უკრაინაში 10 სექტემბერს ეკლესიის ავტოკეფალიის დოკუმენტს ელიან

  • რეზონანსი
  • 22 აგვისტო 10:26, 2018 წელი

უკრაინის სასულიერო წრეებში უკვე კონკრეტულ თარიღს ასახელებენ - 10 სექტემბერს, როდესაც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭების დოკუმენტი (ტომოსი) იქნება მიღებული.

"მთავარი კარგი სიახლე - უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ ტომოსი მსოფლიო პატრიარქისგან, სავარუდოდ, უკვე 10 სექტემბრისთვის იქნება მიღებული", - აცხადებს კიევში ჩასული რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიმანდრიტი კირილ გოვორუნი. ინფორმაციას "ბიბისი უკრაინა" ავრცელებს.


მისი თქმით, ავტოკეფალიის მინიჭება და ტომოსის გამოცემა უკვე ფინალურ სტადიაშია და ბოლო მნიშვნელოვანი მოვლენები ამ პროცესში აგვისტოს მიწურულს-სექტემბრის დასაწყისშია მოსალოდნელი, რადგან 31 აგვისტოს დაგეგმილია რუსეთის პატრიარქ კირილის ვიზიტი მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსთან, რის შემდეგაც, 1-3 სექტემბერს უკრაინული ეკლესიის საკითხი კოსტანტინეპოლის საპატრიარქოს სინაქსისზე უნდა განიხილონ,  თავად ტომოსის ხელმოწერა კი დაგეგმილია.


ცნობისთვის, არქიმანდრიტი კირილ გოვორუნი წლების წინ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელი იყო უკრაინაში, შემდეგ კი მოსკოვში რუსეთის პატრიარქის დაქვემდებარებაში მუშაობდა და საკმაოდ მაღალი თანამდებობა ეკავა. 2014 წლიდან ამერიკაში მოღვაწეობს.


კიევში გოვორუნმა თავისი წიგნის პრეზენტაცია გამართა, სახელწოდებით "ტომოსის შემდეგ" და მსმენელს უკრაინული ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესის უკანასკნელი დეტალების შესახებ უამბო.


მისი თქმით, სინაქსის შემდეგ, 10 სექტემბრიდან კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს წმინდა სინოდის სხდომა დაიწყება და მასზე მოვლენები სამი შესაძლო სცენარით შეიძლება განვითარდეს.


აყველაზე მეტად მოსალოდნელი სცენარი ასეთია: 10 სექტემბერს წმინდა სინოდის სხდომაზე ტომოსს ხელი მოეწერება; მეორე სცენარით, ტომოსს ხელს მაშინვე არ მოაწერენ, ჯერ კიევის მიტროპოლიას აღადგენენ, ხოლო შემდეგ განახორციელებენ მის ტრანსფორმაციას ავტოკეფალიურ ეკლესიად და მესამე სცენარით, სინოდი უკრაინული ეკლესიის საკითხის გადადების გადაწყვეტილებას მიიღებს.


"ახლა ყველაფერი რუსეთის პატრიარქის მსოფლიო პატრიარქთან ვიზიტზეა დამოკიდებული. ეს ვიზიტი ერთადერთია, რამაც ჯერ კიდევ შეიძლება უკრაინული ეკლესიის საკითხში კონსტანტინეპოლის გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონიოს.


"ყველას გახსოვთ, რომ რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ დიდი ძალისხმევა გასწია, რათა ტომოსის ხელმოწერა შეეჩერებინა, თუმცა სადღეისოდ ეს საკითხი, პრაქტიკულად, გადაწყვეტილია", - აცხადებს გოვორუნი.


საგულისხმოა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს მეთაური ფილარეტი ავტოკეფალიის შესახებ ტომოსის მიმდინარე წლის ბოლომდე მინიჭებას პროგნოზირებს.


გარდა ამისა, 27 ივლისს კიევში კიევის რუსეთის გაქრისტიანების 1030 წლის იუბილეს დღესასწაულზე, რომელზეც 10-მდე მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია იყო შეკრებილი, წაიკითხეს მსოფლიო პატრიარქის წერილი, სადაც მკაფიოდ იყო გაცხადებული, რომ კონსტანტინეპოლის ეკლესიამ თავის თავზე აიღო "ინიციატივა, აღადგინოს მართლმადიდებელი მორწმუნე უკრაინის ერთიანობა და საბოლოო მიზანი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებაა".


ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას თქმით, პროცესები საინტერესოდ მიმდინარეობს და მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი აქტიურად ცდილობს ამ პროცესის დისკრედიტაციას, უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება დროის საკითხია.


"პროცესის ფორსირებით უკრაინული მხარეც დაინტერესებულია და მსოფლიო პატრიარქიც. იმ შემთხვევაში, თუ ფაქტი შედგება და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიას მიიღებს, რამდენიმე ხანში რუსეთის პატრიარქი კირილი ავადმყოფობის მიზეზით გადადგება.


"თუმცა პროცესები ასე ადვილად არ განვითარდება. ამ დროისთვის რუსეთის ეკლესიის, რუსეთის პოლიტიკური ელიტის, ასევე საინფორმაციო საშუალებების მხრიდან დასავლეთში დიდი ძალისხმევაა მიმართული, რომ ამ პროცესის მარგინალიზაცია მოხდეს.


"რუსეთის სპეცსამსახურები აქტიურად მუშაობენ, რომ უკრაინის ეკლესიის სრული დისკრედიტირება მოახდინონ და დასავლეთი დაარწმუნონ იმაში, რომ ავტოკეფალიის მინიჭება დიდ პოლიტიკურ კატაკლიზმებს გამოიწვევს.


"მოვლენების მიმდინარეობა ცხადყოფს, რომ მსოფლიო პატრიარქი შემართებითაა და არ გამოვრიცხავ, რომ ეს პროცესი ფინალში უახლოეს ხანში გავიდეს კიდეც. თუ პროცესი ფინალში გავიდა, რუსეთი დიფტიხში მიწინავე ადგილს კარგავს და სწორედ ამიტომაც ეს პროცესი მოსკოვისთვის ასე მნიშვნელოვანია.


"რუსეთის ეკლესია აუცილებლად დაიწყებს ქონებრივ დავასაც, ასევე, შეეცდება მხარდამჭერები გააქტიუროს უკრაინაში. ძალიან დიდი ფსონი დევს და ვფიქრობ, რომ რუსეთის სპეცსამსახურები რადიკალურ ნაბიჯებზეც წავლენ. არ მინდა, ვინმე შევაშინო, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ცუდი ამბები დაატრიალონ მსოფლიო პატრიარქის წინააღმდეგ", - ამბობს მირცხულავა.


რას იზამს საქართველოს ეკლესია, ჯერ ისევ უცნობია. საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ჯერ ფაქტი არ დამდგარა და წინასწარ ვერაფერს იტყვიან. გოჩა მირცხულავას თქმით, უკრაინის ეკლესიას კანონიკურად ეკუთვნის ავტოკეფალია და საქართველოს ეკლესიამ რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს.


 

წყარო: რეზონანსი