რის სანაცვლოდ სთხოვა მაიკო ებრალიძემ ღმერთს ხელისა და ფეხის დაკარგვა?

  • თბილისელები
  • 7 ივლისი 16:27, 2018 წელი

2017 წლის 16 ივლისს თურქეთში მომხდარმა ავარიამ მთელი საქართველო შეძრა.

ანსამბლ „ერისიონის“ „ლამპრების“ სტუდია თბილისიდან ბულგარეთის მიმართულებით მიემგზავრებოდა, როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა და ერთ-ერთი ბავშვის მშობელს, „იმედის გმირების“ პროდიუსერს, მაიკო ებრალიძეს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. მან ათი თვის თავზე შეუძლებელი შეძლო და ავტორბოლაშიც კი მიიღო მონაწილეობა.


– მანქანის მართვა რამდენ ხანში შეძელი, თან ისე, რომ ავტორბოლაშიც კი მიიღე მონაწილეობა?


– საქართველოში ავარიიდან ორი კვირის შემდეგ ჩამოვედი და უკვე გავიაზრე, რომ არ მაქვს მარცხენა კიდური და უნდა გავაგრძელო ცხოვრება, ჩემი შვილები უნდა ვატარო სკოლაში, ბაღში და ეს ყველაფერი უნდა მოვახერხო, ოღონდ არ ვიცოდი, როგორ შევძლებდი პროთეზზე დადგომას, წონასწორობის შენარჩუნებას, გამართული ვივლიდი თუ ვიკოჭლებდი. რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო და გამიჭირდა ამ აზრთან შეგუება, ამიტომ პირველი, რაც გავაკეთე, ექვსი თვის მერე მოვირგე პროთეზი, მანამდე ორივე კასტილით დავდიოდი, ცალი ფეხით. ორი თვის თავზე გამოვედი და დავჯექი საჭესთან. ავტოსპორტთან დაკავშირებით თუ რამ გამოჩნდება, მონაწილეობას ვიღებ. ეს ჩემი ჰობია და ვცდილობ, არ გამოვაკლდე. ადრეც ორჯერ მივიღე მონაწილეობა ამ სახეობაში. ეს ავტორბოლა ასეთი სლოგანით იყო, „ქალებს ყველაფერი შეუძლიათ“ და მე ჩემი კუთხით დავამატე – „შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს“... რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ, მაგრამ მაქვს ჩემი სისუსტეები, ჩემი ფიქრები, ჩემი განცდები იმ წარსულ ცხოვრებაზე, რასაც ვაკეთებდი, მაგრამ ეს არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ უკან დავიხიო და ხელი ჩავიქნიო.


– ახლა უკვე როგორ გაიხსენებ იმ განვლილ რთულ პერიოდს?


– ოპერაციიდან რომ გამომიყვანეს, მერე ვიფიქრე, ღმერთო, ნეტავ მარჯვენა ფეხი ჩემი მქონდეს-მეთქი. რომ დავხედე და დავინახე, რომ მარჯვენა ჩემი საკუთარი იყო, გამიხარდა, მივხვდი, რომ მანქანის ტარებას შევძლებდი. რაც საჭესთან ვზივარ, სულ მექანიკას ვმართავდი, მაგრამ ახლა ავტომატიკაზე გადავედი. მარჯვენა რომ მაქვს, ძალიან კარგია. მარჯვენით შევდივარ ყველგან, ყველა ოჯახში და ყველას ვეუბნები, არ შეგეშინდეთ მარჯვენით შემოვდივარ-მეთქი.


– მეუღლე როგორ გიდგას გვერდით?


