იყიდეთ საქართველოში მიწა ემიგრანტებო - გურამ ქართველიშვილის წერილი ემიგრანტებს

  • ალია
  • 30 აგვისტო 11:29, 2018 წელი

დრამატურგი, პროექტის „გააგრძელე საქართველოს ისტორია" ავტორი, წამყვანი და თანარეჟისორი გურამ ქართველიშვილი ქართველ ემიგრანტებს საქართველოში მიწის ყიდვისკენ მოუწოდებს:

„საქართველოს იმდენი განსაცდელი აქვს გამოვლილი, რომ თვალის გადავლებაც კი შეგაძრწუნებს კაცს. გაუთავებელ შემოსევა-ომიანობას კი ქართველების მუდმივი შიდა მიგრაცია მოსდევდა შედეგად. ჩვენი გვარების განსახლებაც მიგვანიშნებს ამაზე. ერთი და იგივე გვარი ხომ ხშირად ფიქსირდება სხვადასხვა კუთხეში. ეს მიგრაციის შედეგია. ამავე შიდა გადასახლებების შედეგადაა წარმომდგარი გვარები-- სვანიძე, გურული, მეგრელიძე, კახელიშვილი, მესხი, ჯავახიშვილი და რამდენი ჩამოვთვალო...


ასეთი შესავალი იმიტომ წაეუმძღვარე თქვენდამი მოძღვნილ წერილს ემიგრანტებო, რომ უფრო ნათლად დამენახებია თქვენთვის, რომ დღეს ჩვენ ისტორიაში არნახულ განსაცდელშია ქართველობა, ხოლო თქვენი ემიგრაცია ამის შედეგი. ძალიან ხშირად ვეკითხებით ერთმანეთს, თუ რა არის გამოსავალი ამ უსისხლო ომში და რით შეგვიძლია ვიბრძოლოთ ქართველებმა. ამის პასუხად გეტყვით, რომ უმთავრესი მოძრაობა რაც უნდა დავიწყოთ ქართველებმა ეს ქართული მიწის დაპატრონებაა. ემიგრაციამ კი ამ საქმეში გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს.


იყიდეთ მიწა საქართველოში ემიგრანტებო, რამდენსაც შეძლებთ, მოიძიეთ მანდ უცხოეთში სოფლის მეურნეობის მომგებიანი და სუპერთანამედროვე ტექნოლოგიები, დაბრუნდით და აქ ააწყვეთ შემოსავლის წყაროები. მერწმუნეთ საქართველო ბევრად ნაყოფიერია თქვენს მიერ არჩეულ ქვეყნებზე. აქ პრობლემა ხომ ტექნოლოგიების და საწყისი ფინანსების არქონაა თორემ აქაც შეიძლება მიწიდან სარგებლობა და სოლიდური შემოსავლის გაჩენა. მე პირადად სოფელში გადავბარგდი.


 ,,გააგრძელე საქართველოს ისტორიას,, ჩემი ხელფასიც შეეწირა და ჯიუტი ქართველობისთვის შავ სიაში შემიყვანეს ქოც-ნაცებმა. ამიტომ ოჯახში შემორჩენილი დიდი მხატვრის ორიგინალი ჩამოვხსენი კედლიდან, გავყიდე და იმ ფულით ჯიშიანი თხების ყიდვა დავიწყე. შემოსავლიანი საქმეა და შრომა არც ჩემთვისაა უცხო. ჩემი წილი მიწა მე უკვე გადავიბარე სოფლად და მას არ გავაცივებ....


 წელს საქართველოს უამრავი ტურისტი მოაწყდა და ხალხმაც არ ნახა ცუდი შემოსავალი. ეს ტურიზმში და მასზე მიბმულ ბიზნესებში მომუშავე ახლობლებისგან ვიცი. მაგრამ იმასაც ვხედავ ემიგრანტებო, რომ ოცდამეერთე საუკუნის სუპერთანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი უცხოტომელები ეპატრონებიან ქართულ მიწას და ბიზნესებს აქ.


თქვენ საშოვნელს ისინი შოულობენ და თქვენგან დაცარიელებულ ადგილებს იკავებენ.  არადა ემიგრაციის უმეტესობას ხომ სული გეხუთებათ საქართველოს გარეშე? მე ესეც ვიცი, რადგან უამრავ თქვენთაგანთან მაქვს მიმოწერა. ამ კრიზისიდან გამოსავალი კი ერთადერთია. მიზნად დავისახოთ დაბრუნება, ოღონდ არა თბილისში აშენებულ ბინებში, არამედ ფინანსით და ტექნოლოგიებით აღვჭურვილები სოფელს დავუბრუნდეთ. სოფელს, რომელშიც დოვლათს შევქმნით და საქართველოს მიწას ქართველები დავიკავებთ...


იმასაც მოგახსენებთ, რომ ძირძველი თბილისელი, იმდენად ვეღარ ვცნობ ჩემ ქალაქს, რომ არჩევანზე რომ მიდგეს საქმე მე ამ ქალაქში სახლს არ ვინატრებდი, შვილების აქ აღზრდას მითუმეტეს.


ემიგრანტებო იფიქრეთ და იზრუნეთ ღონიერად დაბრუნებისთვის. თქვენ წყალივით ჭირდებით საქართველოს, რომელსაც უთქვენობის გამო უღვთოდ ყიდიან ქოც--ნაცური იუდა მთავრობები....“ - წერს გურამ ქართველიშვილი.


 


 


 

წყარო: ალია