გარემოვაჭრეებს შეიძლება კვირაში ერთი დღე ვაჭრობის უფლება მისცენ

  • რეზონანსი
  • 30 აგვისტო 14:48, 2018 წელი

გარემოვაჭრეებისთვის შესაძლოა კვირაში ერთი დღე დაწესდეს, როდესაც ისინი კონკრეტულ ადგილზე ვაჭრობას შეძლებენ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

„სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები თითქოს ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები გარემოვაჭრეებს არბევდნენ. ჩვენ არავის არ ვართმევთ მოსავალს, ჩვენ ვიცავთ კანონს და ვიცავთ ქალაქს. ეს კანონი დღეს არ მიგვიღია და მე არ მიმიღია. თბილისში გარევაჭრობა კანონმდებლობით აკრძალულია და ზედამხედველობის სამსახური ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რომ დაიცვას კანონი. დედაქალაქში არსებობს საჭირო სივრცეები, სადაც შეიძლება კანონით განხორციელდეს ეკონომიკური საქმიანობა. თუ არის საჭიროება, მივმართოთ გამგეობებს და გამოვყოთ ერთი კონკრეტული დღე ყველა რაიონში, სადაც მოვუწყობთ ამ ადამიანებს შესაბამის ინფრასტრუქტურას, რომ ცივილურად ივაჭრონ. ასეთი ტიპის ბაზრობები მოეწყობა ერთი დღით და კეთილი ინებონ, მობრძანდნენ, ყოველგვარი გადასახადების გარეშე ჩვენ მივცემთ ამის უფლებას. მინდა გამგებლებს მივმართო, თუ გაქვთ ამის შესაძლებლობა გამოვყოთ კვირაში ერთი დღე და მივცეთ ამ ადამიანებს ეკონომიკური საქმიანობის უფლება", - განაცხადა კახა კალაძემ.

წყარო: რეზონანსი