მოსახლეობა თხილის მოსავლით და ფასითაც უკმაყოფილოა

  • ალია
  • 29 აგვისტო 15:28, 2018 წელი

დასავლეთ საქართველოში იმედიანად დაწყებული სეზონი წარუმატებლად გრძელდება.

გურიასა და სამეგრელოს სოფლების უმეტეს ნაწილში ხალხი თხილის მოსავლით უკმაყოფილოა, შესაბამისად, ფასიც დაბალია. მართალია, თხილის მაქსიმალური ღირებულება 5 ლარია, მაგრამ ამ ფასად პროდუქტის გაყიდვა თითქმის წარმოუდგენელია. ხარისხის მიხედვით, ფასი იკლებს და 1 კგ. თხილის რეალური ღირებულება 2 ლარს იშვიათად აჭარბებს.


მოსავლის სიმცირე ფაროსანას გავრცელებამ და "ნაცრის" სახელწოდებით ცნობილმა დაავადებამ გამოიწვია.


ამ ეტაპზე საწარმოები ძველ მოსავალს არ იღებენ, ხოლო ახალი თხილი ბაზარზე დაახლოებით, საშუალოდ, 1,80-2,5 ლარის ფარგლებში იყიდება. დაახლოებით ამდენივე ღირდა შარშანაც. მიუხედავად იმისა, რომ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესი წელს თითქმის ყველა რაიონში გააქტიურებულია და ამისთვის სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, მოსავლის შედეგზე ეს ძალისხმევა დიდად არ ასახულა. წინა წელთან შედარებით, უკეთესი მოსავალი ნამდვილად არის, მაგრამ არც იმდენი, რომ გაწეული შრომის შედეგი მოსახლეობამ იგრძნოს.


თხილის ფასით ყველაზე მეტად ადგილობრივი მოსახლეობა დაზარალდა. სამეგრელოს მცხოვრებლები ამბობენ, რომ გაძვირებას დაელოდებიან და თხილს მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში გაყიდიან.


"მთელი წელიწადი ამ შემოსავალს შევყურებთ, არსებობის სხვა საშუალება არ გვაქვს. თითოეული ოჯახის კეთილდღეობა ამ შემოსავალზეა დამოკიდებული. რა გამოვიდა, იაფად უნდა გავყიდოთ და არსებობის ეს წყაროც მოვისპოთ. ასეთ დროს თხილი ყოველთვის ძვირად იყიდებოდა, მაგრამ ბაზარი არ კონტროლდება და "ვიღაცისთვის" რა ფასადაცაა ხელსაყრელი, მეწარმეები იმ ფასად იბარებენ, ცხადია, ხელოვნურად დააგდეს ფასი. სხვა მიზეზს ვერ ვხედავთ. მთელი 1 კვირა შეგნებულად არ გავყიდე, მაგრამ ოჯახს შიმშილით ხომ არ ამოვხოცავ, იძულებული გავხდი, გამეყიდა, პურის ფული რომ მქონოდა. ამ დღეშია ყველა, ვინც მოსავალი აიღო", - ამბობს ზაურ გუდავა, ზუგდიდის რაიონის მკვიდრი.


ხობის მუნიციპალიტეტის მკვიდრი გრიშა თოდუა ამბობს, რომ მათი კეთილდღეობა თხილის მოსავალზეა დამოკიდებული, იგი ძირითადი პროდუქტია, რისი იმედიც ადგილობრივებს ყველაზე მეტად აქვთ.


"მუდმივად ვაკვირდები, როდის რა ღირს თხილი და რისი იმედი უნდა მქონდეს სამომავლოდ. მოსავალმა თუ გაამართლა, ამაზე სტაბილური შემოსავალი აქ არაფერია, მაგრამ მდგომარეობა წლიდან წლამდე უარესდება. არ შეიძლება, შუა სეზონზე თხილი ასე იაფი ღირდეს. წარმომიდგენია, რა სიმწრით ყიდის ხალხი, იძულებული არიან, 2-2 კილოგრამობითაც გაყიდონ, რომ პური მიიტანონ სახლში. შვებით ამოვისუნთქავთ, თუ ფასი აიწევს. ცოტაც დაფნა და ციტრუსი დაემატება და მეტი შესაძლებლობა გაგვიჩნდება", - ამბობს ხობელი გლეხი.


ზუგდიდელი კოლხი ბიგვავა ამბობს, რომ თხილს ვერ ყიდის, რადგან იაფია, მაგრამ შენახვაც აშინებს.


"გამოუვალ სიტუაციაში აღმოვჩნდით. 2 ტონა თხილი მომყავდა და წლევანდელი მოსავალი 1 ტონასაც ვერ აღწევს. ვერ გადამიწყვეტია, რა მოვუხერხო. იაფი ღირს და ვერ ველევი, მაგრამ არც ის ვიცი, გაძვირდება თუ არა სამომავლოდ. 5-6-ჯერ შევწამლე, ამაზე მეტი ფინანსურადაც ვერ შევძელი, თითო შეწამვლა 100 ლარზე ძვირი მიჯდებოდა. შრომის მიუხედავად, შედეგი არ მაქვს, ვერც თხილის დაავადება მოვსპეთ. მგონია, რომ მცენარე გამოჯანმრთელდა, მაგრამ თვე არ გადის და ისევ პრობლემა იწყება. ამბობენ, რომ ხარისხიანი მოსავალი 5 ლარია, მაგრამ მთელ სოფელში არავინ მეგულება ისეთი, ამ ფასად თხილი გაეყიდა. 2,5 ლარზე ძვირად წელს თხილი არ გაყიდულა. ცხადია, ეს არ არის ის ფასი, რისი მოლოდინიც მოსახლეობას ჰქონდა. ხალხს იმდენად გაუჭირდა, რომ 4-5 კილოგრამი მოაქვთ ჩასაბარებლად, რათა აღებული თანხით საჭმელი იყიდონ. გაჭირვება რომ არა, ამ ფასად თხილს არავინ გაყიდდა", - ამბობს მეგრელი გლეხი.


ანალოგიური ვითარებაა გურიაშიც. ლანჩხუთელი მეწარმე გოჩა ზენაიშვილი ამბობს, რომ წელს ოდნავ უკეთესი მოსავალია, მაგრამ ხარისხის მხრივ კვლავ სერიოზული პრობლემაა.


"ბევრი მიტოვებული ოჯახია, არ იწამლება თხილი და გარშემო თხილნარები ფუჭდება. წელს ცოტათი უკეთესი ვითარებაა, რაც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ოჯახებს დაეტყოთ. რეალურად ძალიან რთული მდგომარეობა გვაქვს, ისეთი პერიოდია, როცა თხილზე იმედს ვერ დაამყარებ, არც სხვა გამოსავალია. თქვენ წარმოიდგინეთ, 2 ლარზე ძვირად თხილი არ გაყიდულა, როცა სულ რამდენიმე წლის წინ 10 ლარს აჭარბებდა ფასი", - ამბობს ზენაიშვილი.

წყარო: ალია