სისხლიანი გარჩევა ბათუმში - ანბანის კოშკთან ოთხი ადამიანი დაჭრეს

  • რეზონანსი
  • 27 ივლისი 11:55, 2018 წელი

გვიან ღამით, ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, 4 პირი დაჭრეს.

როგორც შინაგან სამეთა სამინისტროში აცხადებენ, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 22 წლის ახალგაზრდა ცხელ კვალზე დააკავეს.


"შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1996 წელს დაბადებული ლ.კ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 27 ივლისს, ღამით, ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა 4 პირს: 2000 წელს დაბადებულ ვ.თ-ს, 2000 წელს დაბადებულ გ.ქ.-ს, 1998 წელს დაბადებულ ვ.მ.-ს და 1997 წელს დაბადებულ ი.ჭ.-ს. დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. სამართალდამცველებმა ლ.კ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.


გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს"- აცხადებენ შს სამინისტროში.

წყარო: რეზონანსი