" მაია ასათიანი ბევრად ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა"

  • სარკე
  • 9 აგვისტო 12:00, 2018 წელი

ჟურნალისტი ნიკა ხაჩიძე გადაცემა “პროფილის” პროდიუსერია.

მას და მის გუნდს ეკრანის მიღმა ბევრი სამუშაო და სიძნელე აქვთ გადასალახი, მაგრამ ყველაზე მეტად მაშინ გაუჭირდათ, როცა “პროფილის” წამყვან მაია ასათიანს უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს და ერთადერთი შვილი, ნუცა მახვილაძე, მოულოდნელად გარდაეცვალა.


მაია ასათიანთან ერთად განვლილ რთულ პერიოდზე, შოუს ახალ ცხოვრებასა და საკუთარ პირადზე, ნიკა ხაჩიძე “სარკესთან” საუბრობს.


ნიკა, მაია ასათიანმა მას შემდეგ, რაც უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს, ძალიან დიდი შინაგანი ძალა გამოავლინა და ყველასთვის გასაოცრად მალე დაუბრუნდა ეთერს. მის მიმართ იყო თანაგრძნობა, თანადგომა, მაგრამ იყო გაკვირვებაც. თქვენი გუნდი როგორ შეხვდა ამ აჟიოტაჟს?


– ბუნებრივია, იქნებოდა თავდასხმა, მაგრამ არ იყო დიდი, იყო პატარ-პატარა კომენტარები, გამოხმაურებები. მაიას დაბრუნება ბევრს გაუხარდა.


მეც და სხვა თანამშრომლებსაც ყველა გვეკითხებოდა: “რას აპირებს? როდის დაბრუნდება? გაგრძელდება თუ არა პროფილი?”. ბუნებრივია, რაღაც ეტაპამდე ეს კითხვები ჩვენც გვქონდა. მერე, როდესაც გადაწყდა მისი დაბრუნება, ამას ძალიან დადებითი გამოხმაურება ჰქონდა.


მაია აუცილებლად უნდა დაბრუნებულიყო და დაბრუნდა! დღესაც თუ ვიღაც აკრიტიკებს, რატომ არის “პროფილში” მხიარული თემები, რატომ არის სიცილი, სიმღერა, ვუპასუხებ: იმიტომ, რომ მაიას გადაწყვეტილება იყო ასეთი. ცხოვრება გრძელდება და არ უნდა, რომ თავისი ტრაგედიით ვინმე დაამძიმოს. ეს არის ძლიერი და პროფესიონალი ადამიანის გადაწყვეტილება, რაშიც აბსოლუტურად ვეთანხმები.


სამუშაო პროცესში რთულია მასთან ურთიერთობა?


– არა, მაია ძლიერია. ორმაგად დატვირთულ რეჟიმში ვმუშაობთ, ისიც საქმეზეა ორიენტირებული და ჩვენც.


ერთი გუნდი ვართ. რაღაც თემაზე განსხვავებული აზრი გვაქვს, მაგრამ ჩვენი არგუმენტებით ყოველთვის შეთანხმებამდე მივდივართ და ვირჩევთ საუკეთესოს. ძალიან რთულია გუნდის მართვა. ბუნებრივია, ეს მაიას პრეროგატივაა და ამას ფანტასტიკურად ახერხებს, რადგან იცის მოსმენა, ყველაფერს აანალიზებს და სწორ გადაწყვეტილებებს იღებს. მასთან მუშაობა ჩემთვის ძალიან კომფორტულია.


შემიძლია თითოეულ თანამშრომელზე ვთქვა, რომ ჩემი ოჯახის წევრები არიან, ყველაზე მეტ დროს მათთან ვატარებ.


ვიცი, რომ სამსახურის გარდა, თქვენ და მაია ახლო მეგობრები ხართ. რას ამჩნევთ, ამ ტრაგედიის მერე პიროვნულად შეიცვალა?


