სამარხვო პროდუქცია სულ უფრო ნაკლებად იყიდება

  • რეზონანსი
  • 6 ივლისი 11:21, 2018 წელი

დედაქალაქში სუპერმარკეტების მეპატრონეები ჩივიან, რომ სამარხვო პროდუქცია, რაც დრო გადის, ნაკლებად იყიდება. მიუხედავად იმისა, რომ ახლა მარხვაა, მოთხოვნა დაბალია.

მრევლის ნაწილი ამბობს, რომ სამარხვო პროდუქცია ძვირია და სწორედ ამას აბრალებს მოთხოვნის სიმცირეს, თუმცა ფაქტია, რომ იმ ადამიანების რიცხვმაც იკლო, ვინც ხანგრძლივ მარხვას იცავს. მიზეზი სხვადასხვაგვარია, თუმცა აშკარად ფიგურირებს სოციალური პირობები.


საქართველოში სულიერ ცხოვრებას საზოგადოების უმეტესი ნაწილი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს. ბევრი ცდილობს, ეკლესიურად იცხოვროს და მარხვასაც იცავს. დროთა განმავლობაში ცვალებადი იყო ამ ადამიანების რიცხვი. იგი ხან იმატებდა, ხანაც იკლებდა. ბოლო დროს მრევლის ნაწილი ამბობს, რომ დიდ მარხვას სხვადასხვა მიზეზის გამო ვეღარ იცავს. ერთ-ერთი მათგანია 53 წლის ნინო მჭედლიძე, რომელიც დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლია. იგი ბოლო ორი წელია, ისე აქტიურად ვეღარ მარხულობს, რის გამოც ძალიან წუხს.


"დაახლოებით ოცი წელია, რაც ეკლესიაში სიარული დავიწყე და მუდამ აქტიურად ვიცავდი მარხვას, თუმცა ბოლო პერიოდში ძალიან გამიჭირდა, რადგან სახლში ექვსნი ვცხოვრობთ და ყოველთვის, როდესაც გრძელვადიანი მარხვის პერიოდია, ჩემთვის ცალკე ვერ ვაკეთებ საკვებს. საქმე ისაა, რომ მხოლოდ მე ვიცავ ოჯახში მარხვას და ეს ძალიან რთულია. ნებისყოფას არ ვგულისხმობ, ფინანსური თვალსაზრისით არის პრობლემა.


ერთი წლის წინ ისე გვიჭირდა, რასაც გავაკეთებდით საჭმელს, ვერც ვიწუნებდით, შესაბამისად, მე არ მქონდა არჩევანი. ძალიან ბევრს უთქვამს, რომ მარხვა სწორედ ისაა, რომ თუნდაც პური და წყალი მიირთვა. ძალიან კარგია, ვისაც ასე შეუძლია, თუმცა მე ვერ შევძელი, რასაც ძალიან განვიცდიდი. დიდმარხვის პერიოდში სულ ვცდილობ, პირველი და ბოლო კვირა და ოთხშაბათი-პარასკევი დავიცვა.


არ მიკვირს, რომ მაღაზიებში ნაკლებად იყიდება სამარხვო ტკბილეული. შეიძლება, ხალხს ეს დამატებით ფუფუნებად მიაჩნია და არც ყიდულობს ან ვეღარ აუდის ხარჯს. მემარხულეების რიცხვმა თუ იკლო, ამას ერთმნიშვნელოვნად ვერ დავაბრალებთ სოციალურ პირობებსა და გაჭირვებას, მაგრამ საკუთარ მაგალითზე ვამბობ, რომ ვინც არაა სულიერად ბოლომდე მტკიცედ, იქ უკვე ფინანსური მხარე დიდ როლს თამაშობს.


რაც უფრო მეტი მორწმუნე და მლოცველი ადამიანი იქნება ჩვენს ქვეყანაში, მით უფრო კარგად ვიგრძნობთ თავს. შესაბამისად, თუ ეს მართალია და სოციალურმა ფონმა ამ ყველაფერზეც იქონია ზეგავლენა, ძალიან სამწუხარო იქნება", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ნინო მჭედლიძემ.


სურსათის მაღაზიის მეპატრონეები ადასტურებენ, რომ სადისტრიბუციო კომპანიებს აღარ უკვეთავენ იმ რაოდენობის სამარხვო პროდუქციას, რამდენსაც ადრე. გაყიდვის მაჩვენებელმა შედარებით იკლო, თანაც სამარხვო პროდუქტი (განსაკუთრებით - ტკბილეული) გაძვირდა, რაც მოხმარების შემცირების ერთ-ერთი მიზეზიც არის. მიცკევიჩზე მდებარე ერთ-ერთი სუპერმარკეტის გამყიდველი ნათია ბოდაველი "რეზონანსთან" სწორედ ამ მიზეზებზე საუბრობს:


"ჩვენი სუპერმარკეტი არც ისე პატარაა და ძალიან ბევრი ხალხიც შემოდის. პირადი დაკვირებით შემიძლია ვთქვა, რომ იმდენი ადამიანი აღარ ითხოვს სამარხვო პროდუქტს, რამდენიც თუნდაც 3 წლის წინათ. ხუთი წელია, სხვადასხვა სუპერმაკეტში ვმუშაობ, დიდ ქსელებშიც მიმუშავია და ვიცი, დაახლოებით რა მოთხოვნაცაა.


სამარხვო ტკბილეული ნამდვილად არის გაძვირებული, ასევე ე.წ. ძეხვეულიც, რომელიც ბოსტნეულისგან არის დამზადებული. ვიცი ისეთი ადამიანები, რომლებიც მთელი მარხვის პერიოდში მსგავსი პროდუქტებით ამრავალფეროვნებდნენ რაციონს და ასე გაჰყავდათ ეს პერიოდი. ზოგს ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს ისეთი, რომ სჭირდება სხვადასხვა სახის საკვების მიღება და ვერ ამბობს უარს მარხვის დროსაც.


ახლა, მოგეხსენებათ, უმეტესობას რთული ფინანსური მდგომარეობა აქვს. შესაბამისად, იმ სახეობისა და რაოდენობის სამარხვო პროდუქციას, რა რაოდენობითაც ადრე შემოგვქონდა, აღარ ვიღებთ. ზაფხულში მარხვა შედარებით მარტივია, რადგან ხილი და ბოსტნეული იაფი და ხელმისაწვდომია. ყველაზე მეტი სამარხვო საქონელი აღდგომის დიდ მარხვაზე შემოგვაქვს და მაშინ ნამდვილად გვეყიდება. ალბათ სააღდგომო და საშობაო მარხვას უმეტესი ნაწილი იცავს", - აღნიშნა "რეზონანსთან" ნათია ბოდაველმა.


ისეთ სამარხვო პროდუქციაზე, რომელიც იაფია და უმეტესად ბურღულეულს მიეკუთვნება, ხალხი ფიქრობს, რომ ის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არ არის, იწვევს სხვადასხვა დაავადებას, შესაბამისად, მოთხოვნის სიმცირეს მსგავს პროდუქტებზე წინ შიშის გრძნობა უდგას. მარხვის პერიოდში ერთიორად იზრდება მოთხოვნა სოიოზე. არის თუ არა საქართველოში შემოტანილი სოიო ჯანმრთელობისთვის საშიში, ამის შესახებ მეცნიერები ვერ თანხმდებიან, თუმცა ბევრს მიაჩნია, რომ მისი მიღება სასურველი არ არის.

წყარო: რეზონანსი