მისი პატივმოყვარეობა - არავითარ შემთხვევაში არ დასცინოთ მას

  • თბილისელები
  • 21 ივლისი 15:54, 2018 წელი

როგორ უცნაურად, დაუჯერებლად და ღიმილის მომგვრელადაც უნდა ჟღერდეს მეუღლის სამომავლო გეგმები, არავითარ შემთხვევაში არ დასცინოთ მას და არც გააკრიტიკოთ

– შეიძლება სტერეოტიპია, მაგრამ თუ გინდათ, „ოჯახის უფროსს“ ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობა ჰქონდეს, ამის განცდა უნდა გაუჩინოთ. თუ მის ყველა წამოწყებას ძირშივე მოვუღებთ ბოლოს, თუ მის შემართებას საწყის ეტაპზევე ჩაკლავთ და გაანადგურებთ, მათთან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისა და აქტიურობის პრეტენზია ნუღარ გექნებათ. გასათვალისწინებელია მამაკაცის პატივმოყვარეობაც – თუ არ მისცემთ საშუალებას, ახალ საქმეში თავისი ძალები მოსინჯოს, აუცილებლად გაგინაწყენდებათ. გისაყვედურებთ, რომ მასში სერიოზული ტალანტი „ჩაკალით“.


ხშირად შეახსენეთ მეუღლეს თავისი ძლიერი მხარეები. უთხარით, რომ თუ მოინდომებს, მას გაცილებით მეტი შეუძლია, რომ ის არავიზე ნაკლები არ არის. შეეცადეთ, უფრო ხშირად დაინტერესდეთ მისი საქმეებით. იაქტიურეთ და გამოუცხადეთ სრული თანადგოქმა. იმ შემთხვევაში, თუ ხედავთ, რომ ვერ პოულობს საყვარელ საქმეს, ვერცერთ სფეროს ვერ მოერგო და წვალობს, არც უსაყვედუროთ და არც ეჩხუბოთ. მაქსიმალურად ამოიღეთ ლექსიკონიდან უხეში, დამამცირებელი სიტყვები ქმრის მისამართით. რაც შეეხება თქვენს გრძნობებს, გამოხატეთ, მაგრამ არა პრეტენზიების სახით და არასოდეს შეადაროთ სხვას. ნიშნის მოგება, რომ ვიღაცამ უფრო მეტს მიაღწია, ვიდრე მან, დამღუპველად მოქმედებს კაცის პატივმოყვარეობაზე. აი, ეს ყოველთვის გახსოვდეთ.


ზარმაცი თუ ხელმოცარული


რა უნდა ქნა, როცა ძვირფასი მეუღლე განსაკუთრებული აქტივობით არ გამოირჩევა და სიზარმაცესთან „მეგობრობასაც“ არ თაკილობს?! ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ „მამონტზე ნადირობას“ გადაეჩვევა?! ზოგადად, ამბობენ, რომ მამაკაცის გაზარმაცებას კარგი არაფერი მოაქვს და ახლავე აგიხსნით, რატომ: ჯერ ერთი, მამაკაცი ისეთი არსებაა, რომელიც სწრაფად ეჩვევა კონკრეტულ სიტუაციას და მერე რაღაცის რადიკალურად შეცვლა უჭირს. მეორე – მამაკაცს, რომელიც ლიდერის პოზიციებს თმობს და ნელ-ნელა უკანა პლანზე ინაცვლებს, აღარ უჩნდება აქტიურობის სურვილი. მყუდროდ მოიკალათებს თავის ნაჭუჭში, თავის ნიშაში და კმაყოფილია.


ანუ, თუ ხედავთ, რომ ქმარი მოთვინიერებული მტაცებელივით იქცევა, თუ ჩუმად კრუტუნებს და გეუბნებათ, რომ ყველაფერი თავისით შეიცვლება უკეთესობისკენ, დროს ნუღარ დაკარგავთ – რაც მთავარია, არ შეიცოდოთ. თქვენ მას ამით დაღუპავთ. არავითარი ენის მოჩლექა და თავზე ხელის გადასმა...
არ შეუქმნათ კომფორტი – არ დაუშვათ გამოუსწორებელი შეცდომა. აქტიურობა არ უნდა და სახლში ყოფნა ურჩევნია? რა პრობლემაა – ჩამოუწერეთ საოჯახო საქმეების სია და უთხარით, რომ თქვენთან ერთად უნდა გადაინაწილოს. იყავით მომთხოვნი და მშვიდი, მაგრამ არა კატეგორიული. პრეტენზიული ტონიც არ არის საჭირო.


დაელაპარაკეთ მეუღლეს მისი „ოცნების“ ენაზე. ელაპარაკეთ წარმატებულ ადამიანებზე. უთხარით, რომ მასაც შეუძლია, უამრავი კარგი საქმე გააკეთოს და გაიაქტიუროს ფარული ტალანტი. მამაკაცს მოსწონს, როცა უბიძგებენ აქტიურობისკენ. მთავარია, არ შეაჩვიოთ სიზარმაცეს და არ ჩააგონოთ, რომ ხელმოცარულია.


