თბილისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის დამატებითი ეტაპი 20 აგვისტოს დაიწყება

  • pia.ge
  • 15 აგვისტო 14:31, 2018 წელი

საზოგადოების მოთხოვნის გათვალისწინებით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო აღსაზრდელთა დამატებით რეგისტრაციას აცხადებს.

ინფორმაციას დედაქალქის მერია ავრცელებს.


2018-2019 სააღმზრდელო წლებისთვის, დამატებითი რეგისტრაციის მიზნით, განცხადებების მიღება საბავშვო ბაღებში 20 აგვისტოს დაიწყება და 7 სექტემბრამდე გაგრძელდება.


აღსაზრდელთა რეგისტრაცია რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით მოხდება:


განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები;



დედმამიშვილები (რომლებმაც ვერ მოასწრეს რეგისტრაცია, რეგისტრირებული არიან სხვა ბაღში და სხვა);
ბაგა-ბაღის თანამშრომლის შვილები;



სოციალურად დაუცველი ბავშვები (რომლებმაც პირველ ეტაპზე დარეგისტრირება ვერ მოახერხეს);
იმავე რაიონში რეგისტრირებული აღსაზრდელები, სადაც მდებარეობს ბაგა-ბაღი;
სხვა დანარჩენი განცხადებები.
 


რეგისტრაციის მსურველებმა კონკრეტულ საბავშვო ბაგა-ბაღს განცხადებით უნდა მიმართონ და  შესაბამისი დოკუმენტაცია წარადგინონ. კერძოდ, ბავშვის დაბადების მოწმობა; რეგისტრირებული მისამართის დამადასტურებელი ცნობა ან ამხანაგობის მიერ გაცემული ცნობა, რითაც ოჯახის კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტი დასტურდება; სამედიცინო ცნობა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის; ცნობა სოციალურად დაუცველის სტატუსის შესახებ; თანამშრომლის შვილის შემთხვევაში, თანამშრომლის დანიშვნის ბრძანება ამავე ბაგა-ბაღში.


განაცხადების მიღება სასურველ ბაგა-ბაღში იწარმოებს, საიდანაც მათი გადაგზავნა ბაღების მართვის სააგენტოში მოხდება.


კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ბავშვი შესაბამის ბაგა-ბაღში ჩაირიცხება.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge