"შემდეგი ნაბიჯი შესაძლოა მძიმე ნარკოტიკის ლეგალიზაციაზე სარჩელის შეტანა იყოს"

  • რეზონანსი
  • 2 აგვისტო 10:23, 2018 წელი

პოლიტიკოსმა კობა დავითაშვილმა თავის "ფეისბუქ" გვერდზე დაწერა პოსტი, რომელშიც მკაცრად აკრიტიკებდა მარიხუანას ლეგალიზაციის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგებს.

კობა დავითაშვილმა აღნიშნა, რომ მარიხუანას ლეგალიზაცია მომაკვდინებელი შეცდომა იყო სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც ერთგვარ ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს და მძიმე შედეგებს მოიტანს. მისი აზრით, ეს იყო დასაწყისი და ახლო მომავალში, არ არის გამორიცხული, რომ მსუბუქის შემდეგ მოითხოვონ მძიმე ნარკოტიკების მოხმარების დაკანონება.


პოლიტიკოსმა "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, რომ არ გამორიცხავს ახლო მომავალში შესაძლოა უფრო მძიმე ნარკოტიკების ლეგალიზებასაც დათანხმდეს საკონსტიტუციო სასამართლო:


"ეს არის "პანდორას ყუთი", რომლის გახსნის შემდეგ, პირველ რიგში, დროის ამბავია ის, თუ ვის მოაფიქრდება დამატებითი სარჩელის შეტანა მძიმე ნარკოტიკების მოხმარების, დამზადების, კულტივაციის, შენახვისა და, რაც მთავარია, რეალიზაციის ლეგალიზების თემასთან დაკავშირებით", - ამბობს დავითაშვილი.


მისივე თქმით, ამ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალია სასამართლო რეფორმა, საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმება და საერთო სასამართლოების სისტემის რეფორმა:


"პრობლემის მოსაგვარებლად კონსტიტუციაში სასწრაფოდ უნდა შევიდეს ცვლილებები. საკონსტიტუციო სასამართლო საერთოდ უნდა გაუქმდეს და საკონსტიტუციო მართლმსაჯულება უნდა გადაეეცეს საერთო სასამართლოებს ისე, როგორც ეს ამერიკაში, დიდ ბრიტანეთსა და მსგავს ქვეყნებშია."


"რაც შეეხება იმ ნორმას, რომლის მიხედვითაც ყველა ადამიანს აქვს თავისი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება- აუცილებლად უნდა გაუკეთდეს დარტყმა. წესით ეს დარტყმა არ უნდა იყოს საჭირო. საკონსტიტუციო სასამართლომ ასეთი განმარტება მისცა ამ ნორმას-დარტყმა უნდა განხორციელდესო.


"ეს ნორმა არ ზღუდავს საკანონმდებლო ორგანოს უფლებას, დასჯადი გახადოს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება, შენახვა, გადატანა, დამზადება და ა.შ. განვითარების უფლება არ გულისხმობს თვითგანადგურების, დეგრადაციისა და თვითდაზიანების უფლებას. განვითარებას აქვს ვექტორი და ეს ვექტორი არ არის ნეგატიური." - განაცხადა კობა დავითაშვილმა.


გთავაზობთ კობა დავითაშვილის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს, რომელიც ეხება ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას ლეგალიზების საკითხს:


"მარიხუანას ლეგალიზაციის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგები


P.S. უმორჩილესად გთხოვთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაუზიაროთ!


როგორც ჩანს, ზოგიერთმა ჩემმა მეგობარმაც კი ბოლომდე ვერ გაიცნობიერა ის მომაკვდინებელი საფრთხე, რაც თან ახლავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც დადგინდა, რომ მარიხუანას მოხმარება ადამიანის კონსტიტუციით დაცული უფლებაა საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარებისა.


ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება ტოლფასია ..პანდორას ყუთის" გახსნისა და თუ არაფერს მოვიმოქმედებთ, მას შედეგად მოყვება ჯერ მძიმე ნარკოტიკების მოხმარების ლეგალიზაცია და შემდეგ ყველანაირი ნარკოტიკით ვ ა ჭ რ ო ბ ი ს ლ ე გ ა ლ ი ზ ა ც ი ა!


როგორ? აი ასე:


თუ მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარება ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა, იმიტომ რომ, თურმე ტერმინი ,,განვითარება" მოიცავს ტერმინ ,,დეგრადაციასაც" და ადამიანს აქვს თვითდაზიანების უფლებაც, მაშინ ამ ლოგიკით პირს არამარტო მსუბუქი, არამედ მძიმე თვითდაზიანების უფლებაც ჰქონია. ე.ი. მძიმე ნარკოტიკების მოხმარების ლეგალიზაცია მხოლოდ დროის საკითხია და დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის მოიფიქრებს, მაგალითად, დაკავებული ჰეროინის მომხმარებლის ადვოკატი საკონსტიტუციო სარჩელის შეტანას!


