რა გავლენას ახდენს დედის წყევლა შვილზე?

  • თბილისელები
  • 27 აგვისტო 14:37, 2018 წელი

ადამიანებზე ყველაზე დიდ ზეგავლენას მთვარე ახდენს. მთვარეა ადამიანის ემოციური ცენტრი, რომელიც აყალიბებს მის ემოციებს და ქვეცნობიერ სამყაროს.

ადამიანი კი, ბევრად არის დამოკიდებული ემოციებზე. არსებობს მთვარის დადებითი და უარყოფითი დღეები. მთვარის უარყოფით დღეებს ასტროლოგები სატანურ დღეებს ვუწოდებთ. ისინი დგება ახალმთვარეობიდან მეორე, მესამე, მეხუთე, მეცხრე, მეთორმეტე, მეცამეტე, მეცხრამეტე, ოცდამეცხრე (განსაკუთრებით საშიში დღეა) დღეს. ასეთია თვით ახალმთვარეობაც, რომელიც ამ ოცდამეცხრე დღეს მოჰყვება. ეს დღეები, ძალიან მძიმე და ნეგატიურია. ამ დროს კოსმოსიდან დედამიწაზე ძალიან უარყოფითი ენერგია მოდის. სატანურ დღეებში ძალიან დიდ ძალას იძენს წყევლაც. ადამიანებში დაგროვილი უარყოფითი ენერგია იგზავნება კოსმოსში, მას ემატება მთვარისგან წამოსული ნეგატიური ენერგია და ეს საშიში ენერგია სწორედ მთვარის სატანურ დღეებში ორმაგდება. ამიტომ, ასეთ დროს იწყებენ გააქტიურებას ისინი, ვინც სხვის მიმართ არაკეთილმოსურნენი არიან და ცხადია, წყევლით აორმაგებენ ამ ნეგატიურ, უარყოფით ენერგიას. შეიძლება, საქმეში სიყვარული ჩააქსოვო, მაგრამ ეს ნეგატიური ენერგია სიყვარულის ენერგიას ანეიტრალებს. ასტროლოგიურად, მსგავსი საქმიანობა უმჯობესია დადებითი მთვარის დღეებში. სატანურ დღეებში ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ და განსაკუთრებული, მნიშვნელოვანი და ახალი არაფერი დაგეგმოთ, რადგან ყოველთვის გამოჩნდება ხელისშემშლელი ფაქტორები. თუ დედა სატანურ დღეებში დაწყევლის შვილს, შეიძლება, ბავშვი ქუჩაში გავიდეს, წაიქცეს და ტრავმა მიიღოს; ან მივიდეს ინსტიტუტში და იქ კონფლიქტი მოუვიდეს თავის მეგობართან ან თანაკურსელთან; ან, შეიძლება, თავი შეუძლოდ იგრძნოს და ამის არავითარი მიზეზი არ ჰქონდეს. ერთი სიტყვით, დედის წყევლის შედეგი შვილზე სხვადასხვა ფორმით შეიძლება აისახოს. ეს ერთგვარი დასჯაა კოსმოსისგან და შეიძლება მაშინვე არა, მაგრამ დედისგან კოსმოსში გასული ნეგატიური ენერგია ბუმერანგივით ერთი კვირის შემდეგ დაბრუნდეს და შვილს პრობლემები შეექმნას. ამიტომ, უნდა მოერიდოთ ყველაფერს, რაც სამყაროში აგრესიის გაგზავნას უწყობს ხელს, მათ შორის წყევლასაც.


ასევე, თუ ადამიანი საკუთარ დაბადების დღეს წყევლის, მას აბსოლუტურად არ ესმის კოსმიური კანონები. თქვენ სამყარომ მოგიყვანათ იმ დღეს, იმ წუთს და იმ წამს, როცა გაჩნდით, რასაკვირველია, ეს შემთხვევით არ მომხდარა. სამყაროში შემთხვევით არაფერი ხდება და ყველაფერი კანონზომიერია. მოგიყვანათ იმ დღეს, როცა გარკვეული პლანეტარული სისტემა იყო და მათმა ზემოქმედებამ შეიძლება, გაგაბედნიეროთ ან გაგაუბედუროთ კიდეც. დედამიწიდან კოსმოსში ყველაფერი იგზავნება და ეს კანონზომიერია. ვარსკვლავებს კი, პირდაპირი კავშირი აქვთ კონფლიქტებთან, ავტოკატასტროფებთან, ავადმყოფობებთან, ჯანმრთელობის გაუარესებასთან და ასე შემდეგ. მთვარის სატანურ დღეებში მოზღვავებულია შავი ძალების გავლენა, რაც მაქსიმალურად უწყობს ხელს სხვადასხვა სახის ტრავმებს, კატასტროფებსა და ავარიებს. ამ დროს კოსმოსიდან დედამიწაზე უარყოფითი ენერგიის დიდი ნაკადი მოდის და ფრთხილად უნდა ვიყოთ.
თითოეულ ჩვენგანს ამ სამყაროში საკუთარი ადგილი და გარკვეული ფუნქცია აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვექვემდებარებით სხვადასხვა სეზონურ ცვლილებასა და პლანეტარულ ზემოქმედებას, მაინც არ მივეკუთვნებით აბსოლუტურად განპირობებულ ქმნილებებს, რადგან მხოლოდ ჩვენს ხელშია შესაძლებლობები, რაც, შეიძლება, გამოვიყენოთ ან არ გამოვიყენოთ. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ბუნებისა და კოსმოსის კანონზომიერებათა გათვალისწინება.


ერთი თვის განმავლობაში მთვარე მთლიანად გადის ზოდიაქოს რკალს, თორმეტივე ნიშანს და ქმნის გარკვეულ კონფიგურაციებს სხვა პლანეტებთან მიმართებაში. მაგალითად, როცა მთვარე ქმნის 90-გრადუსიან, უარყოფით, დაძაბულ ასპექტს მარსთან, სატურნთან ან ურანთან, ეს მოქმედებს საჰაერო მოგზაურობასა და საგზაო მოძრაობაზე. ამ პერიოდში მაღალი ალბათობაა იმისა, რომ უსიამოვნებები შეიქმნას მგზავრობისას. ამას თუ ემატება ახალმთვარეობის დღეები, მაშინ სიტუაცია კიდევ უფრო იძაბება, რთულდება და, შესაბამისად, რისკიც იზრდება. სწორედ ახალმთვარეობის დროს იმატებს მკვლელობების, ავარიების, კატასტროფებისა და სხვადასხვა დაავადების გამოვლენის სტატისტიკური მაჩვენებელი.
ადამიანის კოსმიური დასჯა ყოველთვის არის გარკვეული სიგნალი. ყველაფერი პირდაპირ კავშირშია ასტროლოგიასა და ვარსკვლავებთან, მათ მდებარეობასთან.

წყარო: თბილისელები