მსოფლიო პატრიარქმა უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო

  • რეზონანსი
  • 30 ივლისი 10:59, 2018 წელი

მსოფლიო პატრიარქმა უკრაინისათვის ავტოკეფალიის მინიჭება საბოლოოდ გადაწყვიტა.

ღია წერილით ეს გადაწყვეტილება მისმა დელეგაციამ 27 ივლისს, კიევის რუსეთის გაქრისტიანების 1030 წლის იუბილეს დღესასწაულზე ამცნო უკრაინას და უკრაინაში ზეიმზე შეკრებილ 10-მდე მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციას, რომელთა შორის საქართველოდან ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმეც იყო. 


მსოფლიო პატრიარქის ბართლომეს მიერ უკრაინაში გაგზავნილ წერილში პირველადაა ღიად და მკაფიოდ გაცხადებული, რომ კონსტანტინოპოლის ეკლესიამ თავის თავზე აიღო „ინიციატივა აღადგინოს მართლმადიდებელი მორწმუნე უკრაინის ერთიანობა და საბოლოო მიზანი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებაა“. 


უკრაინის სასულიერო და პოლიტიკურ წრეებში უკვე სრულიად დარწმუნებულები არიან, რომ ავტოკეფალიის მინიჭების ტომოსს 2018 წლის ბოლომდე აუცილებლად მიიღებენ.


დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე „მთელ კვირასთან“ საუბრისას ამბობს, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქის წერილი საპატრიარქოში ჯერ არ განუხილავთ და მხოლოდ განხილვის შემდეგ შეეძლება კომენტარი გააკეთოს წერილის შინაარსზეც და საქართველოს ეკლესიის პოზიციაზეც.

წყარო: რეზონანსი