კრემლისთვის მიუღებელი 3 რუსი ჟურნალისტი აფრიკაში დახოცეს

  • რეზონანსი
  • 2 აგვისტო 11:25, 2018 წელი

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 3 რუსი ჟურნალისტი დახოცეს.

ისინი ვლადიმირ პუტინის კარის ბიზნესმენის მიერ შექმნილი კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" საქმიანობას იძიებდნენ.


დახოცილი არიან: ჟურნალისტი ორხან ჯემალი, რეჟისორი ალექსანდრე რასტარგუევი და ოპერატორი კირილ რადჩენკო. გავრცელებული ცნობით, ჟურნალისტების მანქანას 10-მდე უცნობმა პირმა გაუხსნა ცეცხლი.


ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, გადამღებ ჯგუფს შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს ქურდობის მიზნით, რაც სასიკვდილოდ დასრულდა. რუსულ მედიაში ნაწილს ქურდობის ვერსიის სჯერა და წერენ, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში რთული ვითარებაა, სამოქალაქო ომი მიმდინარეობს და დედაქალაქის გარეთ გადაადგილება უცხოელებისათვის საფრთხეს წარმოადგენს.


მეორე ნაწილს ამ ვერსიის არ სჯერა, რადგან რუსეთში არცთუ იშვიათია, როდესაც კრემლისთვის მიუღებელი ჟურნალისტების დაკვეთით მკვლელობა ხდება, ეს გადამღები ჯგუფი კი რუსეთის ხელისუფლების მიერ შექმნილ და დაფინანსებულ სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერზე" აგროვებდა მასალებს.


"ვაგნერს" რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის კარის ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი კურირებს, ვინც ცნობილი "ტროლების ფაბრიკის" მფლობელია.


"ვაგნერის" მებრძოლები იბრძვიან სირიის ომში. ასევე ისინი საბრძოლო მოქმედებებში იყვნენ ჩართული და სეპარატისტების გვერდით იბრძოდნენ უკრაინაში - დონბასში.


"ვაგნერის" მიმართ დიდი ინტერესი თებერვალში მას შემდეგ გაჩნდა, რაც ამ დაჯგუფების მებრძოლებზე სირიაში აშშ-ის ავიაციის მიერ იერიში განხორციელდა და ათეულობით "ვაგნერის" მებრძოლი დაიხოცა.


ამჟამად, დაჯგუფება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაშიც გამოჩნდა და მათი საქმიანობის გამოსაძიებლად რუსი ჟურნალისტები დააფინანსა ყოფილ ნავთობმაგნატ მიხაილ ხოდორკოვსკის კომპანიამ.


უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას თქმით, "ვაგნერის" ჯგუფი არის პუტინის პირადი გვარდია, რომელიც პუტინის კარის ბიზნესმენმა შექმნა და კრემლი "ვაგნერის" მებრძოლებს აგზავნის ისეთ ცხელ წერტილებში, სადაც რუსეთის ოფიციალური თავდაცვის ძალების შესვლა საერთაშორისო წესებით აკრძალულია.


ამიტომაც ამ ჯგუფზე მასალების მოპოვება კრემლის ინტერესებს ეწინააღმდეგება და ამიტომაც არის ეჭვი, რომ რუსი ჟურნალისტების 3-კაციანი ჯგუფი შესაძლოა, მოსკოვის დაკვეთით დახოცეს.


მისივე თქმით, საგულისხმოა ის, რომ ამ ტრაგიკულ შემთხვევამდე რუსეთში უჩვეულო ვითარებაში გარდაიცვალა სამი ჟურნალისტიც, რომლებიც "ვაგნერის" ჯგუფის საქმიანობას იკვლევდნენ: ერთი მერვე სართულიდან გადმოვარდა, მეორემ თავი მოიკლა, მესამე ავტოკატასტროფაში დაიღუპა.


ვახტანგ მაისაია: "ორხან ჯემალი ზომიერად ოპოზიციურად იყო განწყობილი კრემლის მიმართ და საგამოძიებო ჟურნალისტიკაში იყო ჩართული, სადაც მწვავე თემებს არ ერიდებოდა. მან ჩაატარა რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიება, იგივე კადიროვთან დაკავშირებით. ის იყო ცხინვალის რეგიონში და ფილმიც გადაიღო. ასევე იკვლევდა კრიმინალურ პროცესებსა და ფულის გათეთრების სქემებს ოკუპირებულ აფხაზეთშიც.


ეს ჟურნალისტური ჯგუფი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ჩავიდა იმისთვის, რომ გამოეძიათ რუსეთის სამხედრო ჩარევა ამ რესპუბლიკაში და აპირებდნენ, გასულიყვნენ "ვაგნერის" ჯგუფზე, რომელიც არის კერძო სამხედრო კომპანია, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა დონბასის ომში და სეპარატისტების დასახმარებლად მებრძოლებს აგზავნიდა.


"ვაგნერის ჯგუფი ასევე აქტიურად მონაწილეობს იმ ცხელ წერტილებში, მათ შორის სირიაშიც, სადაც რუსეთის ოფიციალურ შეიარაღებულ ძალებს არ შეუძლიათ ყოფნა.


როგორც ჩანს, "ვაგნერის" დაჯგუფება აფრიკაში ჩასული იყო იმისათვის, რომ მხარი დაეჭირა ახალ პრეზიდენტ ტუადერასთვის, ვინც 2014 წლის გადატრიალების შემდეგ გაპრეზიდენტდა და ვინც პრორუსული საგარეო პოლიტიკის განვითარება დაიწყო. ამდენად არც მიკვირს, რომ ჟურნალისტები დაიღუპნენ.


კრემლს არანაირად არ აძლევს ხელს, რომ "ვაგნერის" საქმიანობა, მათი რუსეთის ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირი გამოაშკარავდეს".


3 რუსი ჟურნალისტის დახოცვა 31 ივლისს, ღამით მოხდა. ჟურნალისტები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგში გადაღებების შემდეგ ბომბარიში მიემგზავრებოდნენ, რა დროსაც დაესხნენ თავს. მათ თან ძვირად ღირებული ტექნიკა გადაჰქონდათ და გაქურდვის მიზნით მკვლელობის ვერსიაც ამიტომ გავრცელდა.


თუმცა, ადგილობრივი მედია ასევე ავრცელებს სავარაუდო ვერსიას, რომ შესაძლოა, ჟურნალისტები რესპუბლიკაში მოქმედმა მუსლიმანური მეამბოხეების მოძრაობა "სელეკას" წევრებმა დახოცეს.


დახოცილებს შორის არის ორხან ჯემალი, ცნობილი რუსი სამხედრო ჟურნალისტი. ის საქმიანობდა ცხელ წერტილებში, მათ შორის, 2008 წელს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონშიც. სწორედ მას ეკუთვნის წიგნი რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ "ხუთდღიანი ომის ქრონიკები". ის ასევე იმყოფებოდა ავღანეთში, სირიაში, ერაყსა და საუდის არაბეთში.

წყარო: რეზონანსი