ფასების ზრდის ფონზე საარსებო მინიმუმმა არაადეკვატურად იკლო

  • რეზონანსი
  • 23 აგვისტო 13:14, 2018 წელი

საარსებო მინიმუმი კიდევ ერთხელ შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ფასების სიდიდით წელს ზაფხულის სეზონი აშკარად გამორჩეულია, საარსებო მინიმუმი შემცირდა.

ცვლილება გარკვეულწილად იმპორტული პროდუქტის გაიაფებამ გამოიწვია, თუმცა მოსალოდნელია, რომ მომავალი თვიდან ტენდენცია საპირისპიროდ შეიცვალოს. სტატისტიკოსების ვარაუდით, მომავალი თვიდანვე დაიწყება ფასების ზრდა და საარსებო მინიმუმის მაჩვენებელიც აიწევს.


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა ივლისში 171 ლარი და 50 თეთრი შეადგინა. წინა თვესთან შედარებით საარსებო მინიმუმი 2.5 ლარითაა შემცირებული.


საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 151 ლარი და 90 თეთრია, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი კი 287 ლარს და 80 თეთრს შეადგენს.


ოჯახის ტიპების მიხედვით, საარსებო მინიმუმი ორსულიანი ოჯახისთვის 243.1 ლარია, სამსულიანისა - 273.5 ლარი, ოთხსულიანისა - 303.9 ლარი, ხუთსულიანისა - 341.9 ლარი, ხოლო ექვსი და მეტსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 404.2 ლარია.


საარსებო მინიმუმის შეცვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს მის მგრძნობელობას საფასო ცვლილების მიმართ, თუმცა, მისივე თქმით, წლის მეორე ნახევარი არ გაგვანებივრებს დეფლაციური პროცესებით და ტენდენცია იქნება საპირისპირო.


"როგორც წესი, საქართველოს სამომხმარებლო სტრუქტურისა და ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურის გათვალისწინებით, მაისიდან სექტემბრამდე დეფლაციური პერიოდია, თუმცა ცალკეულ პერიოდებში გამონაკლისი შემთხვევაც ყოფილა. საერთო ჯამში, ამ თვეებში ფასების დონე მცირდება ხოლმე. ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ მაინც დავძენ, რომ 2018 წლის თებერვლის შემდეგ, ივლისის ჩათვლით, წინა წელთან შედარებით, ფასების ზრდა არ ყოფილა, მაგრამ ან ნულოვანი მდგომარეობა (მაისში) იყო ან ფასების შემცირება წინა წელთან შედარებით, რასაც თავისი ახსნა აქვს. კერძოდ, ბევრი საქონელი გაიაფდა, უფრო იმპორტული, ეს პროცესი დასრულდა. ჩვენ აგვისტოში გვექნება ინფლაცია, რადგან ლარის კურსი საგრძნობლად გაუფასურდა, რაც იმპორტული პროდუქტის გაძვირებას გამოიწვევს. პირველ რიგში, მოსალოდნელია მარცვლეულზე ფასების ზრდა. თუმცა იმის გათვალისწინებითაც, რომ მატულობს კომერციული სექტორისთვის ელექტროენერგიის საფასური, ამან შეიძლება პურისა და შემდეგ უკვე ჯაჭვური რეაქციით სხვადასხვა პროდუქტის გაძვირებაც გამოიწვიოს. სექტემბრიდან ინფლაციური პერიოდი გვექნება და ამას მომზადებული უნდა შევხვდეთ", - აცხადებს სტატისტიკოსი.


სოსო არჩვაძეს მიაჩნია, რომ საარსებო მინიმუმის მეთოდოლოგიის შეცვლის შემთხვევაში არსებული მონაცემების შეცვლა სავსებით შესაძლებელია.


"მეთოდოლოგია იმსახურებს, რომ გადაისინჯოს, პოლიტიკური ნება თუ იქნა, ახალ მეთოდიკაზე გადასვლა არსებითად მარტივია. არსებობს საექსპერტო შეფასებები, მეცნიერთა დასკვნები და უამრავი სხვა კვლევა, რაც ადასტურებს, რომ შეიძლება საარსებო მინიმუმის არსებული მაჩვენებლები გავზარდოთ, მინიმუმ, 60-80%-ით და რეალურ დონეს მივუახლოვოთ. არსებული სტატისტიკა რეალობას ნამდვილად დაშორებულია", - ამბობს არჩვაძე.


ექსპერტების შეფასებით, საარსებო მინიმუმის მცირედით შემცირება დიდად არაფერს ცვლის ქართულ ეკონომიკაში, რომელიც გაცილებით რთული ამოცანების წინაშე დგას. ასე ფიქრობს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ზვიად კანდელაკი, რომელსაც მიაჩნია, რომ ფასების პიკური ზრდის ფონზე საარსებო მინიმუმის შემცირება გაუგებარია.


"საარსებო მინიმუმის შემცირება, რა მაჩვენებლითაც უნდა დაფიქსირდეს, ეკონომიკისთვის თითქმის არაფერს ნიშნავს. ცხადია, ეს არის საფასო ცვლილების შედეგი. თუმცა ჩემთვის ესეც ცოტა დამაბნეველი აღმოჩნდა. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ზაფხული. მართალია, ზოგიერთი იმპორტული პროდუქტის ფასი შემცირდა, მაგრამ არნახულად მოიმატა აგრარული პროდუქტის ფასმა. ასეთ ფონზე საარსებო მინიმუმის კლებას ნამდვილად არ ველოდი. მაჩვენებელი შეიცვალა, მაგრამ ამით რა შედეგის მიღება გვინდა, არავინ საუბრობს. შეიძლება ვიღაცისთვის საარსებო მინიმუმის შეცვლა პოპულისტური განცხადებების საფუძველი გახდეს, მაგრამ ასე ნამდვილად არ ვფიქრობ. უფრო მგონია, რომ გაანგარიშების სტრატეგია გადაისინჯება, კამპანია არაერთხელ დაწყებულა და დღემდე ერთ-ერთ აქტუალურ საკითხად რჩება", - ამბობს ექსპერტი.


შეგახსენებთ, რომ "საქსტატი" საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია "საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

წყარო: რეზონანსი