რომელ ხესთან სიახლოვეა ადამიანისთვის სიკეთის მომტანი და რომელთან – სახიფათო

  • თბილისელები
  • 16 ივლისი 18:19, 2018 წელი

სიცოცხლის ხანგრძლივობასა და კონკრეტულ ხეებთან კონტაქტს შორის პირდაპირი კავშირია.

სწორედ მათთან ურთიერთობით შეძლებს ადამიანი გაიხანგრძლივოს სიცოცხლე, თავი აარიდოს პრობლემებს, გამორიცხოს უდროოდ სიკვდილის ალბათობა და უბრალოდ, მოიპოვოს ჰარმონიული ცხოვრება ამქვეყნად.


ხეებთან ურთიერთობით ადამიანი ბევრ რამეს სწავლობს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზოგ ხესთან კონტაქტი სასარგებლოა, ზოგთან კი – მომაკვდინებელი.


ზოგადად, ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა დღეს თვალშისაცემად შემცირებულია. არადა, თუ გადავხედავთ ჩვენს წინაპრებს, ისინი საშუალოდ, 80-90 წლამდე ჯანმრთელები და შრომისუნარიანები იყვნენ. დღეს ადამიანები მთელ დროს საკუთარ ბინებში ატარებენ ან დილიდან საღამომდე ოფისებში მუშაობენ, შეზღუდულ სივრცში არიან გამოკეტილები და ვერც კი ამჩნევენ, ამით როგორ იმოკლებენ სიცოცხლეს. ძველად ხალხი გარკვეულ დროს ბუნების წიაღში ატარებდა, რადგან იცოდა, რომ მისგან სასიკეთო ენერგიებს იღებდა, იმუხტებოდა დადებითი ემოციებით და ასე შემდეგ. ჩვენი სიცოცხლის გახანგრძლივება, სწორედ ბუნებასთან, კერძოდ კი, კონკრეტულ ხეებთანაა კავშირში.
ხეებს სხვადასხვა სიდიდისა და ნიშნის ბიოენერგეტიკული ველები აქვთ. სხვათა შორის, ცნობილი ექსტრასენსები ენერგიას გარკვეული ხეებისგან იღებენ. კერძოდ, იმუხტებიან ხის ენერგიით და ავადმყოფი ადამიანების გამოსაჯანმრთელებლად და მათ სამკურნალოდ არა საკუთარ, არამედ მის ენერგიას ხარჯავენ. მაგალითად, ასეთია მუხის ხე. თუ ადამიანს საკუთარი ენერგიის დიდი დოზით ხარჯვა უწევს, დროდადრო უნდა დაიმატოს, შეივსოს, რათა თავადაც არ დაუძლურდეს. ამისთვის კი, აუცილებელია მუხის ხესთან კონტაქტი და მისი ენერგიით დამუხტვა. მუხის დადებითი ენერგეტიკული ველი ორ მეტრზე მეტია. რაც შეეხება სხვა ხეებს, მაგალითად, კაკლის ხე, ერთი მეტრი დადებითი ენერგეტიკული ველი აქვს, წიწვოვან ხეებს – მეტრ-ნახევარი, არყის ხეს კი – სამოცდაათი სანტიმეტრი.


ენერგეტიკული თვალსაზრისით, ყველაზე გამოუსადეგარი და ადამიანისთვის საშიში ხე ალვაა და მისი ეზოში ან სახლის მახლობლად დარგვა და გახარება არ არის რეკომენდებული. ალვის ხეს უარყოფითი ენერგია აქვს, ანუ ის, შეიძლება ითქვას, ფაქტობრივად, ხე-ვამპირია, რომელიც შთანთქავს მის ახლომახლო მყოფ ადამიანთა ენერგიას. ალვა ჩვენგან იმ ბიოენერგიის ნაწილს ითვისებს და გვართმევს, რაც წარმატებისა და წინსვლის გარანტია. ასე რომ, თუ არ გსურთ, უარყოფითი ენერგიით აავსოთ ორგანიზმი, მაშინ ამ ხესთან კონტაქტი მინიმუმამდე შეამცირეთ.


მუხისგან დადებითი ენერგიებით რომ დაიმუხტოთ, მას ზურგით უნდა მიეყრდნოთ, თვალები დახუჭოთ და დაახლოებით 10-15 წუთი არაფერზე იფიქროთ. ამ დროს არ შეიძლება რაიმე ნეგატიურზე ფიქრი ან საუბარი, რადგან ამას ხე გრძნობს და თქვენ მიმართაც უარყოფითად განეწყობა. მუხას დახმარება უნდა სთხოვოთ და საამისოდ განაწყოთ, სხვაგვარად, ის თქვენს დახმარებაზე უარს იტყვის. წიწვოვან და მუხის ხეებთან კონტაქტით მიღებული ენერგია დიდხანს გაგყვებათ და დაგეხმარებათ წარმატებების მიღწევაში. ვამპირი ხეები კი, აცლიან ძალას და უარყოფითი ენერგიით მუხტავენ ადამიანს, რაც, საბოლოო ჯამში, მათი წარუმატებლობის, უბარაქობისა და ხელმოცარულობის მიზეზია. ამიტომ, გირჩევთ, მეტი იაროთ ტყეში, ისუნთქოთ წიწვოვანისა და მუხნარის არომატი. ეს ყოველივე ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო და აუცილებელია.

წყარო: თბილისელები