– კი, ასეა, მაგრამ არ ვიცი, მეტი რა გითხრათ… მაია ბევრად ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. არ ვიცოდი, რა იქნებოდა, როგორ გააგრძელებდა ცხოვრებას, როგორ შეხედავდა იმ ყველაფერს, რაც მის გარშემო ხდება. მისი სიძლიერის შედეგია, რომ “პროფილი” ისევ არის. მან რამდენიმე თვეში თქვა, მე შემიძლია, გადაცემა უნდა ჩავწეროთო.


– თავისი სურვილით თქვა თუ თქვენი დაჟინებული თხოვნით და მოთხოვნით?


– ალბათ ჩვენც რაღაც პატარა წვლილი შევიტანეთ, მაგრამ, მაიას რომ არ ჰქონოდა ეს ძალა, ვერავინ ვერაფერს გავაკეთებდით, რაც უნდა მცდელობა გვქონოდა და რაც უნდა შემართება მიგვეცა.


– ამ პერიოდის განმავლობაში არასდროს დაუხევია უკან?


– ყველაფერზე ვფიქრობდით, ყველაფერზე იყო საუბარი, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ის ძლიერი ქალია. ამას ბევრი ვერ შეძლებდა.


– 32 წლის ხართ. ახლა თქვენს ცხოვრებაში რა არის მთავარი?


– ამ ეტაპზე ჩემთვის მთავარია, ვიყო ბედნიერი.


– და რას ნიშნავს თქვენთვის ბედნიერება?


– ის ადამიანები, რომლებიც კომფორტს მიქმნიან, იყვნენ ჩემ გვერდით, ვგულისხმობ მეგობრებს, კოლეგებს, საყვარელ ადამიანებს. მათთან ყოფნა ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის. აღმოჩნდა, რომ კომფორტს მიქმნის ვარჯიში, არადა აქამდე არასდროს მივარჯიშია. ცოტა ხნის წინ დავიწყე სატრენაჟორო დარბაზში სიარული და ძალიან მომწონს.


გარდა ამისა, სიამოვნებას მანიჭებს, რომ შემიძლია თქმა, საკუთარი თავი ვიპოვე-მეთქი. საკუთარი თავის იმედი მაქვს. რამე რომ მოხდეს და სამსახური დავკარგო, უკვე მაქვს ის ურთიერთობები, პროფესიონალიზმი, რომელიც სხვაგანაც გამომადგება.


– რამდენადაც ვიცი, საკუთარი დანაზოგით შეძელით სახლის ყიდვა. როდიდან გახდით ფინანსურად დამოუკიდებელი?


– 19 წლიდან. ბუნებრივია, მაშინ იმდენი არ მქონდა, რომ სახლის ყიდვაზე მეფიქრა. მერე რადიოებში დავიწყე მუშაობა მენეჯერის პოზიციაზე. იმ პერიოდში შემოსავალი არც ისე ბევრი იყო, მაგრამ იმის საშუალებას მაძლევდა, რომ ბანკიდან ამეღო კრედიტი და ბინის ყიდვაზე დამეწყო ფიქრი.


დიდ თანხას, რაც ბინას სჭირდებოდა, ბანკი არ მომცემდა, ამიტომ მეგობრებისგან ცოტ-ცოტა ვისესხე, ნაწილი კი ბანკიდან გამოვიტანე. იმ პერიოდში ხშირად მეძახდნენ კორპორატიული საღამოების წამყვანად, პარალელურად სხვადასხვა პროექტებზე ვმუშაობდი და ვალებს ვიხდიდი. მეგობრებისგან აღებული ვალი 1 წელიწადში დავფარე. ახლახან ბანკის ვალიც გავისტუმრე და ეს ბინა უკვე ჩემია.


ეტაპობრივად მოვაწყვე. თავდაპირველად მქონდა მხოლოდ საძინებელი, რომელიც მშობლების სახლიდან წამოვიღე. მაგიდა და სკამებიც კი არ მედგა.


– საკუთარი შრომით რომ შეიძენ, ალბათ სულ სხვა შეგრძნებაა.


– რა თქმა უნდა. აქ ჩემი სამყაროა და ბედნიერი ვარ.


– სახლს როდის ეყოლება დიასახლისი? შეყვარებული არ ხართ?


– სულ შეყვარებული ვარ, თითქმის ყველა ეტაპზე, რადგან სიყვარული არის სტიმული.

წყარო: სარკე