"შვილიშვილმა კი არ დამაბერა, გამაახალგაზრდავა"

  • სარკე
  • 15 აგვისტო 14:03, 2018 წელი

პროდიუსერი კახა მამულაშვილი, იგივე მამულიჩა, 47 წლის ასაკში ბაბუა გახდა. 

პატარა მამულიჩა მამას უფროსმა შვილმა, ნიკოლოზმა აჩუქა, რომელიც კახა მამულაშვილს პირველი ქორწინებიდან ჰყავს. პროდიუსერს მეგობრები უკვე ბაბულიჩას ეძახიან.  თავისი ემოციები აწ უკვე უფროსმა მამულიჩამ "სარკეს" გაუზიარა. 


გილოცავთ პაპად გახდომას. როგორ შეხვდით ამ საამაყო სტატუსს?


-დიდი მადლობა. როცა ალექსანდრე დაიბადა, ბათუმში ვიყავი. დილის 6 საათი იყო და პირველივე რეისით გამოვფრინდი თბილისში. დაიბადა 3 კილო და 100 გრამი და 51 სანტიმეტრი. შვილიშვილი ძალიან საყვარელი ყოფილა. 


როცა ბავშვი პირველად აიყვანეთ ხელში, ხომ არ ატირდით? 


-ჯერ ხელში ვერ ავიყვანე გვერდიდან ვუყურებ. მეშინია რამე არ ვატკინო. ჩემი ემოციები ცრემლებამდე არ მისულა, მაგრამ უზომოდ გახარებული ვარ და ბედნიერი ვარ. შვილიშვილი ახალი სტიმულია ჩემს ცხოვრებაში. ვერ დავეთანხმები გამოთქმას, რომ შვილიშვილი ადამიანს აბერებს. ალექსანდრეს დაბადებამ და ბაბუის სტატუსმა უფრო გამაახალგაზრდავა. 


როგორ მოგილოცათ პირველი შვილიშვილი მეუღლემ, ლელა წურწუმიამ? 


-თვითონაც ბებია გახდა, რადგან ნიკოლოზის გაზრდაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი და ჩვენი შვილისგან, მარიკოსგან არასოდეს გაურჩევია. ამიტომ ლელაც ძალიან გახარებულია. ყველაზე მეტად კი მარიკოა გახარებული, რომ მამიდა გახდა. რაც გაიგო, რომ მის ძმას შვილი ეყოლებოდა, იმ დღიდან ამ თემით იყო დაკავებული და ალექსანდრე როცა გაჩნდა, ემოციებმა შემოუტია. ჯერ არ უნახავს, ბაკურიანში ისვენებს და დღეებს ითვლის, როდის ნახავს თავის ძმიშვილს. 


მოგვიყევით თქვენს შვილზე, რას საქმიანობს, როგორია თქვენი მამაშვილობა?


ნიკოლოზი 24 წლის არის.ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ხასიათებით ცოტა განვსხვვავდებით, მაგრამ ძალიან კარგი ბიჭია. ერთ-ერთ კომპანიაში მარკეტინგის სამსახურში მუშაობს. მისი მეუღლე ნუკი ფაღავაა. პირველი შვილი ეყოლათ და იმედი მაქვს ერთზე არ გაჩერდებიან. 


მამათილის  ამპლუაში როგორი ხართ?


-არაჩვეულებრივი გოგოა და ძალიან მიყვარს, იგივე ჩემი შვილია. ნიკოლოზი ძალიან უყვარს და ამაზე მნიშვნელოვანი რა უნდა იყოს ჩემთვის?


 

წყარო: სარკე