"თუ წულუკიანი გაუშვეს, იუსტიციის მინისტრი კახიშვილი გახდება"

  • რეზონანსი
  • 9 ივლისი 00:04, 2018 წელი

თუ წულუკიანს იუსტიციის მინისტრის პოსტის დატოვება მოუწია, დიდი ალბათობით მის ადგილს კახი კახიშვილი დაიკავებს, აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.

ოღონდ, მისი თქმით, ჯერჯერობით წულუკიანს არ გაუშვებენ, რადგან არასამთავრობოების "ყვირილის ფონზე კადრს იშვიათად ხსის ესა თუ ის ხელისუფლება".


რამაზ საყვარელიძე: თუ წულუკიანი არ დარჩა თანამდებობაზე, ვფიქრობ, რომ იუსტიციის მინისტრი კახი კახიშვილი იქნება. რადგან პროკურორობის კანდიდატის განხილვაში მისი გვარი არ ხსენებულა და ვვარაუდობ, რომ იუსტიციის მინისტრი შესაძლოა ის იყოს.


წულუკიანის წასვლა-არწასვლა ბევრ რამეზეა დამოკიდებული; ჩემი აზრით ცუდი სამსახური გაუწიეს ამ შემთხვევაში თავის თავს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რადგან ატეხეს ყვირილი წულუკიანის გაუშვებასთან დაკავშირებით. ასეთი ყვირილის ფონზე კადრს იშვიათად ხსის ესა თუ ის ხელისუფლება, რადგან ყველა მთავრობას უყვარს, როდესაც თავისი დამოუკიდებელი ნაბიჯით იღებს გადაწყვეტილებას და არა ვინმეს შეძახილებით.


თეა წულუკიანი თუ ახლა არ გაუშვეს, ეს ყველაფერი მის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის გამო იქნება. როდესაც გადაივლის ეს ყველაფერი, შესაძლოა თანამდებობა მაინც დაატოვებინონ, ოღონდ ისეთ კონტექსტში, სადაც წულუკიანის თანამდებობის შეცვლა, თვითონ ხელისუფლების ინიციატივად იქნება აღქმული და არა არასამთავრობოების ან ოპოზიციის მიერ.

წყარო: რეზონანსი