მინდელის სახელობის შახტი დაიხურა

  • pia.ge
  • 16 ივლისი 12:48, 2018 წელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს და თანადგომას უცხადებს. 

როგორც პრემიერის სამძიმარშია ნათქვამი, სახელმწიფო ვერ დაუშვებს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაუცველობას.


პრემიერის გადაწყვეტილებით, მინდელის შახტი დაიხურა. 


"მინდელის სახელობის შახტში დღეს დილით მორიგი ტრაგედია დატრიალდა. მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებ ამ მძიმე წუთებში.


სახელმწიფო ვერ დაუშვებს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაუცველობას. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება შახტის დახურვის შესახებ. 


მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება და ყველა პასუხისმგებელი პირი დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით. შახტი არ განაახლებს მუშაობას,ვიდრე არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. 


შახტში დასაქმებულებს ამ პერიოდის განმავლობაში აუნაზღაურდებათ ხელფასი",-ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.


ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში, დღეს დილით, 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.


მინდელის შახტში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.


საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, მიმდინარე წელს შახტებში 11 ადამიანი დაიღუპა, 10 ადამიანი დაშავდა.


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge