ღირს თუ არა თქვენი ურთიერთობა

  • თბილისელები
  • 2 ივლისი 17:00, 2018 წელი

დროდადრო, ალბათ, ყველა ვეკამათებით პარტნიორს, მაგრამ როგორ უნდა გავიგოთ, ღირს თუ არა ურთიერთობის გაგრძელება? როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ის სწორედ ის ადამიანია, რომელიც მართლა გვჭირდება?

ჩევნ დაგეხმარებით იმის გარკვევაში, თუ რამდენად ძლიერია თქვენი ურთიერთობა, ასევე, ისწავლით პრობლემების დაძლევასაც.


* დაუკვირდით, რას ამბობთ. ყველა თქვენი დაპირება ნამდვილია?


მაგალითად, ჯანსაღ ურთიერთობაში ადამიანები თავს დაცულად გრძნობენ და ერთმანეთის სჯერათ. მაგრამ ამაზე საუბარიც კი, ზედმეტი იქნება, თუ ერთმანეთისთვის მიცემული დაპირებები ავიწყდებათ. პარტნიორი მაშინვე ეჭვით ივსება და ფიქრობს: როგორ შეიძლება ასეთ ადამიანზე დაყრდნობა? ძალიან მნიშვნელოვანია, პატივი სცეთ პარტნიორის გრძნობებსა და სურვილებს. ნუ დადებთ ისეთ პირობას, რასაც ვერ შეასრულებთ.


* ურთიერთობა ჯანსაღია, როცა არ ცდილობთ ერთმანეთის შეცვლას.
ზრდასრული და მოსიყვარულე პარტნიორები ერთმანეთს ისეთებად იღებენ, როგორებიც არიან. ცუდ ურთიერთობაში კი წყვილი მუდმივად ცდილობს ერთმანეთის შეცვლას. არასდროს არიან კმაყოფილები და ეს საშინელებაა. ვერასდროს იქნებით ბედნიერი, თუ პარტნიორის საუბარს, ფიქრს, მოქმედებებს ყოველთვის არასწორად აღიქვამთ და არ შეეცდებით გაუგოთ მას.


* დაფიქრდით, შეგიძლიათ მომავალ გეგმებზე მშვიდად საუბარი?


თუ თქვენი მომავლის ერთად დაგეგმვა არ შეგიძლიათ, ყველა ცდა ჩხუბით მთავრდება და კამათის გარეშე ვერ ახერხებთ რამეზე შეთანხმებას, მაშინ თქვენ, უბრალოდ, არ გჯერათ ერთმანეთის. შეხედეთ რეალობას – ამ ტიპის ურთიერთობას მომავალი არ აქვს. ადრე თუ გვიან ის აუცილებლად დასრულდება. უბრალოდ, დროა საჭირო.


კარგ ურთიერთობაში პარტნიორები მომავალს უშიშრად უყურებენ და ეს მათ აერთიანებთ.


* თუ თქვენ არ აკონტროლებთ ერთმანეთს, ჩათვალეთ, რომ გაგიმართლათ.
კარგ ურთიერთობებში ადამიანებს არ აქვთ მანიაკური სურვილი, გააკონტროლონ პარტნიორის ცხოვრება. ამგვარი ქცევა ზოგს შეიძლება, ზრუნვად მოეჩვენოს, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ყველაფრის კონტროლი უყვართ. ყოველ ადამიანს აქვს პირადი სივრცე და საზღვრები, პატივი ეცით ამას.


* თუ ორივეს განსხვავებული ჩვევები გაქვთ და შეთანხმებას ვერ აღწევთ ან არც კი ცდილობთ, მიხვიდეთ კონსესუსამდე, ასეთი ურთიერთობა ჰარმონიული ვერ იქნება. ადამიანები, რომლებიც ერთმანეთზე ზრუნავენ, ყოველთვის გამონახავენ გზას, დააბალანსონ სიტუაცია ისე, რომ ორივე მათგანმა ურთიერთობაში კარგად იგრძნოს თავი.


ყოველთვის გახსოვდეთ: თქვენი ცხოვრება ვერ იქნება მშვიდი და კომფორტული, თუ იმის საშუალებაც არ გაქვთ, დაელაპარაკოთ პარტნიორს. ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ, გულში არ იტოვებენ სათქმელს.


* ერთმანეთით უნდა ამაყობდეთ.
თუ საყვარელი ადამიანის მიღწევები არ გახარებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ურთიერთობა განწირულია. ბედნიერ ოჯახში პარტნიორები გულწრფელად გახარებულები არიან ერთმანეთის წარმატებით და მეორე ნახევრის უმნიშვნელო გამარჯვებაც კი საკუთარივით აბედნიერებთ.


