16 წლის გოგონას თვითმკვლელობა შეიძლება "ფეისბუკით" შანტაჟს, ან ინტერნეტთამაშს უკავშირდებოდეს

  • რეზონანსი
  • 17 აგვისტო 11:55, 2018 წელი

გურიაში, სოფელ ნატანებში, 16 წლის გოგონას თვითმკვლელობის მიზეზი, შესაძლოა, "ლურჯი ვეშაპის" მსგავსი ახალი ინტერნეტთამაში გამხდარიყო - საშიში ქალი სახელად "მომო".

გოგონას მეზობლები "რეზონანსთან" ყვებიან, რომ მან თვითმკვლელობამდე წერილი დატოვა, სადაც ოჯახს ბოდიშს უხდის და აღნიშნავს, რომ მას სხვა გზა არა აქვს. მეზობლების ინფორმაციით, გოგონას სოციალური ქსელით ვიღაც აშანტაჟებდა და ბოლო დროს მის უცნაურ ქცევაზე მისი მშობლებიც საუბრობდნენ.


ბოლო რამდენიმე კვირაა, მსოფლიოს ინტერნეტსივრცე ახალმა თამაშმა დაიპყრო. საშიში "მომოს" შესახებ ვიდეომასლა ქართულ ენაზეც არის. "მომო" ტოკიოს ვანილას გალერეის ექსპონატის პროტოტიპია - ქალი ფრინველის ფეხებზე.


ინტერნეტბოტთან ბავშვები კავშირს მობილური ტელეფონით ამყარებენ, შემდეგ კი იგი აგზავნის საშიშ ხმოვან და ტექსტურ შეტყობინებებს. "მომო" იძლევა მითითებებსაც და უკანასკნელი დავალება მისგან, მსგავსად "ლურჯი ვეშაპისა", თვითმკვლელობაა.


"იუნისეფმა" ამ თამაშთან დაკავშირებით ბავშვების მშობლები გააფრთხილა და ვარაუდობენ, რომ მის უკან სწორედ "ლურჯი ვეშაპის" შემქმნელი ან კონკრეტული ჯგუფი დგას, რომლის ინტერნეტსივრციდან გაქრობაც ბოლო რამდენიმე თვეა მოხერხდა, თუმცა მათ, სავარაუდოდ, ახალი თამაში შექმნეს.


"ვიცი, რომ ჯოჯოხეთში მოვხვდები, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, გთხოვთ, მაპატიოთ" - ეს არის გარდაცვლილი 16 წლის გოგონას ბოლო სიტყვები, რომელიც მან მშობლებს დაუტოვა.


სოფელ ნატანების საჯარო სკოლაში, სადაც გარდაცვლილი სწავლობდა, მისი თანაკლასელები ადასტურებენ, რომ გოგონა ბოლო დროს უცნაურად იქცეოდა. მათი თქმით, სულ სიკვდილზე საუბრობდა და თითქოს რაღაცის ეშინოდა, თუმცა კონკრეტულად რისი, ამაზე კლასელებთან არ უსაუბრია.


მისი კლასის დამრიგებელი ნანა სამხარაძე "რეზონანსთან" გამორიცხავს, რომ მოზარდის სიკვდილის მიზეზი ახალი ინტერნეტთამაში გამხდარიყო. მისი თქმით, გოგონა საკმაოდ ღია და გახსნილი იყო, ამიტომაც ის ასეთ თამაშს არასდროს ითამაშებდა.


კლასის დამრიგებელი ამბობს, რომ ბავშვს ოჯახშიც არანაირი პრობლემა არ ჰქონია და მშობლები მოზარდზე განსაკუთრებულად ზრუნავდნენ.


აღსანიშნავია, რომ ბავშვმა თავი დედის დაბადების დღეზე ჩამოიხრჩო.


"იმდენად პოზიტიური ბავშვი იყო, რომ მას მოწყენილს ვერასდროს ნახავდით. მისი დამრიგებელი მეხუთე კლასიდან ვარ. საკმაოდ კარგად სწავლობდა, უყვარდა სიმღერა და ცეკვა. სიცოცხლით იყო სავსე. წარმოუდგენელია, რომ მას ეს რაღაც თამაში ეთამაშა.


"მისი მეგობრებიდან როგორც ვიცი, არც შეყვარებული ჰყავდა და სიყვარულის გამოც სიკვდილს სრულიად გამოვრიცხავ. ძალიან მეგობრული ურთიერთობა მქონდა მასთან და აუცილებლად მეტყოდა, რაიმე პრობლემა რომ ჰქონოდა.


"საკმაოდ ძლიერი ბავშვი იყო, ასე ადვილად მას ვერ ჩაითრევდნენ რაიმე ტიპის თამაშებში. განათლებული და ჭკვიანი იყო, მისით მანიპულირება ასე ადვილად ვერ მოხერხდებოდა", - ამბობს სკოლის მასწავლებელი "რეზონანსთან".


შინაგან საქმეთა სამინისტროში "რეზონანსს" განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, დაინტერესდება თუ არა გამოძიება გოგონას შესაძლო თამაშით და სოციალურ ქსელში შანტაჟით.


ფსიქოლოგები ამბობენ, რომ მსგავსი სახიფათო თამაშებისთვის მოწყვლადი ჯგუფები ძირითადად არასრულწლოვნები არიან. ისინი მშობლებს მოუწოდებენ, რომ შეეცადონ, დაამყარონ შვილებთან მეგობრული და თანამშრომლური ურთიერთობა, რათა მოიპოვონ მათი ნდობა და ესაუბრონ მათ გატაცებებსა თუ შიშზე.


აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოში ბავშვებმა "მომოს" შესახებ ბევრი იციან. ზოგი მონსტრს ინტერესის გამო თავადაც უკავშირდება და მის დავალებებს იღებს.


ფსიქოლოგები აბობენ, რომ ბავში თუ მსგავსი სახის თამაშით არის გატაცებული, მას ამის ნიშნებიც უნდა ჰქონდეს. პირველი - ის ხდება ჩაკეტილი და აგრესიული. ხშირად ბავშვები ასეთ თამაშს ღამე მშობლებისგან ჩუმად თამაშობენ. ასევე, შესაძლოა, მათ სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდეთ. ფსიქოლოგები მშობლებს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებენ.

წყარო: რეზონანსი