მოსახლეობა სამედიცინო სერვისებით ვეღარ სარგებლობს

  • რეზონანსი
  • 24 აგვისტო 14:33, 2018 წელი

საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, სამედიცინო მომსახურების სერვისებით მოსარგებლე ბენეფიციარების რიცხვი 15%-საც ვერ აჭარბებს.

გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას თუ არ მივიღებთ მხედველობაში, მოქალაქეების უმეტესობას ჯანდაცვის სერვისზე თანადაფინანსების პირობებშიც კი არ მიუწვდება ხელი. რამდენიმე სხვა მიზეზთან ერთად ბენეფიციართა პასიურობა სწორედ სამედიცინო სერვისების მაღალი ფასით არის გამოწვეული.

ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოს მოსახლეობას სამედიცინო მომსახურება მუდმივად უძვირდება. ამიტომაც ადამიანები ხშირ შემთხვევაში ექიმთან ვიზიტს გაურბიან. მიუხედავად საყოველთაო დაზღვევისა, ხალხს მკურნალობისთვის მაინც დიდი თანხის გადახდა უწევს, რისი საშუალებაც არ აქვთ. საგანგაშოა სტატისტიკა, რომელიც გვამცნობს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჯანდაცვის დაზღვევით მოსარგებლე მოქალაქეების რაოდენობა 14.9%-ია.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის მეორე კვარტალის მონაცემებით, სულ გაცემულია 554,338 პოლისი, რაც თითქმის 13 ათასით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე. 2017 წლის მეორე კვარტალში სულ გაცემული იყო ჯანმრთელობის დაზღვევის 541,597 პოლისი.

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, || კვარტალის ბოლოს რეგისტრირებულია 17 სადაზღვევო კომპანია, მათი მომსახურებით მოსარგებლეთა რიცხვი კი მოსახლეობის მხოლოდ 14.9%-ია.

აღნიშნულთან დაკავშირებით "რეზონანსი" დაუკავშირდა არასამთავრობო ორგანიზაცია "გვახსოვდეს ჰიპოკრატეს" თავმჯდომარე მარინა ბერაძეს, რომლის განცხადებითაც, არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია, რა არის ჯანდაცვის დაზღვევით მოსარგებლე ადამიანების პასიურობის მიზეზი. თანაც იმ ფონზე, როცა ჯანდაცვა საქართველოში საკმაოდ დიდ თანხასთანაა დაკავშირებული.

"რეზონანსი": ქ-ნო მარინა, რა შეიძლება იყოს ჯანდაცვის პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციარების სიმცირის მიზეზი, რატომ პასიურობს ხალხი?

მარინა ბერაძე: ჯანდაცვის პროგრამებით მოსარგებლეთა მცირე რაოდენობას შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე მიზეზი. ცვლილება მოხდა იმ თვალსაზრისით, რომ ბენეფიციარები, რომლებიც სარგებლობენ კერძო დაზღვევით, ვეღარ იღებენ საყოველთაო დაზღვევის მომსახურებას. ადრე სხვაგვარად იყო, საყოველთაოსთან ერთად, კერძო დაზღვევითაც შეიქლებოდა სარგებლობა, რაც, მე ვფიქრობ, აუცილებლად აისახებოდა სტატისტიკაზე, რადგან ადამიანებს უწევთ არჩევა, რომელი დაზღვევაა მათთვის ხელსაყრელი.

ფასები ჯანდაცვის სფეროში უკლებლივ ყველას აწუხებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან ძალიან დიდი თანხა იხარჯება, მატულობს თითოეული ადამიანის ჯიბიდან გადახდილი ფულის მოცულობაც. არათუ წლიდან წლამდე, არამედ უკვე თითქმის თვითდან თვემდე იზრდება ეს ხარჯი.  მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ვერ ვაღწევთ იმას, რომ მოქალაქეები დაცულნი იყვნენ ჯანდაცვის კუთხით. ამიტომაც ჯანდაცვის მიმართულებით აუცილებელია სისტემური ცვლილება, რაც ერთხელ და სამუდამოდ სწორ პრიორიტეტებს დააყენებს და უზრუნველყოფს, რომ თანხა მიზანმიმართულად იხარჯებოდეს.

