„მარიხუანაც კი ვერ შემოაქვთ, ამიტომ, ნარკოტიკების მიღება გარეთ ხდება“ - რა ვითარებაა ანაკლიის ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე

  • რეზონანსი
  • 26 აგვისტო 12:26, 2018 წელი

გარდაცვლილმა ნარკოტიკული საშუალება გარეთ მიიღო.

ნარკოტიკული საშუალების გაყიდვა ფესტივალის გარეთ ხდება და თვითონ, შიგნით, მარიხუანას შეტანაც კი არ ხორციელდება,"-ღნიშნული ინფორმაციის შესახებ „რეზონანსის" კორესპონდენტმა ელზა პაპოშვილი განაცხადა, რომელიც იმ დროს ანაკლიაში მიმდინარე ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე იმყოფებოდა.


„დავინახე, რომ პოლიციამ ვიღაც ბიჭს მარიხუანა ჯიბიდან ამოაყრევინა, გარდაცვლილმა გარეთ მიიღო ნარკოტიკი და შიგნით მერე შემოვიდა," - აცხადებს ის.


გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდის რეფერალურ საავადგმყოფოში სულ სამი ახალგაზრდა იქნა შეყვანილი, რომელთაგანაც ორი უკვე გაწერეს საავადმყოფოდან. ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, სინთეტიკური ნარკოტიკის მიღება იყო.


„რეზონანსის" კორესპონდენტის განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცს გული წაუვიდა, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების რეაგირება ოპერატიულად მოხდა.


„ფესტივალის მიმდინარეობის დროს, დაახლოებით ღამის 2 საათზე, ახალგაზრდა ბიჭი შეუძლოდ გახდა, გული წაუვიდა. მისი მეგობრების მიერ გამოძახებულ იქნა სასწრაფო, რომელიც ძალიან ოპერატიულად მოვიდა ადგილზე. ჩაუტარდა პირველადი დახმარება და მისი გადაყვანა სწრაფად მოხდა საავადმყოფოში. შემდგომში ინფორმაცია გავრცელდა, რომ ახალგაზრდამ დიდი დოზით მიიღო ნარკოტიკული საშუალება," - განაცხადა მან.


აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, 4 მოქალაქეა დაკავებული, რომლიდანაც 2 საქართველოს და 2 ირანის მოქალაქე გახლავთ, - ამის შესახებ „ინტერპრესიუსი" იუწყება.


„დაკავებული არიან ირანის მოქალაქეები: 1984 წელს დაბადებული ა.ქ. და 1995 წელს დაბადებული ირანის ს.ა, ასევე საქართველოს მოქალაქეები: 1985 წელს დაბადებული ი.კ. და1980 წელს დაბადებული ბ.კ.


„სამართალდამცველების მიერ დაკავებულ პირთა ჩხრეკისას სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად იქნა ამოღებულია, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.


„გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


რა მდგომარეობაა თვითონ ფესტივალის შიგნით და ხდება თუ არა ნარკოტიკული საშუალების შეტანა, - აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „რეზონანსის" კორესპონდენტმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარეობს მკაცრი კონტროლი და ფესტივალზე ნარკოტიკული საშუალების შეტანა არ ხორციელდება.


„თვითონ ფესტივალს, რაც შეეხება, აქ უმკაცრესი კონტროლი მიდის. შემოსვლის დროს, ყველას გაჩხრეკვა ხდება; ჯიბეების ამოტრიალება, საფულეების შემოწმება. მარიხუანაც კი ვერ შემოაქვთ. შესაბამისად, გამოდის, რომ ნარკოტიკულ საშუალებებს გარეთ იღებენ.


„პოლიცია ჯგუფ-ჯგუფად დადის; ნებისმიერ ადამიანთან მიდის და თხოვს შემოწმებას. თვითონ, ფესტივალის შიგნით პოლიცია ძალიან მკაცრად აკონტროლებს 24 საათის განმავლობაში და ამიტომაც, ფიზიკურად, აქ რამის შემოტანა, არის შეუძლებელი," - განაცხადა ელზა პაპოშვილმა.


 

წყარო: რეზონანსი