ამის შემდეგ ნარკოტიკების დამზადების, გადატანის, შენახვის და რეალიზაციის ლეგალიზაციის დროც დადგება. შევა სარჩელი ნარკობარიგის სახელით, რომელიც დაასაბუთებს, რომ მისი ქმედება საზოგადოებრივად საშიში აღარ არის, მას შემდეგ რაც საკონსტიტუციო სასამართლომ ნარკოტიკის მოხმარება ადამიანის ფუნდამენტურ საკონსტიტუციო უფლებად გამოაცხადა, რადგან იგი ეხმარება ადამიანებს კონსტიტუციური უფლებით სარგებლობაში და ამისათვის ციხე კი არა, ჯილდო ეკუთვნის!


არაფერი არ შეუშლის მოვლენების ამგვარ განვითარებას, თუ სამართლებრივი წყარო სახიფათო პრეცედენტისა საკონსტიტუციო სასამართლოს სახით არ შეწყვეტს თავის სამარცხვინო არსებობას და ამას გარდა, კონსტიტუციაში არ შევა შესწორება, რომელიც განმარტავს, რომ ვინაიდან ნარკოტიკული საშუალება იწვევს მიჩვევას, ასეთი საშუალების მხოლოდ პირველი მოხმარებაა ადამიანის თავისუფალი ნების გამოვლინება, ყველა შემდგომი კი უნებისყოფობით დაავადებული ქმედუნარიანობაშეზღუდული ადამიანის იძულებითი ქმედებაა და არა ადამიანის ძირითადი უფლების რეალიზაცია!


უსუსურ არგუმენტს, რომ აკრძალვა ვერ სპობს აკრძალულ ქმედებას და ამიტომ ასეთი ქმედების ლეგალიზაცია ჯობია, ვპასუხობ, რომ ნებისმიერი აკრძალვის ამოცანაც და შედეგიც ქმედების მასშტაბების შემცირებაა.


იმის გამო, რომ ვერც კაენის დასჯამ, ვერც მოსეს მცნებამ და ვერც სისხლის სამართლის კოდექსმა მკვლელობა, როგორც მოვლენა, ვერ მოსპო, იმედი მაქვს არც ერთ დაბოლილ თავში მკვლელობის ლეგალიზაციის იდეა არ გაჩნდება! თუმცა ეს იდეა უკვე გაჩნდა, რადგან ნარკოტიკების მოხმარება გადავადებული მკვლელობაა არა მარტო თავისუფალნებადაკარგული მომხმარებლისა, არამედ მორალური ტანჯვა და ზიანი მისი ოჯახის (მათ შორის ჯერ არ დაბადებული) წევრებისაც, ამას კი მწვანე (როგორც პირდაპირი ისე გადატანითი მნიშვნელობით) შუქი უკვე აუნთო საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის იმ შემადგენლობამ, რომელიც ,,ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის არჩეული ორი და პრეზიდენტების, სააკაშვილის და მარგველაშვილის მიერ დანიშნული თითო წევრისაგან შედგება.


P.S. რაც არ უნდა მძიმე იყოს ჩემთვის ამის აღიარება (რადგან ვრჩები ტირან სააკაშვილის და მისი სისხლიანი ,,ნაციონალური მოძრაობის" ყველა ქვედანაყოფის დაუძინებელ მტრად და აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილისა და ,,ქართული ოცნების" გულშემატკივრად), აშკარაა რომ პარლამენტში ცხარე დებატების და უმრავლესობაში განხეთქილების თავიდან აცილების მიზნით ბიძინა ივანიშვილმა შეცდომით ჩათვალა, რომ ამ საკითხის საკონსტიტუციო სასამართლოს მისგან დავალებული წევრების მეშვეობით გადაწყვეტა უფრო მარტივი და უმტკივნეულო გზა იქნებოდა პრობლემის მოგვარებისა.


გულშემატკივრის პოზიციიდან გამომდინარე, ვურჩევ ბატონ ბიძინას და ,,ქართულ ოცნებას", გაიცნობიერონ საკუთარი შეცდომა, გამოიყენონ საკონსტიტუციო უმრავლესობა და სასწრაფოდ შეიტანონ ცვლილებები კონსტიტუციაში საკონსტიტუციო სასამართლოს საშიში გადწყვეტილების დამანგრეველი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით!


ამასთანავე, აუცილებელია დიდი სასამართლო რეფორმა, საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმება და საერთო სასამართლოების სისტემის თავიდან ფორმირება!


როგორც დავით აღმაშნებელმა მორებით ჩაიხერგა უკანდასახევი გზა დიდგორის ომის დროს, საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმებით ბიძინა ივანიშვილს ვურჩევ მოისპოს შესაძლებლობა ცდუნებისა, რომ არც სხვა დამღუპველ გადაწყვეტილებებზე (მაგალითად, ერთსქესიანთა სამოქალაქო პარტნიორობის დაკანონება) აღარ არსებობდეს ასეთი სამარცხვინო უკანდახევის შესაძლებლობა!"- წერს დავითაშვილი თავის "ფეისბუქ" გვერდზე.

წყარო: რეზონანსი