ემუქრება თუ არა ქათმის გრიპის ახალი შემოტევა საქართველოს?

  • რეზონანსი
  • 27 ივნისი 10:31, 2018 წელი

რუსეთში ქათმის გრიპმა იფეთქა, საფრთხე გაჩნდა მეზობელ ქვეყნებშიც. ეპიდემიის გამო აზერბაიჯანმა რუსეთიდან ქათმის იმპორტი აკრძალა.

რაც შეეხება საქართველოს, ამ მხრივ გადამწყვეტი ნაბიჯებისთვის ჯერ არც ერთ უწყებას არ მიუმართავს. სურსათის უვნებლობის სამსახურში ამბობენ, რომ ჩვენთან ნებისმიერი ხორცი მხოლოდ ინსპექტირების გავლის შემდეგ შემოდის. ასე რომ, ადგილობრივ ბაზარზე ფრინველის ხორცის შეზღუდვა არ მოხდება.


რამენიმე წლის წინ ქათმის გრიპი საქართველოშიც მძვინვარებდა. ამის გამო ფრინველის ხორცის წარმოება და მოხმარება მინიმუმამდე შემცირდა. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, დღეს მისი გავრცელების საშიშროება თუნდაც მეზობელი ქვეყნიდან არ არსებობს. საქართველოს მეფრინველეობის განვითარების ასოციაციაში კი არ არიან დარწმუნებულნი, რომ ეპიდემიისგან ამჯერად დაცულნი ვართ, ამიტომ საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება, რომ წლების წინანდელი კოლაფსი არ განმეორდეს.


ამასობაში აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარული კონტროლის სამსახურმა რუსეთის ტერიტორიიდან ქათმებისა და საფრინველე პროდუქციის ქვეყანაში შეტანა აკრძალა. დროებითი ემბარგო ბაქოში ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გაფრთხილების შემდეგ შემოიღო. ამის მიზეზი მოსკოვსა და მის ოლქში ქათმის გრიპის ეპიდემია გახდა. დაავადება გამოვლინდა ასევე ორლოვის, კურსკის, პენზისა და რუსეთის სხვა რაიონების ფერმებში.


რუსეთის სანიტარიული უწყება კი ამტკიცებს, რომ ეს ეპიდემია სეზონურია, პროგნოზირებადი იყო და დაავადება მოსახლეობისათვის საფრთხეს არ შეიცავს.


"ამ გრიპით მხოლოდ ფრინველები ავადდებიან და ადამიანს ის საფრთხეს არ უქმნის. კერები ლოკალიზებულია და ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ყველა ზომასა და საშუალებას მივმართავთ", - აცხადებენ უწყებაში.


მეზობელ ქვეყანაში ქათმის გრიპის შემთხვევას საქართველოს მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი ეხმაურება. როგორც მან "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, ჩვენი საზღვარი ყველაზე დაუცველია და ვისაც კი სურვილი გაუჩნდება, ნებისმიერი პროდუქტის შემოტანა შეუძლია. სწორედ ამის გამო ახლა მომეტებული ყურადღება გვმართებს.


"რუსეთიდან ჩვენთან შემოდიოდა ქათმის ბარკლები, ახლა არ ვიცი, რა ვითარებაა, შეიძლება აღარ შემოდის, მაგრამ აკრძალვით არავის აუკრძალავს. რუსეთი არც ისე ძლიერადაა წარმოდგენილი ჩვენს ბაზარზე, რადგან ძალიან მაღალია ამ ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის ფასი. რამდენიმე დასახელება ჩემთვისაც აუხსნელი მიზეზით არის ძალიან ძვირი, მათ შორის ქათმის ხორცი, ნაყინი და სხვა პროდუქტი.


ჩვენი საზღვარი დაუცველია და ვისაც კი სურვილი გაუჩნდება, ნებისმიერი ქვეყნიდან ნებისმიერი პროდუქტის შემოტანა შეუძლია. რაც შეეხება "ქათმის გრიპს", თუ ის მართლა გავრცელებულია რუსეთში და ამ მიზეზით აზერბაიჯანმაც აკრძალა საქონლის შეტანა, ჩვენი ქვეყანა დგას საფრთხის წინაშე. მე არ მაქვს ინფორმაცია, საზღვარი რუსული პროდუქციისთვის დაკეტილია თუ გახსნილი, მაგრამ დღევანდლამდე ნამდვილად ღია იყო და შემოდიოდა პროდუქტი. ახლა საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება და კონტროლი", - განაცხადა უჩუმბეგაშვილმა.


სურსათის ეროვნულ სააგენტოში პანიკის საფუძველს ვერ ხედავენ. როგორც სეს-ში "რეზონანსს" განუცხადეს, რუსეთიდან საქართველოში ქათმის ნაწარმი, ფაქტობრივად, არ შემოდის. სააგენტოს წარმომადგენელი თეა შველიძე აღნიშნავს, რომ ყველანაირი ხორცისა და ხორცპროდუქტების იმპორტი, რომელიც კი საზღვარს კვეთს, მხოლოდ ინსპექტირებული საწარმოებიდან ხდება.


"ჩვენთან რუსეთიდან არ შემოდის ქათმის ხორცი. გარდა ამისა, საქართველოში ყველანაირი ხორცისა და ხორცპროდუქტების იმპორტი, მხოლოდ ინსპექტირებული საწარმოებიდან ხდება. ასე რომ, ამ მხრივ საფრთხე არ არსებობს.


რუსეთიდან ფრინველის ხორცი არ შემოდის, ყოველ შემთხვევაში, წელს არ შემოუტანიათ, თუმცა რომც შემოვიდეს, საშიშროება არ არსებობს, რადგან ინსპექტირება და კონტროლი მაღალ დონეზე ხორციელდება", - განუცხადა "რეზონანსს" თეა შველიძემ.


 

წყარო: რეზონანსი