სომხეთში განლაგებული რუსეთის სასაზღვრო ჯარის სტატუსი გადაიხედება

  • pia.ge
  • 23 ივლისი 10:05, 2018 წელი

სომხეთის თავდაცვის მინისტრის დავიდ ტონოიანის განცხადებით, სომხეთში განლაგებული რუსეთის სასაზღვრო ჯარის სტატუსი გადაიხედება.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, არსებული შეთანხმება „ქვაზე ამოტვიფრული არ არის. შესაბამისად, დროთა განმავლობაში პრობლემები ჩნდება, რომლებიც სამართლებრივ შეცვლას ითხოვს. და ეს, რასაკვირველია გაკეთდება“.


როგორც მინისტრმა განმარტა, „ცვლილებების გატარების დაჩქარებისკენ“ სომხეთს სოფელ პანიკში მომხდარმა ინციდენტმა უბიძგა.


თუმცა, მოგვიანებით, „ინტერფაქს“ სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრეს-მდივანმა არცრუნ ოვანისიანმა განუმარტა, რომ სომხეთი რუსეთის სასაზღვრო ჯარების სტატუსის გადახედვას არ გეგმავს.


„მინისტრმა ისაუბრა რუსული სამხედრო ბაზის შესახებ შეთანხმების შესაძლო დაზუსტებებზე, რიგ სამართლებრივ დაზუსტებებზე და ტექნიკურ დეტალებზე, დოკუმენტის გაუმჯობესების მიზნით“,-აღნიშნა ოვანისიანმა.


პრეს-მდივანმა ახაზი გაუსვა, რომ საუბარი სასაზღვრო ჯარების სტატუსის გადახედვის შესახებ არ მიმდინარეობს.


17 ივლისს სომხეთში დისლოცირებული 102-ე რუსული სამხედრო ბაზის სამხედროებმა სოფელ პანიკთან გეგმიური სპეციალური სწავლება გამართეს. ადგილობრივეებში კი, სროლის ხმამ პანიკა გამოიწვია, რადგან მათი გაფრთხილება სწავლებების გამართვის შესახებ არ მომხდარა.


18 ივლისს კი, რუსული ბაზის მეთაურმა ვლადიმირ ელკანოვმა, სომხეთის თავდაცვის მინისტრს დავიდ ტონოიანს მომხდარის დეტალები მოახსენა და ოფიციალურად ბოდიში მოიხადა.


სომხეთის პოლიციამ კი, ინციდენტთან დაკავშირებით მასალის შეგროვება დაიწყო.


19 ივლისს კი, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სოფელ პანკიში მომხდარი ინციდენტი  პროვოკაციად შეაფასა, რომელიც პრემიერის თქმით, სომხეთ-რუსეთის მეგობრული ურთიერთობის წინააღმდეგ არის მიმართული.


 


 


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge