ნაცნობობის გარეშე ბაზრებში ხარისხიანი რძის პროდუქტების ყიდვა ჭირს

  • რეზონანსი
  • 23 აგვისტო 11:48, 2018 წელი

აგრარულ ბაზრებში სოფლის რძისა და რძის პროდუქტების ყიდვა მომხმარებელს უჭირს.

სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის მიუხედავად, გლეხური ნაწარმის ხარისხი ხშირად უნდობლობას იწვევს, განსაკუთრებით, როცა საქმე რძის პროდუქტებს ეხება. ხშირია შემთხვევა, როცა გარევაჭრობისა თუ უშუალოდ ბაზრების ტერიტორიებზე გლეხებისგან შეძენილი რძის პროდუქტები გაფუჭებულია ან რძისგან დამზადებული არც არის. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს სფერო სახელმწიფოს უფრო მკაცრ რეგულირებას საჭიროებს.


როგორც ცნობილია, "რძისა და რძის ნაწარმის შესახებ" მოქმედებს ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ადგენს მოთხოვნებს რძის, რძის ნაწარმის, რძის შემცველი პროდუქტის მიმართ და აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ რძის, რძის ნაწარმისა და რძის შემცველი პროდუქტის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების პირობებს.


შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ პროდუქცია ნატურალური რძისგან არაა დამზადებული, ეტიკეტზე იკრძალება წარწერის დატანა: მაწონი, არაჟანი, ხაჭო, იოგურტი და ა.შ. თუმცა რამდენად ხდება აგრარულ ბაზრებში გლეხების მიერ ჩაბარებული ამ პროდუქციის კონტროლი, ისევე როგორც დახლზე მოხვედრის შედეგ შენახვის პირობებისა, უცნობია.


"რეზონანსმა" კითხვით მიმართა სურსათის ეროვნულ სააგენტოს, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.


მომხმარებელი კი უხარისხო და არასანდო პროდუქციაზე ჩივის. ამბობენ, რომ ბაზრებში ნაცნობები თუ არ ჰყავთ, ისე რძის პროდუქტებს ვერ ყიდულობენ და თუ მაინც უწევთ შეძენა, პროდუქცია ძირითადად უვარგისია. ეს, ერთი მხრივ, აზარალებს მომხმარებელს, მეორე მხრივ კი - სოფლის მეურნეობას. მომხმარებლს სოფლის პროდუქტის მიმართ ნდობა უქრება და სუპერმარკეტში ყიდვას არჩევს, მიუხედავად ფასის სხვაობისა, რადგან იცის, რომ იქ შემოწმებული და სათანადო პირობებში შენახული პროდუქტი დახვდება.


მაიკო შენგელიას მსგავსი გამოცდილება სულ რაღაც ერთი კვირის წინ ჰქონდა, როცა გლდანის სამომხმარებლო ბაზარში ნაყიდი რძე გაურკვეველი ბლანტი სითხე აღმოჩნდა.


"რძის საყიდლად ჩემი მეუღლე წავიდა. გამორიცხულია, მე დახლ-მაცივრის გარეშე დადებულ პროდუქტს არ ვიყიდდი, მაგრამ მან ასეთი მოიტანა. როცა გავხსენი, გაურკვეველი ბლანტი სითხე დამხვდა რძის ნაცვლად. აჭრილი რძე ნადვილად არ იყო, სავარაუდოდ, რაღაც ფხვნილისგან იყო გაკეთებული. მაშინვე უკან დავაბრუნეთ. გამყიდველმა უპრობლემოდ დაიბრუნა და თანხის დაბრუნებაზეც არ გამოუთქვამს პრეტენზია, მაგრამ რამაც ყველაზე მეტად გამაოცა, ბოთლი ისევ დახლზე დააბრუნა და ალბათ სხვა მომხმარებელს შეასაღა. ეს ხდება გლდანის სამომხმარებლო ბაზარში, სადაც ყოველდღე ათასობით ადამიანი ყიდულობს პროდუქტს", - ამბობს უკმაყოფილო მომხმარებელი.


ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლია კვარაცხელია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ რძისა და რძის პროდუქტების კონტროლი სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა იყოს. მისი თქმით, გარდა მალფუჭებადობისა, გასათვალისწინებელია, რომ მომხმარებლები, პირველ რიგში, ბავშვები არიან.


"რძე და რძის ნაწარმი კონტროლის გარეშე აგრარულ ბაზრებში არ შეიძლება შედიოდეს. მიმაჩნია, რომ ამ კატეგორიის პროდუქტი ორ ეტაპად უნდა მოწმდებოდეს: სოფლებში, სადაც საქონელი ჰყავთ და დახლებზეც. მესმის, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან ბევრი გაკეთდა, მაგრამ პრობლემის მოგვარება მარტივი არ არის. რძისა და რძის პროდუქტების შეძენისას დიდი სიფრთხილეა საჭირო. მაგალითად, ყველის დამზადების პროცესში რძე მხოლოდ 40%-ამდე თბება, შესაბამისად, ბაქტერიები არ კვდება და უამრავი არასასურველი მიკრობი ხვდება ჩვენს ორგანიზმში. მეორეც, აუცილებელია, დახლებზე მოხვედრილი პროდუქტი ლაბორატორიულად იყოს შემოწმებული. უნდა გვახსოვდეს, რომ მისი მომხმარებლები, პირველ რიგში, ბავშვები არიან. მე არ ვიცი, რა დონეზე კონტროლდება, თუმცა ზუსტად ვიცი, აუცილებელია კონტროლოს მკაცრი მექანიზმი, ეს უნდა იყოს პრიორიტეტი, განსაკუთრებით რძის პროდუქტები, სხვა საკვებთან ერთად", - აცხადებს კვარაცხელია.


მისი თქმით, თავისუფლად შეიძლება, რომ რძისგან, ჭყინტი ყველისა და ხაჭოსგან სტაფილოკოკის ბაქტერიები მოხვდეს ადამიანის ორგანიზმში, მით უფრო მაშინ, როცა აგრობაზრების დიდ ნაწილში დახლ-მაცივრები იშვიათობაა და მალფუჭებადი პროდუქტი ღიად ინახება. "როგორიც უნდა იყოს სტანდარტი დამზადების დროს, შენახვის პირობები თუ არ იქნება დაცული, პროდუქცია, რა თქმა უნდა, უვარგისი და ჯანმრთელობისათვის საწამლავია. გარდა ამისა, არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტიც, პირადი მაგალითი შემიძლია მოვყვე, როცა აგრარულ ბაზარში ნაყიდი ყველი სახლში მიტანიდან რამდენიმე დღეში გაურკვეველი ფორმისა და სუნის გახდა. ის აშკარად არ იყო დამზადებული რძისგან. ბევრი ადამიანისგან მსმენია იგივე"-ამბობს ლია კვარაცხელია.


სურსათის სფეროს სპეციალისტი ზურაბ ცქიტიშვილი მომხმარებელს ურჩევს - არ შეიძინონ დახლ-მაცივრის გარეთ არსებული რძის პროდუქტები, ხოლო გამყიდველს მოსთხოვონ ცნობა, რომ პროდუქცია შემოწმებულია.


"ბაზრის მაკონტროლებელი არ ვარ, მაგრამ როგორც მომხმარებელი, ყველას ვურჩევ, არსოდეს შეიძინონ რძის პროდუქტები, რომელიც სამაცივრე დახლების გარეთაა და შენახვის პირობები არ არის დაცული. ასევე, გამყიდველს უნდა მოსთხოვონ დოკუმენტი, რომ პროდუქცია ნამდვილად შემოწმებულია, წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დიდი შანსია, რომ უვარგისი საკვები მოგყიდონ," - აცხადებს ზურაბ ცქიტიშვილი "რეზონანსთან".

წყარო: რეზონანსი