როგორ იგეგმებოდა თბილისის აღება და ვინ გადაარჩინა საქართველოს დედაქალაქი

  • რეზონანსი
  • 8 აგვისტო 11:16, 2018 წელი

რუსეთ-საქართველოს ომმა, რომელიც ზუსტად 10 წლის წინ, 2008 წლის აგვისტოში დაიწყო, რამდენიმე დღეს გასტანა და საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპაციით დასრულდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით „რეზონანსი" სამხედრო ექსპერტს ვახტანგ მაისაიას ესაუბრა, რომელმაც 10 წლის წინ განვითარებულ მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ომი შესაძლოა სამ ძირითად ფაზად დავყოთ: 28 ივლისი-2 აგვისტო, 3-6 აგვისტო, ბოლოს 7-9 აგვისტო.


„რამდენიმე ცხელი ფაზა იყო 28 ივლისიდან და 2 აგვისტოს ჩათვლით. შემდეგი იყო 3-6 აგვისტო, - პირველი საფრთხის ეტაპი, როდესაც რუსულმა მხარემ დაიწყო საბრძოლო ოპერაციები. მათ გახსნეს ცეცხლი ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ და ჩაატარეს რამდენიმე დივერსიული აქტი. 7-9 აგვისტო კი ყველაზე ინტენსიური საბრძოლო შეტაკებების ნაწილი და რეალურად საბრძოლო ოპერაცია იყო," - აცხადებს ის.


მისი თქმით, 4-5 აგვისტოს ხდება ფარული შეხვედრები, რომელსაც მან პირობითად „საიდუმლო სერობა" უწოდა და აღნიშნა, რომ ხდებოდა მზადება ომისთვის.


„2008 წლის 4-5 აგვისტოს ცხინვალში რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე და რუსეთის გენერალური სადაზვერვოს სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე ჩადიან. ისინი ცალკე ხვდებიან კოკოითს და ატარებენ „საიდუმლო სერობას." - აცხადებს ის.


მაისაიას განცხადებით, ქართველებმა საპასუხო ცეცხლი 6 აგვისტოს გახსნეს და მან ასევე აღნიშნა, რომ ცხინვალიდან მოსახლეობის გაყვანა პირველ აგვისტოს მოხდა.


„ქართულმა მხარემ 6 აგვისტოდან საპასუხო ცეცხლის გახსნა დაიწყო იმისთვის, რომ ჩაეხშოთ ეს საარტილერიო წერტილები, რომელიც ბუნებრივია ქართულ მოსახლეობას უკვე რეალურ საფრთხეს უქმნიდა.


„პირველი აგვისტოდან დაიწყო ცხინვალის მოსახლეობის გაყვანა ქალაქიდან, რაც საინტერესო ფაქტს წარმოადგენს. უკვე 2008 წლის 7 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილი საღამოს 11 საათზე ოფიციალურად აცხადებს, რომ საქართველო იწყებს კონსტიტუციური წყობილების აღდგენის კამპანიას და ჩვენი შენაერთები კონტრ-შეტევაზე გადავიდნენ," - განაცხადა მაისაიამ.


იგი სამ ძირითად ფიგურაზე საუბრობს, რომლებიც მისი თქმით, ცხინვალის აღებას ფიქრობდნენ, მაგრამ ეს რეალურად მარტივი არ აღმოჩნდა.


„ვანო მერაბიშვილი, მიხეილ სააკაშვილი და გიგი უგულავა, ამ სამმა ძირითადმა სუბიექტმა, მიიღეს გადაწვეტილება, რომ მოეხდინათ ცხინვალზე შეტევა. თვლიდნენ, რომ ცხინვალის აღება იქნებოდა იოლი საქმე.


„საქართველოში შინაგანი ჯარი არ არსებობდა და ეს გაერთიანებული სპეციალიზირებული ნაწილები გადავიდნენ შეტევაზე, მაგრამ არც ოსური თავდაცვის ჯარები აღმოჩნდნენ ჯაბანნი და შეიტყუეს სპეციალიზირებული ნაწილები ტომარაში, მოაქციეს ალყაში და დაიწყო ამ გაერთიანებული ძალების მიზანმიმართული განადგურება," - განაცხადა მან.


