თბილისში ნარკორეალიზატორი ცოლ-ქმარი დააკავეს

  • pia.ge
  • 28 ივლისი 10:04, 2018 წელი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკორეალიზატორი ცოლ-ქმარი დააკავა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, ცოლ-ქმარი, 1968 წელს დაბადებული გ.გ. და 1964 წელს დაბადებული ი.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა აღნიშნული პირებისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა განახორციელეს. პოლიციამ ორივე პირის მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. ი.გ.-ს ბრალი ედება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და არაერთგზის გასაღების ფაქტზე, გ.გ.-ს კი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტზე",- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-5 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge