რატომ შეიძლება, იყოს ბავშვისთვის აგრესიული შინაარსის მქონე ზღაპრის წაკითხვა თერაპია?

  • თბილისელები
  • 25 ივლისი 18:08, 2018 წელი

ბოლო დროს ზღაპრის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით ქართული ზღაპრების „აგრესიულობაზე“ მეტისმეტად ბევრს ლაპარაკობენ.

რა ხდება სინამდვილეში, სჭირდება თუ არა ბავშვს ზღაპრის მოყოლა, რომელ ასაკში როგორი ზღაპრები უნდა ვუამბოთ და მოქმედებს თუ არა მასზე ზღაპარში მოთხრობილი სასტიკი სცენები, გვესაუბრა ბავშვთა ფსიქოლოგი თათია გურგენიძე:


ზღაპარს ბავშვის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს. ზღაპრების საშუალებით ბავშვი ბევრ რამეს სწავლობს. კითხვის პროცესში ეცნობა სხვადასხვა სოციალურ სიტუაციებს, იღებს ქცევის ნორმებს, გამოცდილებას, თუ როგორ დაძლიოს რთული სიტუაციები, როგორ იპოვოს გამოსავალი, ახლებურად შეხედოს საგნებსა და მოვლენებს. ბავშვი აცნობიერებს, რომ არსებობს სიკეთე, ბოროტება, სამართლიანობა, უსამართლობა, სიმამაცე და სხვა მსგავსი ცნებები. სწავლობს, რომ სიკეთე იმარჯვებს ბოროტებაზე; რომ შესაძლებელია, ადამიანს ჰქონდეს სხვადასხვა ემოციები და ეს ბუნებრივია; რომ ყველა რთული სიტუაციიდან შეიძლება თავის დაღწევა და გამარჯვება. ზღაპრები გავლენას ახდენენ მორალური ნორმების ჩამოყალიბებაზეც. ბავშვი იგებს, რომ რაღაც ქცევა არის სამართლიანი, რაღაც კი - არა. სწავლობს თანაგრძნობას, სხვისი ემოციის გაგებას, სხვისი განსხვავებულობის მიღებას, ასევე, საკუთარისაც. ზღაპარი ხელს უწყობს მეტყველების, კრიტიკული აზროვნებისა და ფანტაზიის უნარის განვითარებას. მისი საშუალებით ბავშვი ეცნობა, სწავლობს ცხოვრებას, თუმცა არა პირდაპირი ახსნითა და მოწოდებებით, არამედ მეტაფორებითა და მოსმენილი, ზოგჯერ არარეალური, ზოგჯერ კი რეალური სიუჟეტებით.


– საერთოდ, რა დატვირთვა აქვს ზღაპრებს და რამდენად არის აუცილებელი მათი მოყოლა ან წაკითხვა ბავშვისთვის?


– ზღაპრების კითხვა ხელს უწყობს ფანტაზიის განვითარებას. წაკითხვის შემდეგ შეიძლება, ბავშვს ვთხოვოთ დახატოს მოსმენილი ან განასახიეროს. უფრო დიდი ასაკის ბავშვებს, მაგალითად, შეიძლება, ვთხოვოთ სიუჟეტის შეცვლა და შემდეგ ერთად ვიმსჯელოთ ამაზე. ამით, ბავშვს კრიტიკული აზროვნების განვითარებაშიც ვეხმარებით. კითხვის დასრულების შემდეგ შეგვიძლია, ვკითხოთ რა მოხდა ზღაპარში, რას აკეთებდა რომელიმე პერსონაჟი, რატომ იქცეოდა ასე, რომელი გმირი მოეწონა და რატომ... ამ დროს ბავშვს უნდა მივცეთ თავისუფლება, გამოთქვას თავისი აზრი, იმსჯელოს, იფიქროს. შეგვიძლია, მივაწოდოთ ალტერნატიული ვერსია: ხომ არ სჯობდა ასე მოქცეულიყო გმირი? სხვანაირად რომ მოქცეულიყო, რა მოხდებოდა? ამით ბავშვს მზა პასუხებს კი არ მივაწვდით, არამედ საშუალებას მივცემთ, თავად იფიქროს, იაზროვნოს და მივიდეს სწორ პასუხამდე. გარდა ამისა, ზღაპრის წაკითხვა ხელს უწყობს ბავშვსა და მშობელს შორის პოზიტიური კავშირის ჩამოყალიბებას. დღევანდელ პირობებში, რთული გრაფიკის გამო, მშობლებს უჭირთ ბავშვებისათვის დროის დათმობა. დღეში, მაგალითად, ძილის წინ, თუნდაც, მხოლოდ ნახევარი საათი კითხვაც კი სასარგებლო იქნება როგორც ბავშვისთვის, ასევე მშობლისთვისაც. კითხვის დაწყებამდე სასურველია, ბავშვებს ვთხოვოთ გვიამბონ დღის განმავლობაში მომხდარი ამბები, გავუზიაროთ ერთმანეთს ემოციები. ამ დროს ბავშვი გრძნობს, რომ მშობელი მხოლოდ მას უთმობს დროს, მისით ინტერესდება, მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანია.


– რომელ ასაკში როგორი ზღაპრები უნდა ვუკითხოთ ბავშვს?


– უკვე ჩვილობის პერიოდიდან შეუძლია მშობელს, იზრუნოს იმაზე, თუ როგორ მიაჩვიოს ბავშვი წიგნს, ზღაპრის მოსმენას. ამისთვის საჭიროა ბავშვისა და მშობლის დღის რეჟიმში სისტემატურად იყოს გამოყოფილი მცირე დრო, რომელიც მხოლოდ წიგნებს, ამბების მოყოლას დაეთმობა. ეს დრო კომფორტული უნდა იყოს ბავშვისთვის, ანუ თუ ის გართულია თამაშით ან რაიმე სხვა, მისთვის საინტერესო აქტივობით, რა თქმა უნდა, ამ დროს არ უნდა შევაწყვეტინოთ. მნიშვნელოვანია, რომ კითხვის პროცესში არ იყოს ჩართული ტელეფონი და სხვა ნებისმიერი გაჯეტი. მცირე ასაკის ბავშვს შეგვიძლია, ვაჩვენოთ წიგნები, სადაც იქნება სხვადასხვა ფერადი და დიდი ზომის სურათები, მაგალითად, ცხოველები. უმჯობესია, თითო გვერდზე ერთი ნახატი იყოს განთავსებული. თავდაპირველად, ბავშვს ვათვალიერებინებთ წიგნს, ვაჩვევთ, ვასახელებთ სურათების სახელებს, ვახმოვანებთ, ვასახიერებთ და ვცდილობთ ბავშვის ყურადღების მიქცევას. ასაკის მატებასთან ერთად, შეგვიძლია, ბავშვს მოვუყვეთ მცირე ზომის ზღაპრები, ჩვენ მიერ მოგონილი ან ბავშვობის ამბები. უკვე სამი ოთხი წლიდან შეიძლება, ხალხურ თუ სხვადასხვა ავტორების კლასიკურ ზღაპრებზე გადავიდეთ. რა თქმა უნდა, ზუსტად არ არის განსაზღვრული, რა ასაკში რას უნდა ისმენდეს ბავშვი. ზღაპრების ზომისა და შინაარსის არჩევა დამოკიდებულია ბავშვის შესაძლებლობებზე და ინტერესებზე.


– შეიძლება თუ არა, ზღაპარმა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ბავშვზე?


– მიუხედავად იმისა, რომ ზღაპრებში უმეტესად სიკეთე იმარჯვებს ბოროტებაზე, სიუჟეტში ხშირად გვხვდება საშიში მომენტები: მოკლა, შეჭამა, თავი მოაჭრა და ასე შემდეგ. ამაზე სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს. თუმცა, ფაქტია, რომ საერთოდ ზღაპრების გარეშე ბავშვი ვერ იქნება. ასეთი ძალადობრივი შინაარსის მქონე ზღაპრები შეიძლება, სასარგებლოც კი იყოს. ბავშვი სწავლობს აგრესიის, ბრაზის, უარყოფითი ემოციის გამოხატვას, მან იცის, რომ ეს ქცევა ცუდია, მაგრამ ემოციურ დონეზე ახერხებს ამის გამოვლენას. ამას კი შეიძლება ერთგვარი თერაპიული ეფექტი ჰქონდეს. თუმცა, მაინც მნიშვნელოვანია ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლების, ასაკის, ინტერესების, ემოციური ფონის გათვალისწინება. მაგალითად, თუ ბავშვი მიდრეკილია შფოთვისკენ, მშობელმა თავისთავად უნდა მოარიდოს „საშიშ“ ზღაპრებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დღეს უამრავი ზღაპარია, შესაბამისად, უმჯობესია, წინასწარ გავეცნოთ შინაარსს და ისე შევთავაზოთ პატარას.


– რას იტყვით მოსაზრებაზე, რომ ზოგიერთი ზღაპარი და პერსონაჟი სტერეოტიპებს ამყარებს და არასწორ მაგალითს იძლევა?


– მაგალითად, ზოგს მიაჩნია, რომ ნაცარქექია ზარმაცია და ეს ზღაპარი სიზარმაცეს წაახალისებს, ბავშვს არასწორ მაგალითს აძლევს. თუმცა, კითხვის პროცესი ზუსტად ამიტომაა საინტერესო, რომ ცოცხალი პროცესია, შეგვიძლია აზრის გამოთქმა, კითხვების დასმა და მსჯელობა. შეიძლება, ნაცარქექია წარმოვაჩინოთ ადამიანად, რომელიც იყო ზარმაცი, მაგრამ სახლიდან წასვლის მერე შეიცვალა. კი შეეშინდა დევის, მაგრამ სახლში კი არ დაბრუნდა, დაძლია შიში, მოიფიქრა, როგორ დაემარცხებინა დევი და გაიმარჯვა. საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ზღაპრებს მრავალი ფუნქცია აქვთ და მრავალნაირ გზას იყენებენ გზავნილების გადმოსაცემად. ზოგი მათგანი უფრო ეფექტურია, ზოგი კი – ნაკლებად. კარგი ზღაპრები რეალობას ასახავენ და ბავშვებს მათთვის გასაგებ ენაზე მნიშვნელოვან მორალურ და ცხოვრებისეულ გაკვეთილებს „უტარებენ“. ზღაპრების გაგება, სხვა ლიტერატურისგან განსხვავებით, არ მოითხოვს წინასწარ ცოდნას ან რაიმე განსაკუთრებულ უნარებს, თუმცა, ბევრ სხვა ტიპის ლიტერატურაზე არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის განვითარებაში – ის მორალურად გამართლებულ ქცევას სასურველად წარმოაჩენს, ხოლო მორალურად გაუმართლებელ საქციელს – არასასურველად და ამით ბავშვს შესაბამის სიტუაციაში სწორი არჩევნის გაკეთებისკენ უბიძგებს.

წყარო: თბილისელები