჭის მიმართ.


იპოლიტე ყოველგვარი სინჯის გარეშე დავამტკიცეთ კუჭკუჭის როლზე. მაშინ ის ქუთაისის თეატრში მუშაობდა, კინოში რამდენიმე ეპიზოდური როლი ჰქონდა შესრულებული, მაგრამ ვგრძნობდი, რომ მხოლოდ ის შეასრულებდა ამ როლს ისე, როგორც მე მინდოდა. იპოლიტე ხომ ფეხბურთის დიდი მოყვარული იყო, თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივარი, როლიც ფეხბურთის დიდი ფანტაზიით განასახიერა. რა ფიუნესი, რის ფიუნესი, იპოლიტე მოვლენა იყო. "ბურთი და მოედანი" მის გარეშე ასეთი სასაცილო ნამდვილად ვერ იქნებოდა. მერე მითხრეს, "ბურთი და მოედანი" ჩარლი ჩაპლინს თავის ფილმოთეკაში ჰქონია, ამაში კი იპოლიტეს უდიდესი წვლილია.


მოკლედ, დავიწყეთ გადაღებები. კალათბურთელი ანზორ ლეჟავა მაშინვე დაგვთანხმდა ფილმში მონაწილეობაზე, სპეციალურად მოვიწვიე, რადგან საოცარი სანახავები იყვნენ ერთად ანზორ ლეჟავა და იპოლიტე ხვიჩია. "ლოკომოტივის" სტადიონზე ბევრი სცენა გადავიღეთ. გადაღებები დაემთხვა თბილისის "დინამოსა" და მოსკოვის "ტორპედოს" შეხვედრას და ყველა კადრი ნატურაშია გადაღებული. "ბურთი და მოედანი" კი არის კომედია, მაგრამ ერთი ეპიზოდი მაინც მაშინებდა, სადაც მთავარ გმირს, "კუჭკუჭის" სამი კაცი ასამართლებს. ვიფიქრე ე.წ. "ტროიკად" არ აღიქვან-მეთქი, მაგრამ გადავრჩი, მთავრობამ ბევრი იცინა. კადრში ფილმიდან, "კუჭკუჭი" რომ ყვირის მოედანზე, ფინიში არ მინდაო, იპოლიტეს თავისი სიდედრის ტრუსი აცვია", - იხსენებდა გუგული მგელაძე.


ეს ამბავი კი ასე ყოფილა: "ბურთი და მოედნის" გადაღების დროს, ფილმის მთავარ გმირ "კუჭკუჭის" სტადიონზე სარბენად დიდი შავი ტრუსი დასჭირდა, სტუდიაში კი იპოლიტეს ზომის ვერ აღმოაჩინეს და გადაღება გადაიდო. საღამოს შინ მისულმა იპოლიტემ აივანზე გასაშრობად გაფენილი სიდედრის სრულ და მოგრძო ტრუსს მოჰკრა თვალი, არც დაფიქრებულა ისე ჩამოხსნა. 


მეორე დღეს ვერიჩკამ მთელი სახლი შეძრა, მეზობლების აივნები შემოიარა, ეზოშიც ბევრი ეძება, მაგრამ ვერ იპოვა. 


- რას ეძებ, ვერიჩკა - ეკითხებიან შეწუხებული მეზობლები. ვერიჩკას თითქოს არ ესმის, ძებნას განაგრძობს.


გვიან ღამით, გადაღებიდან დაბრუნებული იპოლიტე ოჯახის წევრების გაღვიძებას მოერიდა და აივანზე დაიძინა. დილაადრიან რძისა და მაწვნის ბოთლების გამოსატანად აივანზე გასული ვერიჩკას კივილმა პლეხანოვის მე-13 ნომერი შეძრა.


- დედა, ამას რას ხედავს ჩემი თვალები, სად იყო ბიჭო, მაი ტრუსიკი?! - ყვირის ვერიჩკა.


- კაი ახლა, ვერიჩკა, - ეხვეწება იპოლიტე, რა დაშავდა, მე რომ ჩავიცვი, შენს ჩაცმულს ვერავინ ნახავდა და აწი ეს ნიფხავი მსოფლიოს მოიარს, - ამშვიდებდა იპოლიტე სიდედრს.


"ბურთი და მოედანი" მართლაც მსოფლიომ ნახა. ეკრანზე გამოსვლის შემდეგ "საუკეთესო კომედიური ფილმისთვის" მოსკოვის ფესტივალზე პრიზი აიღო. შემდეგ იტალიისა და ინგლისის კინოფესტივალებზე დააჯილდოვეს. სპორტული ფილმების პირველ ფესტივალზე "საუკეთესო კომედიური ფილმის" პრიზიც დაიმსახურა. კანის ფესტივალზე ფილმში "ბურთი და მოედანი" იპოლიტეს "კუჭკუჭიმ" თავად ჟან გაბენი გააოცა. ყველა დროის უდიდეს ფრანგ მსახიობს ფესტივალზე მის გვერდით მჯდომ რეზო ჩხეიძისთვის უთქვამს: "რატომ არ ვიცნობ ამ კაცს, ეს რა გენიოსი გყოლიათ".

წყარო: რეზონანსი