ოჯახი თუ კარიერა


თანამედროვე ქალი ვეღარ იქნება კმაყოფილი მხოლოდ ოჯახში წარმატებული დიასახლისის როლით და ეს სრულიად ბუნებრივია. ქალი, ისევე როგორც მამაკაცი, უნდა მიილტვოდეს პიროვნული რეალიზაციისკენ, რადგან, თუ ის არ დახარჯავს თავის პოტენციალს, დაუხარჯავი ენერგია აუცილებლად ტრანსფორმირდება აგრესიად. ასე რომ, ნუ დაუშლით ქალს, იპოვოს საკუთარი საქმე და აკეთოს ის. ხოლო როგორ შეუთავსებს ერთმანეთს კარიერას და ოჯახს, ეს უკვე ქალის ნიჭიერებასა და სურვილზეა დამოკიდებული.
მაინც, რომელი უნდა იყოს წინა პლანზე: ოჯახი თუ კარიერა? ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ შეცდომას ვუშვებთ, როგორც კი საკითხს ასე ვაყენებთ. იმიტომ რომ ხან ერთს დასჭირდება თქვენი ყურადღება ცოტა დიდი დოზით, ხან – მეორეს. ჭკვიანი ქალი ინტუიციით გრძნობს, კონკრეტულ მომენტში რომელს უნდა მიანიჭოს პრიორიტეტი. არაფერი დაშავდება იმით, თუ ზოგჯერ ჭურჭელი დარჩება გასარეცხი. ზოგჯერ წინა დღეს მომზადებული კერძის მირთმევაც შეიძლება ან რაიმეს სახელდახელოდ მომზადება. მთავარია, სწორად გადაანაწილოთ თქვენი შესაძლებლობები და ძალები. თუ ხედავთ, რომ ოჯახის წევრებს სჭირდებით, გადადეთ საქმე, როცა ამით არაფერი ფუჭდება და მოუსმინეთ მათ. ან სთხოვეთ, მოგცენ დრო, რომ დაასრულოთ საქმე, მერე კი მათ დაუთმობთ ყურადღებას. მთავარია, არ აავსოთ ისინი საყვედურებით. არ ეჩხუბოთ და არ გაუნაწყენდეთ, რომ მათ არ აინტერესებთ თქვენი საქმიანობა.


ერთი სიტყვით, მთავარია, არ დააყენოთ საკუთარი თავი არჩევნის წინაშე – ოჯახი თუ კარიერა. თქვენ ხომ ორივე გჭირდებათ. ორივე მნიშვნელოვანია და ორივეს თანაბრად უნდა მიუძღვნათ თქვენი დრო, ენერგია... ამისგან კი სიამოვნება მიიღოთ.


რომანტიკა ურთიერთობაში


ყველა ადამიანს აქვს გამოცდილება სიყვარულში. დღემდე ისევ გავრცელებულია სტერეოტიპი, რომ გრძნობაზე არ უნდა ვილაპარაკოთ. რა თქმა უნდა, ეს შეცდომაა. რადგან სწორედ იმაზე უნდა ილაპარაკო, რაზეც ფიქრობ და განიცდი.


ბევრი რამე შეიცვალა მის შემდეგ, რაც ჩვენი ბებიები და ბაბუები ფლირტის ბარათებით უმხელდნენ ერთმანეთს თავის გრძნობას. დღეს თამამად და გულახდილად ვსაუბრობთ ყველაფერზე და სწორედ ასე იგება მყარი ურთიერთობა.


რომანტიკა? დიახ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ აუცილებელი არ არის, შეყვარებულისთვის ბარათების წერა. უბრალოდ, მოუყევით თქვენ შესახებ, ესაუბრეთ თქვენს გრძნობებსა და ემოციებზე. თბილი, სასიყვარულო სიტყვები ხშირად უნდა ჟღერდეს. ამაში მოსარიდებელი არაფერია. პირიქით, ისინი მხოლოდ გაამყარებს თქვენს კავშირს. თანაც, ნურასოდეს გადადებთ სათქმელს, რადგან ხვალ შეიძლება, ძალიან გვიან იყოს და ინანოთ. ცხოვრება მარტივი მხოლოდ მაშინ არის, როცა გვერდით ერთგული და საყვარელი ადამიანი გყავს. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი: სიყვარულის უნდა გჯეროდეს. ის არსებობს და ისეთი ძლიერი გრძნობაა, სამყაროს შეცვლაც კი შეუძლია. მთავარია, თქვენ როგორ შეხვდებით.


შეიძლება, ერთხელ უკვე გაგაწბილათ ურთიერთობამ, რომანტიკა გულისტკენად შემოგიბრუნდათ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სიყვარული არ არსებობს. იქნებ, ის იშვიათობაა, მაგრამ თქვენთან აუცილებლად მოვა. მთავარია, დაიჯეროთ.

წყარო: თბილისელები