მისი თქმით, ქართველებმა ოპერაციის დროს შეცდომა დაუშვეს, რომელსაც შედეგად 10 რუსი სამშვიდობო მოსამსახურის სიცოცხლე იმსხვერპლა და სწორედ ეს ფაქტი რუსებმა სათავისოდ გამოიყენეს, რასაც საინფორმაციო ომი მოჰყვა შედეგად.


„ცხინვალში ჩვენი მხრიდან სამწუხარო შეცდომა იყო დაშვებული, ეს იყო სამშვიდობოებთან შეტაკება, რაც არ უნდა მომხდარიყო. შეიძლებოდა ალყის შემორტყმა და ბლოკირება. ამ შეტაკების შედეგად დაიღუპა 10 რუსი სამშვიდობო მოსამსახურე და რუსებმა ეს ფაქტი სათავისოდ გამოიყენეს.


„გაავრცელეს ცნობა, რომ 2 000 რუსეთის მოქალაქეა დაღუპული. ეს დანაკარგი რეალური არ აღმოჩნდა. ამ ყველაფერმა იმ დროს საკმაოდ კარგად იმუშავა და რუსეთი ჩვენ ტერიტორიაზე შემოვიდა," - აღნიშნა მან.


მისი განცხადებით, ომი 2008 წლის 9 აგვისტოს დღის 3 საათზე უკვე დასრულებული იყო და ზავის დადება დამარცხების აღიარება იყო.


„სამხედრო ოპერაციების კუთხით, 9 აგვისტოს რუსეთის ავიაციამ დაიწყო მიზნობრივი დარტყმების მიყენება საქართველოს შეიარაღებული ძალების, ლოჯისტიკისა და მართვის ცენტრების მიმართულებით. 10 აგვისტოს პრეზიდენტმა მედვედევმა გასცა ბრძანება ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის. თუმცა, სამხედრო ოპერაციების ფაზა 2008 წლის 9 აგვისტოს დღის 3 საათზე უკვე დასრულებული იყო.


„დაიდო ზავი და ეს იყო აღიარება იმისა, რომ ცხინვალში სამხედრო ოპერაციებში დავმარცხდით. ნაწილობრივ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა თავისი მისია შეასრულეს. მათ შეძლეს ოსური შეიარაღებული სტრატეგიული წერტილების განადგურება, რომლებიც ახორციელებდნენ საქართველოს შიდა ტერიტორიებზე არსებული სოფლების დაბომბვებს," - აცხადებს ის.


მისი განცხადებით, საქართველოს დიპლომატიური და პოლიტიკური განცხადებებისა, მას დახმარება სხვებისგან არ მიუღია. მისი თქმით, თბილისის აღებაც იგეგმებოდა, მაგრამ ერთმილიონიანი ქალაქის აღება იმ დროს რუსეთს გაუჭირდებოდა.


„ჩვენ დახმარება გარდა პოლიტიკური და დიპლომატიური განცხადებებისა, არ მიგვიღია. რუსეთის ფედერაციული ჯარების მიერ საქართველოს დაახლოებით 60% იყო ოკუპირებული. დედაქალაქის აღება რუსულ მხარეს ჰქონდა გეგმაში, მაგრამ რუსეთს იმ დროს არ ჰქონდათ საშუალება, რომ ერთმილიონიანი ქალაქი აეღო, რადგან ამას საკმაოდ სერიოზული ძალისხმევა სჭირდებოდა," - აღნიშნა მან.


მაისაიას განცხადებით, თუკი რუსეთმა მომავალში მსგავსი ნაბიჯი გადადგა, მას ყველანაირი ბერკეტი გააჩნია საქართველოს წინააღმდეგ და მისი თქმით, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი ამ სვლისთვის ემზადება კიდევაც.


„რუსეთმა თუ დაიწყო მეორე კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, სამწუხაროდ, იგი ამ კამპანიას გაცილებით ეფექტურად წარმართავს, ვიდრე ეს იყო რუსეთ-საქართველოს ომის პირველი კამპანია.


„როგორც ჩანს, რუსეთს უკვე გააჩნია გეგმა და ელოდება სასურველ დროს. რუსებმა უკვე დაიწყეს სამხედრო წვრთნების ჩატარება ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში. ისეთ ელემენტებს ავითარებენ, რომელიც ამ გეგმის არსებობას ადასტურებს," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.


 

წყარო: რეზონანსი