"რ".: რა აუცილებელი ცვლილებაა სასწრაფოდ გასატარებელი, რომ მოქალაქეებმა შეძლონ, დროულად ისარგებლონ ჯანდაცვის პროგრამებით და არ დაელოდონ დაავადებების უკიდურესად გამწვავებას?

მ.ბ.: აუცილებელია, წამლის ფასისა და, ზოგადად, ამ სეგმენტის ეფექტიანი კონტროლო, რადგან წამლის ფასები არის კატასტროფულად მაღალი. ასე რომ, წამლის ღირებულება საყოველთაო დაზღვევით იქნება გადახდილი თუ მოქალაქის ჯიბიდან, მაინც ტვირთია როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე თითოეული მოქალაქისთვისაც. ეს არის ნამდვილად გამოსასწორებელი და რამდენიმე წელია, ვითარების შეცვლა ვერ ხერხდება. ამისთვის კი აუცილებელია მონოპოლიური გაერთიანებების დაშლა სამედიცინო, სადაზღვევო და ფარმაციის სფეროში.

"რ".: გარდა ფინანსებისა, კიდევ რა ცვლილებაა აუცილებელი სახელმწიფოს მხრიდან ჯანდაცვის სფეროში?

მ.ბ.: სამწუხაროდ, ადამიანებმა დაინახეს, რომ ექიმთან მისვლა უფრო მეტად წვალებაა, ვიდრე მათი ჯანმრთელობისაკენ მიმართული ღონისძიება და ამიტომაც შეწყვიტეს ვიზიტები. აგრეთვე, პრობლემაა არაინფორმირებულობა ან ინფორმაციის არასწორად მიწოდება. აუცილებელია, ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის დეტალებში ბენეფიციარი კარგად იყოს ჩახედული და იცოდეს, რა ეკუთვნის. 

ავიღოთ დაფინანსების თემა. უამრავი მილიონი იხარჯება, როდესაც სახელმწიფო ადამიანებს წამლების დაფინანსების შესაძლებლობას აძლევს. სამ თვეში ერთხელ ეს ბაზა ახლდება გარკვეული წესით, მიაქვთ გამგეობებში ან მერიაში. ეს ხომ თითქოს ძალიან კარგია? ამ დროს ამას სჭირდება ბევრი ბიუროკრატიული ბარიერის გადალახვა. უამრავი პროცედურაა: ბენეფიციარი მიდის ექიმთან, გადაიხდის ვიზიტის ფულს, მიიღებს დანიშნულებას, მიაქვს აფთიაქში კალკულაციისთვის და მხოლოდ ამის შედეგ მიდის თვითმმართველობის ორგანოში, სადაც პასუხად იღებს, რომ წამლის უფასო გაცემა ხდება არა 3 თვეში ერთხელ, არამედ 4 თვეში ერთხელ. ხშირია ასეთი შემთხვევა, რადგან ამ ელემენტარული დეტალების შესახებაც კი არ აქვთ ინფორმაცია ბენეფიციარებს. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ხარჯავს ჯანდაცვაზე ფულს, მოქალაქეთა ობიექტური უკმაყოფილება მზარდია სწორედ გაურკვევლობისა და უწესრიგობის გამო. ამის გამოსწორებაზე უნდა იზრუნოს ყველამ და ეფექტური მექანიზმი შეიქმნას. ხალხის უკმაყოფილება კრიტიკულ ზღვართან ახლოსაა და ეს საბოლოოდ ყველასათვის არასასურველ შედეგებს იწვევს."

შეგახსენებთ, რომ, სტატისტიკის მიხედვით, 2012-2018 წლებში ჯანდაცვის ფასმა საქართველოში 8%-ით მოიმატა, რაც თითოეული მოქალაქის ჯიბეზე უარყოფითად აისახება.

წყარო: რეზონანსი