უფასო ფაკულტეტებთან დაკავშირებით ცვლილებები იგეგმება

  • რეზონანსი
  • 10 აგვისტო 11:33, 2018 წელი

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განათლების, კულტურის, მეცნიერების და სპორტის მინისტრმა განაცხადა, რომ უფასო ფაკულტეტებთან დაკავშირებით შედეგები ისეთი არ არის, რა მოლოდინიც იყო, ამიტომ პროგრამას რეფორმა შეეხება.

„უფასო ფაკულტეტების მიმართულებით გამოყოფილია დაახლოებით 12 მლნ ლარი. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით გვჭირდება რეფორმირება. ეს საკითხი შედეგის მხრივ არაეფექტურად მუშაობს. ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც რეფორმა შეეხება. მუშავდება რამდენიმე შეფასების სისტემა, რომელიც ვფიქრობთ, შემოდგომაზე გაცხადდება. ეს ყველაფერი მიმართული იქნება იქით, რომ ჩვენს მოსწავლეებს და სტუდენტებს სწავლის ხარისხი გაუუმჯობესდეთ", - განაცხადა ბატიაშვილმა.


მისივე თქმით, განათლების სამინისტრო ამზადებს რეფორმების პაკეტს, რომელსაც სექტემბერში წარადგენს.


„ვემზადებით, რომ სექტემბერში, ძალიან მალე წარვადგინოთ რეფორმა, რომელიც შეეხება განათლების ხუთივე საფეხურს და მოიცავს მთელ სისტემას. წარმოდგენილი იქნება მთლიანი ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს განათლების სისტემის რეფორმირება. ჩვენ უკვე დავიწყეთ კონსულტაციები საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან და რეფორმის პრეზენტაციამდე მუშაობა გაგრძელდება კონსულტაციები. სისტემური რეფორმები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ძირეული. გადაიდგმება რადიკალური ნაბიჯები სისტემის წინსვლისთვის", - აღნიშნა განათლების მინისტრმა.

წყარო: რეზონანსი