დედაქალაქში ტაქსით მგზავრობა უკვე გაძვირდა

  • რეზონანსი
  • 15 აგვისტო 11:00, 2018 წელი

ბოლო დღეებში ტაქსით გადაადგილება გაძვირდა. მიზეზი, 1-ელ აგვისტოს ამოქმედებულ რეგულაციებთან ერთად, ეროვნული ვალუტის გაუფასურებაა, რაც მძღოლებს საწვავის ფასის ზრდის მოლოდინს უჩენს.

მათ თადარიგი დაიჭირეს და მომსახურება 1 ლარით გააძვირეს. ამ ტენდენციას ადასტურებენ როგორც მძღოლები, ასევე ის ადამიანები, რომლებიც ტაქსით ხშირად სარგებლობენ.


დედაქალაქის მერიამ ახალი რეგულაცია შემოიღო, რომლის მიხედვითაც, მძღოლი ვალდებულია, რეგისტრაცია გაიაროს და ამისათვის 100 ლარი გადაიხადოს. მძღოლების თქმით, მცირე შემოსავლის პირობებში ეს მათთვის წნეხია და ტარიფის მატებაც ამითაა განპირობებული. გარდა ამისა, 1-ელ აგვისტოს შემოღებულ რეგულაციას დროში დაემთხვა ლარის კურსის გაუფასურების შეუქცევადი ტენდენციაც, რის გამოც მძღოლები საწვავის გაძვირების საფრთხეს ხედავენ და მათ თადარიგი უკვე დაიჭირეს. უმეტეს შემთხვევაში მგზავრობის ღირებულება 1 ლარით გაიზარდა.


თუ გადავხედავთ ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, თვალსაჩინო გახდება, რომ ყველაფერი ნელ-ნელა ძვირდება. ის, ვისაც ოფიციალური სამსახური არ აქვს, მაგრამ სჭირდება ყოველდღიური შემოსავალი და საარსებო წყარო, "ტაქსაობას" მიმართავს. არიან ისეთებიც, რომლებიც სამსახურის შემდეგ რამდენიმე საათი გადიან "სატაქსაოდ", რაც მათთვის დამატებითი შემოსავალია.


ამ თვითდასაქმებული ადამიანებისთვის, რომელთა ზუსტი რაოდენობაც უცნობია, ახალი რეგულაცია საზიანო აღმოჩნდა და კომპენსაციას, როგორც ყველა სხვა ბიზნესი, მომხმარებლის ხარჯზე იღებენ.


დავით სეხნიაშვილი 12 წელია, ტაქსის მძღოლია. მისი აზრით, არსებული რეგულაცია პირველი ეტაპია და სახელმწიფო ცდილობს, ეს სფერო სრულად წაართვას კერძო პირებს. ბუნებრივია, რომ ყველა ახალი რეგულაცია, რომელიც დანახარჯს ზრდის, პირდაპირ ფასზე აისახება.


"ალბათ, ჩემი ცხოვრების ნახევარი მძღოლად მუშაობაში მაქვს გატარებული. ბოლო 12 წელია, "ვტაქსაობ". ჩემი ოჯახისთვის ეს ერთადერთი შემოსავლის წყაროა, რომელსაც სახელმწიფო აშკარად ხელებიდან გვტაცებს. დროისა და გარემო ფაქტორების შესაბამისად, მგზავრობის ტარიფები, რასაკვირველია, იცვლებოდა, თუმცა მოსახლეობა ამას თანდათან ეგუება. მთავარია, მატება ერთბაშად თვალში საცემი არ იყოს.


ბოლოდროინდელი რეგულაციის შემდეგ ფასი გაიზარდა, მაგრამ არა იმდენად, რომ ამის გამო ტაქსზე უარი თქვას მომხმარებელმა. შეიძლება, ტარიფის მატება კიდევ გაგრძელდეს, გააჩნია, რა ახალ პირობებს დაგვიწესებენ 2019 წლიდან", - განუცხადა "რეზონანსს" დავით სეხნიაშვილმა.


ის, რაც მძღოლებისთვის მცირედი მატებაა, საგრძნობლად აისახება მომხმარებლის ჯიბეზე. მარიამ კანდელაკი ტაქსის მუდმივი მომხმარებელია. მისთვის ნებისმიერი ცვლილება გაძვირების მიმართულებით არასტაბილურობის შეგრძნებას აჩენს.


"უკვე რამდენიმე წელია, ერთ-ერთი ტაქსის კომპანიის მომსახურებით ვსარგებლობ. რაღაც პერიოდში ფასები საგრძნობლად გაიზარდა, მერე თითქოს ისევ შემცირდა. მაგალითად, ორთაჭალიდან გლდანამდე თუ მიჯდებოდა 8 ლარი, გახდა 9. ასევე გლდანიდან დიღომში გავდივარ ხშირად. თავიდან 5.30-ს ვიხდიდი, შემდეგ 6 ლარი გახდა, ივნისი-ივლისის თვეში 6.40-მდე აიწია. ფაქტია, არასტაბილური მდგომარეობაა. ყოველი მცირედი გაძვირების შემდეგ, მაქვს განცდა, რომ ტარიფი კიდევ უფრო მოიმატებს", - აღნიშნა მარიამ კანდელაკმა.


მთავრობისთვის მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილება პრიორიტეტულია. უსაფრთხოებაში ორი ასპექტი მოიაზრება - ავტომობილის ტექნიკური გამართულება და ის მომენტი, როცა არ იცის ადამიანმა, ვის ან რამდენად სანდო მძღოლს უჯდება მანქანაში.


კომპანიის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" დამფუძნებელი გელა კვაშილავა ახალ რეგულაციას მიესალმება და ამბობს, რომ ტაქსის რეფორმა აუცილებელი იყო როგორც ტექნიკური გამართულობის თავლსაზრისით, ასევე მგზავრის უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესებისთვისაც.


"სატრანსპორტო საშუალებებს რომ მოწესრიგება სჭირდება, ცხადია და ტაქსიც ერთ-ერთი მათგანია. ვფიქრობ, არაფერი განსაკუთრებული არაა, რომ რაღაც სავალდებულო ნორმა დავაკმაყოფილოთ.


როგორც ექიმობა, მძღოლობაც ერთ-ერთი პროფესიაა, რომელიც პროფესიონალიზმს მოითხოვს. ამ რეფორმით მიიღწევა ის, რომ მგზავრი გადაადგილდება უსაფრთხოდ, ეცოდინება, ვინ არის მძღოლი და როგორია მანქანის ტექნიკური მდგომარეობა.


ასევე მძღოლებს ეცოდინებათ ყველა ქუჩა და უპრობლემოდ მიიყვანენ ადამიანს დანიშნულების ადგილამდე. ვფიქრობ, მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ზრუნვა ერთ-ერთი უმთავრესია, ასეა ევროპის ბევრ ქალაქშიც და არ უნდა გაგვიჭირდეს ახალ მოდელზე მორგება", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას კვაშილავამ.


 

წყარო: რეზონანსი