– მარტო, საკუთარ თავთან რომ დავრჩებოდი, ვფიქრობდი, რომ უკვე აღარაფერი მინდა-მეთქი. მაგრამ თვალს რომ ვახელდი, თენგოს ვუყურებდი, იქ მარიამი მირეკავდა: დედიკო, ტელევიზორში გნახე, როდის ჩამოხვალო... ეს მომენტები თითქოს მაფხიზლებდა. მეუღლე საოცრად ძლიერი ყოფილა – გაუძლო თავად ამ ტრაგედიას და გამიძლო მე. იმ პერიოდში ეს მარტივი არ იყო. ხასიათების ცვალებადობა მქონდა, ხან კარგ ხასიათზე ვიყავი, ხან ცუდზე და ამ ყველაფერს ის ადეკვატურად ხვდებოდა. მე როგორც მინდოდა და სადაც მინდოდა, ზუსტად იქ იყო, იდგა და ელოდებოდა, რა გამახარებდა. მე წელს აგვისტოში გავხდები ორი წლის და ვამბობ: ხალხო, მე რომ ვკოჭლობ, არ გაგიკვირდეთ, იმიტომ რომ ორი წლის ბავშვმა წესიერად სიარული არ იცის, მეც არ ვიცი და დავხვეწ ნელ-ნელა. შარშან ჩემმა მეუღლემ ასეთი სიურპრიზი გამიკეთა – ტორტი შემომიტანა ერთი სანთლით, ეს იყო ჩემი ხელმეორედ დაბადება და ამიერიდან მე აღარ ვამბობ ჩემს ასაკს, მე ათვლის წერტილი მაქვს 2017 წლის 16 ივლისიდან და წელს ორი წლის გავხდები.


– ბავშვებმა როგორ მიიღეს ეს ამბავი?


– თავიდანვე ძალიან მაღელვებდა ბავშვების თემა, როგორ მიიღებდნენ ამ ამბავს: ვუხსნიდი ჩემს შვილებს, რომ ხდება ასეთი რაღაცები. მერე რა, ხელოვნურ ფეხს გავიკეთებ და იგივენაირად ვიქნები. ერთადერთი, ბარბარემ მითხრა – დედიკო, მანიკურს ხომ წაისვამო და სხვათა შორის, მე დღეს მისვია მანიკური, ბარბარე მისვამს მანიკურს იმ ფეხზე და ვცვლით ფერებს. ამ მომენტს გარკვეულწილად მივეჩვიეთ. ან მოხსნილი თუ მაქვს, ვეტყვი: დედი, ფეხი მომიტანე და ერთმანეთს ასწრებენ. მიეჩვივნენ – მერე რა, დედიკოს ხელოვნური ფეხი აქვს, მაგრამ დედიკო გადაადგილდება, მე მათთვის სრულყოფილი ვარ და ისინი ბედნიერები არიან.


– რაიმე წინათგრძნობა არ გქონდა?


– მქონდა წინათგრძნობა, საშინლად არ მინდოდა ბულგარეთში წასვლა და სანამ ავარია მოხდებოდა, ნახევარი საათით ადრე ჩემს შვილს გავუცვალე ავტობუსში ადგილი. მერე ჩემმა ნათესავმა გამახსენა, მე არც კი მახსოვდა: ავარიამდე რამდენიმე თვით ადრე, როდესაც მაია ასათიანს შვილი გარდაეცვალა, ვთქვი, ღმერთო, შვილის სიმწარეს ნუ მომასწრებ და თუ გინდა, ფეხი და ხელი დავკარგო-მეთქი. მერე გამახსენდა, ბებიაჩემი ამბობდა ხოლმე: ცუდი არ თქვათ, თორემ „მეამინე“ ჩამოივლის და შენს ნათქვამზე „ამინ“ რომ თქვას, აგისრულდებაო. მე ბედნიერი ვარ, რომ იქ ვიყავი ამ ავარიის დროს და შვილი ისე გადამირჩა, რომ ერთი ნაკაწრიც კი არ ჰქონდა. მადლობელი ვარ უფლის. ფეხი დავკარგე, მაგრამ, სამაგიეროდ, მან შვილი გადამირჩინა.

წყარო: თბილისელები