გერმანული პრესა: ბრაზილიელი ფეხბურთელები დოპინგს სისტემატურად მოიხმარენ

  • რეზონანსი
  • 3 ივლისი 13:57, 2018 წელი

ჟურნალისტმა ხაიო ზაპპელტმა გადაიღო ახალი ფილმი „საიდუმლოები დოპინგის შესახებ - ბრაზილიის მე-12 მოთამაშე, ეშმაკობები საფეხბურთო ქვეყანაში", რომელიც მიუძღვნა ბრაზილიის საფეხბურთო გუნდსა და იქ არსებულ კანონდარღვევებს.

აღნიშნული ფილმი ტელეეთერში გამოვიდა მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალამდე ერთი დღით ადრე. შეგახსენებთ, რომ მერვედფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ბრაზილიისა და მექსიკის საფეხბურთო გუნდები და ის ბრაზილიის სასარგებლოდ ანგარიშით 2:0 დასრულდა.


ჟურნალისტმა საკუთარი გამოძიების საფუძველზე დაადგინა, რომ ბრაზილიელი, ასევე სხვა სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელები დოპინგს სისტემატურად მოიხმარდნენ. ამაში კი მათ სან-პაულოელი ექიმი მოჰამად ბარაკატა ეხმარებოდათ.


ფილმის მთავარ მოქმედ პირად იქცა ექიმი ბარაკატა, რომელსაც კავშირი აქვს ბევრ ბრაზილიელ ფეხბურთელთან, თუმცა ჟურნალისტი კონკრეტულად მხოლოდ ერთ სპორტსმენს, პერუს ნაკრების თავდამსხმელს პაულო გერრეროს ასახელებს. აღნიშნული ფეხბურთელი 2017 წელს კოკაინის მოხმარებისათვის უკვე იყო დისკვალიფიცირებული, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე მაინც დაუშვეს. სხვა ფეხბურთელების სახელები, რომლებიც მოხვდნენ ზაპპელტის „შავს სიაში" უცნობია.


გარდა ამისა, აღინიშნა, რომ ბრაზილიაში დოპინგის, აკრძალული პრეპარატების შეძენა მარტივია. ერთ საათიც კი არ არის საჭირო იმისთვის, რომ მიიღო რეცეპტი, რათა შეიძინო რომელიმე აკრძალული პრეპარატი.


შეგახსენებთ, რომ 2014-სა და 2016 წელს ხაიო ზაპპელტმა გამოუშვა ორი დოკუმენტური ფილმი რუსეთში დოპინგის მოხმარებასთან დაკავშირებით, რამაც გამოიწვია რუსეთის მიერ შექმნილ „არასასურველ პერსონათა" სიაში მისი მოხვედრა. მოგვიანებით შეთანხმება მოხერხდა, მაგრამ ზაპპელტი მაინც არ ჩავიდა რუსეთში უსაფრთხოების დაცვის მიზნით.


რუსეთში ჟურნალისტი უნდა დაეკითხათ იმ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც აღიძრა მსოფლიოს ანტიდოპინგის სააგენტოს ინფორმატორის გრიგორია როდჩენკოვას წინააღმდეგ.

წყარო: რეზონანსი