თუ გინდა, ქალი გაიცნო


დავიწყოთ იმით, რომ ქალი 20 პროცენტით უფრო მეტ განსხვავებულ ფერსა და ჩრდილს ხედავს, ვიდრე მამაკაცი. მამაკაცებმა სუსტი სქესის შესახებ ბევრი არაფერი იციან. ეს მათი შეცდომაა და ძალიან უშლით ხელს ურთიერთობაში. მეტი ინფორმაცია არც მათ აწყენთ და არც ქალბატონებს.


* ნუ დააძალებთ ქალბატონებს ალკოჰოლს. ქალის ორგანიზმს არ შეუძლია ალკოჰოლის მავნე ზემოქმედებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ამიტომ ალკოჰოლი უფრო ადვილად აზიანებს ქალის ღვიძლს. კიდევ უფრო მეტად – ტვინის ფუნქციონირებას და ფსიქიკურ პრობლემებს წარმოშობს.


* მამაკაცების უმრავლესობისთვის მოწიფული ქალი უფრო მომხიბვლელია და ეს ოიდიპოსის კომპლექსს არ უკავშირდება. ქალს ზდასრულ ასაკში უფრო ქალური ფორმები უყალიბდება, ამიტომაც მამაკაცებისთვის უფრო მიმზიდველი ხდება.


* ქალებს არ უყვართ გარისკვა. ისინი, მამაკაცებთან შედარებით, ნაკლებად იღებენ საეჭვო გადაწყვეტილებებს და ამ ყველაფერს მეცნიერული ახსნა აქვს. ქალის ტვინის ის ნაწილი, რომელზეც დამოკიდებულია გადაწყვეტილების მიღება, მამაკაცის ტვინისგან განსხვავებულია, ამიტომაც ქალი რისკის გაწევას ფიქრს და ანალიზს ამჯობინებს.


* დადგენილია, რომ ქალის გვერდით მამაკაცი წონაში იმატებს – როცა ურთიერთობა ხანგრძლივია. ქალებს ხომ უყვართ ზრუნვა თავიანთ მეორე ნახევრებზე. ამიტომ პარტნიორებს სხვადასხვაგვარ გემრიელ საჭმელებს უმზადებენ. თუმცა არსებობს სხვა მიზეზიც. მკვლევრები ამბობენ, რომ ქალს ქვეცნობიერად სურს, მისი საყვარელი მამაკაცი ნაკლებად მიმზიდველი იყოს სხვა ქალებისთვის. ამიტომ ასუქებს.


* ქალების უმეტესობისთვის კომფორტზე მნიშვნელოვანია, ეცვას მოდურად – ამას არ სჭირდება მეცნიერული ახსნა. ალბათ, გარშემო ხშირად გინახავთ ქალი, რომელიც კომფორტულად სიარულს ძალიან მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმას ამჯობინებს. ურჩევნია, იტანჯებოდეს, სამაგიეროდ, მოდურად გამოიყურებოდეს.


* ქალს გამძაფრებული აქვს ყნოსვის შეგრძნება.


* ქალის ტვინი, საშუალოდ, 9 პროცენტით უფრო პატარაა, ვიდრე მამაკაცის, მაგრამ ეს შემეცნებით უნარებზე გავლენას ვერ ახდენს, რადგანაც უჯრედები იმავე რაოდენობისაა, უბრალოდ, უფრო მჭიდროდაა განლაგებული. ასე, რომ მამაკაცებს ტყუილად უხარიათ – მოცულობით პატარა ტვინი ბევრს არაფერს ნიშნავს. ამის მაგალითია გამომგონებლი ქალები – ქალებს არაერთი გამოგონება უკავშიდებათ. მათ შორის ჭურჭლის სარეცხი მანქანის. ის 1887 წელს ჟოზეფინა კოქრენმა გამოიგონა. 1903 წელს კი მერიან დერსონმა ავტომობილის საქარე მინის საწმენდი გამოიგონა. გავიხსენოთ, თუნდაც მარია კიური.


* ალბათ, არ იცით, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი თავდაპირველად მამაკაცებისთვის შექმნეს – ხოლო 1600 წელს ფეხსაცმელი ქალებმა მოირგეს.


* უდავოა, რომ ქალებს უკეთესად შეუძლიათ ადამიანების ამოცნობა. ისინი მამაკაცებზე უკეთ ხვდებიან, რა იმალება ადამიანების მიმიკის, ჟესტიკულაციის მიღმა.

წყარო: თბილისელები