გარეული მხეცები ხალხს საქონელს და მოსავალს უნადგურებს

  • რეზონანსი
  • 25 აგვისტო 12:24, 2018 წელი

საქართველოს რეგიონებში, თითქმის ყველგან, სადაც მოსახლეობის სიმცირეა, ხალხი მგლებსა და დათვებს ვერ იგერიებს.

მართალია, მხეცი ჯერჯერობით ადმიანებს არ ერჩის მაგრამ პირუტყვსა და მოსავალს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. 


ბოლო რამდენიმე წელია, მტაცებლებმა ტყიდან, სოფლებისკენ და ადამიანების საცხოვრებელ სახლებთან ახოლოს გადაინაცვლეს. მოსახლეობა ხელისუფლებისაგან დამხარებას ითხოვს,  სოფლის მცხოვრებლები გარეულმა ცხოველებმა, ფრინველებმა და ქვეწარმავლებმა ძალიან შეაწუხეს. წლების წინ, თუ მხოლოდ საბალახოდ გადენილი პირუტყვისთვის იყო მტაცებელი საშიში, ახლა უკვე მოსახლეობის სიმცირის გამო, ეს საფრთხე უფრო გაიზარდა და ნადირი სოფელში სიარულსაც აღარ ერიდება. პრობლემა პერიოდულად შუქდება მედიასაშუალებებში. ხალხი მოითხოვს მიეცეთ მტაცებლის ლიკვიდაციის უფლება, რაც დღეს, კანონით დაუშვებლად მიიჩნევა.


 „რეზონანსი” ამ პრობლემის შესახებ წინა თვეებშიც წერდა, თუმცა პრობლემა ისვ მოუგვარებელია და სოფლები მდგომარეობა უფრო მძიმდება.  შინაური ცხოველების გარდა, საფრთხე მოსავალსაც ემუქრება, რომელსაც ტყიდან სოფლებისკენ გადმონაცვლებული დათვი ანადგურებს. 


რაჭის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისუბანში ამბობენ, რომ მოსავალი მთლიანად გაუნადგურათ ნადირმა. მართალია, მხეცის მოკვლის ნებართვა სოფელმა მიიღო, მაგრამ მისი მოშორება ხალხმა ვერ შეძლო.  გორისუბნელი ამირან მდივნიშვილის თქმით, დათვმა სიმინდის, კაკლისა და თხილის მოსავალი გაანადგურა, ხოლო მგლების შიშით, შინაურ ცხოველებს ვერ უშვებენ საძოვარზე. 


,,ერთი კვირის წინ, მეზობლის საქონელს მგელმა ყელი გამოღადრა. საკმარისია, ერთი დღე გარეთ დაგრჩეს პირუტყვი, რომ მეორე დღეს მგლისგან დაგლეჯილს იპოვნი. რეალურად ვერაფერს გავხდით, ნადირის მავნებლობა დავამტკიცეთ და მისი მოკვლის ნებართვაც მივიღეთ, მაგრამ მხეცის მოშორება დამოუკიდებლად ვერ შევძელით. მოხუების ამარა  დარჩენილ სოფელში, კაცი არ არის, რომ მხეცების მოგერიებაში დაგვეხმაროს. წელს ვერც სიმინდი ავიღე და ვერც თხილი, რადგან დათვმა გაგვინადგურა. კაკლის მოსავლის აღება ჯერ ადრეა, მაგრამ ისიც ნახევრად დათვის საკბილო აღმოჩნდა“, - ამბობს ამირან მდივნიშვილი.


წალენჯიხის რაიონის სოფელ ნაკიფოს და ჯაღრას შორის რამდენიმე კილომეტრიანი მონაკვეთი ტყეს უკავია. ადრე აქ საცალფეხო გზა იყო, თუმცა სოფლების დაცლის შედეგ ბილიკი ტევრად იქცა და ნადირი გაჩნდა. მტაცებელი კი განსაკუთრებით ჯაღაც მოსახლეობას აწუხებს. შექმნილ პრობლემაზე ,,რეზონანსთან” ადგილობრივმა ჯაბა ქებურიამ ისაუბრა. 


„ჩვენთან, ძირითადად, მგელია მომრავლებული. მხეცის შიშით საქონელი საძოვარზე ვერ გაგვიშვია. ღამე მგლების ყმუილი იკლება ქაურობას. მუდმივად იმის შიშში ვართ, რომ საქაონელი არ დაგვიგლიჯოს მხეცმა. არადა, შინაური ცხოველები აქ საარსებო წყაროა. ისეთი მდგომარეობაა, რომ ღამე ადამიანებიც კი ვეღარ გადიან უშიშრად გარეთ“, - ამბობს ჯაღრას მკვიდრი, ჯაბა ქებურია.


სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი  ანზორ მესხიშვილი ,,რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ მტაცებელი ცხოველები ძალიან სერიოზული საფრთხეა სოფლად მცხოვრები ადმიანებისათვის და მათი შინაური ცხოველებისათვის. საკითხი არა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, არამედ სამთავრობო დონეზე უნდა გადაწყდეს.  


,,სოფლებში და დაბებშიც კი ძალიან დიდი ოდენობით მომრავლდა გარეული ცხოველები და თანაც მტაცებლები. ბევრია მგელი, რომელიც მეცხვარეობის პირველი მტერია. არადა ქართული ცვხარი ერთ-ერთ მნიშვნელოვან საექსპორტო პროდუქტად შეგვიძლია ვაქციოთ. მთავრობა ამაზე უნდა აწესებდეს და იღებდეს კანონებს, თუ რა არეალში შეიძლება ნადირის გავრცელება და სად უნდა ჩაერიოს მონადირეთა კავშირი. ასევე, უნდა მოხდეს აღწერა, რამდენი შეიძლება იყოს, ხომ არ ჭარბებს, დადგენილ რაოდენობას და ა.შ. 


ხალხი ზარალობს. ცხვრის გარდა მტაცებელი ეტანება მსხვილფეხა საქონელსაც. სოფლები ისედაც იცლება და ახლა კიდევ ცხოველების შიშით ბავშვებიც ვეღარ ჩერდებიან სოფლებში. მთიან რეგიონებში, ზაფხულში ხალხი ვეღარ ჩადის მტაცებლების გამო. ამას უნდა ძალიან სერიოზული ყურადღების მიქცევა, არა მხოლოდ რაიონისა და მუნიციპალიტეტების დონეზე, არამედ ცენტარული მთავრობისგანაც. რაც მთავარია, ამ საკითხში აქტიურად უნდა იყოს ჩართული მონადირეთა კავშირი“, - აცხადებს ანზორ მესხიშვილი.

წყარო: რეზონანსი