რამდენით გაუზრდიან მეტროს მემანქანეებს ხელფასს ?!

  • რეზონანსი
  • 6 ივლისი 12:12, 2018 წელი

მეტროს მემანქანეებმა სამდღიანი გაფიცვის შემდეგ მიიღეს პირობები, რომ მათი მოთხოვნების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკმაყოფილდებოდა.

სწორედ ამ მიზნით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც სათავეში "ერთობა 2013"-ში გაწევრიანებული ადამიანები უდგანან. გაერთიანებულ პროფკავშირებში ამტკიცებს, რომ მოთხოვნათა ნაწილის დაკმაყოფილება უკვე დაწყებულია და მათ ამის დასტური დედაქალაქის მერისაგან მიიღეს. ფაქტის შესახებ არაფერი იციან "ერთობა 2013"-ში. მათი თქმით, პირობების შესრულება 2019 წლიდან უნდა დაიწყოს.


"ერთობა 2013"-ში გაერთიანებული მემანქანეები კვირას, 4 ივნისს გაიფიცნენ და შიმშილობა დაიწყეს. შესაბამისად, 5 ივნისის დილით სამსახურში მისულმა მემანქანეებმა სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარეს. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო დედაქალაქში სამდღიანი სატრანსპორტო კოლაფსი. ჩიხური სიტუაციიდან გამოსავლისთვის შეიქმნა სამუშაო ჯგუფი და პირველი შედეგის მოლოდინიც მომავალი წლიდან გაჩნდა, თუმცა "საქართველოს პტროფკავშირების გაერთიანების" ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა ოფიციალურ "ფეისბუკგვერდზე" გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ამბობს, რომ რიგი შედეგები უკვე მიღწეულია და ამ ეტაპზე მეტის საშუალება არ არსებობს.


ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები მიიღებენ მთლიანობაში 2 მილიონამდე ლარის სარგებელს. მიღწეულ შედეგებს შორის აღსანიშნავია:


- მეტროს თანამშრომლებისთვის ღამის საათებში მუშაობის დანამატის 10%-იანი ზრდა;


- თანრიგების დაცვის სისტემის გაუქმება და იმავდროულად ტარიფების მატება: მე-6 თანრიგისთვის - 100 ლარამდე, მე-5 თანრიგისათვის - 70 ლარამდე და მე-4 თანრიგისათვის - 50 ლარამდე;


- საწარმოს სამსახურის ტექნიკური მეცადინეობების (გადამზადების) დრო, რომელიც ადმინისტრაციის ორგანიზებით ტარდება, თანამშრომლებისთვის თვეში ერთხელ ანაზღაურდება 20 ლარით;


- მეტროს თანამშრომლებისთვის, მეტროს პროფკავშირის შუამდგომლობით დაწესდება ყოველწლიური "საპატიო მეტროპოლიტენელი" წოდების მინიჭება, წამახალისებელი ფულადი ჯილდოს თანხლებით;


- კომპანიაში დასაქმებული ე.წ. "ბუქსირის" მძღოლებისთვის განისაზღვრება მავნე პირობებში მუშაობის დანამატი;


"ასევე, დეკემბერ-იანვარში გაფორმდება კოლექტიური შეთანხმება, რომელშიც ჩაიდება როგორც ძველი მიღწევები, ასევე ახალი სხვადასხვა საკითხი, რომლებიც გააუმჯობესებს კომპანიაში დასაქმებულთა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. მერმა სრული მზადყოფნა გამოთქვა დიალოგისთვის და სხვადასხვა პრობლემატური საკითხის პირადად მასთან განხილვაზე.


მიუხედავად იმისა, რომ მემანქანეების პროფკავშირმა და მათთან ერთად იმ სტრატეგიისა და გარკვეული მოქმედებების დამგეგმავმა ორგანიზაციებმა აბსოლუტური გამიჯვნა მოახდინეს დანარჩენ მძღოლებისა და მეტროს სხვა თანამშრომლების საჭიროებებზე, მე არ მიმაჩნია სამართლიანად, რომ მხოლოდ დასაქმებულთა იმ ადამიანების საჭიროებებზე ვისაუბროთ, რომლებიც ჩვენი წევრები არიან.


ამიტომ ქალაქის მერს შეხვედრაზეც და მანამდეც პირადად მივმართე თხოვნით, რათა მის მიერ გაცხადებული 2019 წლის იანვრის ნაცვლად, ახლავე გამოიძებნოს რესურსი და არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, გაუმჯობესდეს მეტროს მემანქანეების ყოფა და სოციალური მდგომარეობაც", - აცხადებს პეტრიაშვილი.


"რეზონანსმა" უცვლელად შემოგთავაზათ ტექსტი, რომელიც მეტროს თანამშრომლების სამუშაო პირობებთანაა დაკავშირებული, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ განცხადების შესახებ არაფერი იციან "ერთობა 2013"-ში. როგორც გამგეობის თავმჯდომარე რატი კაპანაძემ აღნიშნა, მათ არ აქვთ კომუნიკაცია პროფკავშირებთან და მოლაპარაკებებს უშუალოდ მერიასთან ახორციელებენ.


"ჩვენ ვმუშაობთ მერიასთან, რათა დაკმაყოფილდეს პირობები, რომლებიც მივიღეთ გაფიცვის შეწყვეტის სანაცვლოდ. არ ვფლობ ინფორმაციას, რა მოლაპარაკებებს ახორციელებდა პროფკავშირების გაერთიანება ან სხვა ნებისმიერი პირი ცალკე. რა თქმა უნდა, მივესალმები ყველა ნაბიჯს, თუ ის დასაქმებულების უფლებებს დაიცავს", - განუცხადა "რეზონანსს" რატი კაპანაძემ.


შეგახსენებთ, მეტროს მემანქანეები ითხოვდნენ: საპენსიო ასაკის დაწევას, პენსიის დანიშვნას სტაჟისა და დამსახურების მიხედვით, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, რადგან მეტროს მანქანები მოძველებულია და მათი ისედაც მძიმე სამუშაო პირობები უფრო მძიმდება. გარდა ამისა, უნდა მოწესრიგებულიყო ღამის გასათევი და მოსასვენებელი ადგილები, მოგვარებულიყო სამედიცინო დაზღვევის საკითხი, ხოლო ხელფასი უნდა გაზრდილიყო 45%-ით. თუკი პროფკავშირებისა და დედაქალაქის მუნიციპალიტეტის შეთანხმება საბოლოოა, გამოდის, რომ მემანქანეების ანაზღაურება მხოლოდ 10%-ით მოიმატებს და მეტროპოლიტენის თანამშრომლებს მეტის იმედი არც უნდა ჰქონდეთ.

წყარო: რეზონანსი