ახალი რეგულაციების გამო ტექნიკის მაღაზიები იკეტება

  • რეზონანსი
  • 10 ივლისი 10:24, 2018 წელი

7 მაისიდან ახალი საბანკო რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, ტექნიკის მაღაზიებს ვაჭრობა გაუნახევრდათ.

პირებს, რომლებსაც შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა არ შეუძლიათ, სესხსა და განვადებაზე უარს ეუბნებიან. ტექნიკის მაღაზიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გაყიდული საქონლის დიდი ნაწილი სწორედ განვადებებზე მოდიოდა. როგორც ნავარაუდევი იყო, აღნიშნულმა რეგულაციებმა გავლენა ბაზარზე უკვე იქონია. საუბარია როგორც ბრენდულ ისე არაბრენდულ მაღაზიებზე. 


Bm.ge-მ სავაჭრო ცენტრ კიდობანში მდებარე მაღაზიების ნაწილი გამოკითხა: 


"ძალიან შემცირდა გაყიდვა. ბანკები არ იძლევიან სესხს. მივდივართ ხან ერთ ბანკთან, ხან მეორესთან და შედეგი არ არის. თავიდან, როცა არ იცოდნენ ამ რეგულაციების შესახებ მოდიოდნენ მაღაზიაში, ახლა აღარც მოდიან. დაახლოებით 60%-ით არის შემცირებული გაყიდვები", - აცხადებს ტექნიკის მაღაზიის მეპატრონე სალომე მზარეულიშვილი. 


"არავის აწყობს ირბინოს ცნობებზე. სწრაფ განვადებას იმიტომ აკეთებს ადამიანი, რომ 10 წუთში უნდა წაიღოს პროდუქცია და ეს დამატებით დისკომფორტს უქმნის. სახელფასო ბარათი ყველას ვერ ექნება, თუნდაც ძიძას, ტაქსს და ა.შ. ნახევარი საქართველო ტაქსაობს და ნახევარი ძიძაა და რა უნდა გააკეთონ ამ ადამიანებმა? მათაც ხომ სჭირდებათ მაცივარი, ტელეფონი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ა.შ.  ეს რეგულაცია ძალიან ცუდია დაბალი ფენისთვის", - ამბობს ტექნიკის მაღაზიის კონსულტანტი ია მაღრაძე.

წყარო: რეზონანსი