როგორ შეიქმნა II მსოფლიო ომის დროს გერმანიაში ქართველი ტყვეების ანსამბლი

  • რეზონანსი
  • 20 აგვისტო 10:37, 2018 წელი

საქართველოში ოჯახი არ არსებობს, მეორე მსოფლიო ომის ქარცეცხლი თავს არ დასტყდო-მოდეს.

მათ შორისაა საქართველოში ცნობილი კავსაძეების მუსიკალური ოჯახი. ცნობილი ლოტბარის -  სანდრო კავსაძის ორივე ვაჟი, დავითი და გიგუშა, 1941 წელს ომში გაიწვიეს. გი-გუშა ქერჩში დაიღუპა, დავითი კი ტყვედ ჩავარდა.


როგორ ჩამოაყალიბა ქართველი ტყვეების ანსამბლი დავით კავსაძემ, ამის შესახებ რამდენიმე საინტერესო ისტორიას გავიხსენებთ დღევანდელ სტატიაში.


დავით კავსაძე 14 წლის იყო, ჭიათურის სკოლის ლოტბარი რომ გახდა. შემდეგ თბილისის მეორე სამუსიკო სკოლაში სწავლობდა, მერე კი კონსერვატორიაში ჩააბარა. შემდეგ ის და მისი ძმა აღმოსავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიული გუნდის სოლისტები გახდნენ.


გუნდისთვის ტრიუმფული იყო 1937-1939 წლები. ამ დროს გუნდს დავით კავსაძე ხელმძღვანელობდა. სწო-რედ მაშინ ჩაიწერა 20-ზე მეტი სიმღერა, ქართული ხალხური მუსიკის მარგალიტები - "ჭონა", "თებრონე მი-დის წყალზედა", "ფერხული", "გუშინ შვიდნი გურჯანელნი", "ცანგალა და გოგონა", "ვარდო", "მურმანი" და სხვა.


1941 წლის დეკემბერში დავით კავსაძე და მისი ძმა გიგუშა ომში გაიწვიეს. ქერჩში დაიღუპა გიგუშა, დავი-თი კი ტყვედ ჩავარდა. სწორედ დავით კავსაძის მეგობარ ვალოდია ხარბედიას მოუყოლია ქართული ემიგრა-ციისთვის დავით კავსაძის ტყვეობის ამბავი.


"ქართველმა ემიგრანტებმა საფრანგეთის მთავრობის დახმარებით დავით კავსაძე პარიზში გადაიყვანეს და გუნდის შექმნაც შესთავაზეს. ქართული გუნდის შექმნის მიზნით დავით კასრაძემ საკონცენტრაციო ბანაკები-დან არაერთი ტყვე გამოიყვანა, მათ შორის იყვნენ არა მხოლოდ ქართველები, არამედ საქართველოში მცხოვ-რები სომხები, აზერბაიჯანელები, ებრაელები და მრავალი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. მან საფრანგეთში ქართველ ტყვეთა ანსამბლი შექმნა", - იგონებდა წლების შემდეგ ტყვეობიდან გათავისუფლებული დავით კავ-საძის მეგობარი ვალოდია ხარბედია.


ამის დასტურია კავსაძეების ოჯახის არქივში შემონახული ამ გუნდის ფოტო, რომელიც გადაღებულია 1945 წელს, ამერიკაში საგასტროლოდ გამგზავრებამდე. დავით კავსაძე ანსამბლს ამერიკაში არ გაჰყოლია და სამშობლოში დაბრუნება არჩია, თუმცა სამშობლომდე ვერ ჩამოაღწია, თბილისის რკინიგზის სადგურზე მომ-ლოდინე ოჯახის წევრებიდან იგი არავის უნახავს.


დავით კავსაძე სოჭში დააპატიმრეს. საბჭოთა ხელისუფლებამ იგი სამშობლოს მოღალატის ბრალდებით ციმბირში გადაასახლა, საიდანაც აღარ დაბრუნებულა. ამბობენ, 1952 წელს გადასახლებაში გარდაიცვალა, შე-იძლება დახვრიტეს კიდეც, მისი საფლავი დღესაც უცნობია.


ერთ-ერთ ინტერვიუში მამის ტყვეობის ამბავს ცნობილი მსახიობი კახი კავსაძე ასე იხსენებს:


"ბაბუა 1939 წელს გარდაიცვალა. მისი ადგილი ანსამბლში მამაჩემმა დავითმა დაიკავა. იგი არა მხოლოდ კარგი მომღერალი, კარგი ხელმძღვანელიც იყო.


"შინ დიდი ფოტო მაქვს, რომელზეც დავით კავსაძის მთელი ანსამბლია აღბეჭდილი. ომი რომ დაიწყო, ან-სამბლის ყველა მოცეკვავე და მომღერალმა ჯავშანი მიიღო ხელმძღვანელის, ანუ მამაჩემის გარდა... ის ფრონ-ტზე გაიწვიეს.


"1942 წელს ქერჩთან სასტიკი ბრძოლა გაიმართა. თვითმხილველები ამბობდნენ, ზღვაც კი იწვოდაო. იმ ბრძოლაში მამაც მონაწილეობდა... თბილისში დაღუპვის ცნობა მოგვივიდა, მერე გაირკვა, რომ მამა ცოცხალი იყო, თურმე ტყვედ ჩავარდნილა.


"გერმანელებს ტყვეებისთვის უთქვამთ, თუ საზღვარგარეთ ნათესავები ან ნაცნობები გყავთ, მოგვწერონ და გაგათავისუფლებთო. ფაშისტები იმდენად იყვნენ დარწმუნებული სწრაფ გამარჯვებაში, რომ ასეთ ნაბიჯებსაც დგამდნენ. მამას საზღვარგარეთ ნათესავები არა, მაგრამ მეგობრები კი ჰყავდა, რომლებსაც საქართველო 1921 წელს, გასაბჭოების შემდეგ დაეტოვებინათ.


"დავით კავსაძის სახელი უცხოეთში იცოდნენ და მოუწერიათ - მზად ვართ მის წასაყვანადო. მამა გაათავი-სუფლეს და ქართველი ტყვეებისგან ანსამბლის ჩამოყალიბებაც შესთავაზეს.


"მამა დადიოდა სიკვდილის ბანაკებში და ქართველებს ეძებდა. შედიოდა ბარაკებში, სადაც გაზის კამერაში წასაყვანად მომზადებული ხალხი იდგა და ქართულად იძახდა - თუ ქართველი ხართ ვინმე, გამოდითო. ქარ-თველების გარდა, სხვებიც ეხმაურებოდნენ თურმე - ავლაბრელი სომხები, კახელი აზერბაიჯანელები, ქუთა-ისელი ებრაელი, სოლოლაკელი რუსი... და მაინც ეუბნებოდა, გამოდიო.


"გერმანელი ოფიცრები საყვედურობდნენ, ამდენი ხალხი რად გინდაო?! მამა ეუბნებოდა, ჯერ უნდა შევკრი-ბო და მერეღა ამოვარჩიო, ვის შეუძლია სიმღერა და ვის - არაო. ვისაც სიმღერა არ ეხერხებოდა, მამა გაქცე-ვაში ეხმარებოდა.


"უკვე მსახიობი ვიყავი, ავსტრალიაში ვიყავი გასტროლებზე. ერთ დღესაც ვიღაც კაცი მოვიდა და მეუბნე-ბა, თქვენ დავით კავსაძის შვილი ხართ? მამათქვენმა მე სიკვდილს გადამარჩინაო.


"მერე სტუმრად მიმიწვია და სუფრასთან მომიყვა - დავითმა რომ დაიძახა, მწკრივიდან კი გავედი, მაგრამ პატიოსნად გამოვტყდი, სიმღერა არ ვიცი-მეთქი. ეგ არაფერიო, - დამამშვიდა. ცოტა გამოკეთდი და როგორც საშუალება გექნება, გაიქეციო. ასე მოვხვდი ავსტრალიაში.


"მამამ ანსამბლი ჩამოაყალიბა, რომელსაც ქართული ეროვნული სამოსი ჩააცვეს და კონცერტების გამართვის უფლებაც მისცეს. 1945 წელს ომის დამთავრებას პარიზში შეხვდა, სადაც მისი ანსამბლი დიდი წარმატებით სარგებლობდა და ამერი-კაში საგასტროლოდაც ემზადებოდნენ..." - იხსენებს კახი კავსაძე.

წყარო: რეზონანსი